Belive

ლიონელ მესი - გენიოსის გაბრწყინება

3 წლის წინ ფეხბურთი
16 წთ
უკვე მოძველებულ დებატებში, რომლებიც ფანების ტვიტებისა და თხის (G.O.A.T) "ემოჯებში" გამოიხატება, ლიონელ მესი ჯადოქრადაა შერაცხული, რომელიც ნიჭმა მწვერვალზე აიყვანა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ მძიმე შრომის განსახიერებად იქცა. ორი მხარე ხატავს ორ განსაკუთრებულ, დიდებულ გზას თავიანთ არგუმენტებში, სადაც ტალანტი და მძიმე შრომა ექსკლუზიურია და ერთმანეთის გზებს არ კვეთს. როდესაც ეს "დიაგნოზი" თითქოს უსამართლოდ გვეჩვენება ორივე ფეხბურთელის მიმართ, აბსოლუტური გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ბიჭს, რომელსაც ზრდის ჰორმონების ნაკლებობის დიაგნოზი დაუსვეს და რომელსაც ოჯახის წევრებამდე ათასობით მილი აშორებდა, მარტივი გზა ჰქონდა როსარიოდან ბარსელონამდე და ასე ავიდა მწვერვალზე. როგორც სხვა არაერთი სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავის, მესის აღზრდაც მოკრძალებულად მიმდინარეობდა. მან საყვარელ გუნდში თამაშის ოცნება 6 წლის ასაკში აიხდინა, როდესაც "ნიუელს ოლდ ბოისში" ჩაირიცხა. მაგრამ ბევრი ბავშვისგან განსხვავებით, ლეოს ფეხბურთზე სიარულში მის მშობლებს წვლილი არ მიუძღვით, ეს მისი ბებია სელია რივერა იყო, ვინც მესი პირველად წაიყვანა ვარჯიშზე და მშობლები მისთვის ბუცების შეძენაში დაარწმუნა. სელია მანამდე გარდაიცვალა, სანამ თავისი წინასწარმეტყველების ახდენას მოესწრებოდა, რომ მისი შვილიშვილი მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა, თუმცა ლეოს ის არასდროს ავიწყდება, ამისი მანიშნებელი კი გოლის შემდგომ ცაში აღმართული თითებია. საწყის წლებში მესის სიმაღლე დიდი დაბრკოლებას არ ქმნიდა, ის "ნიუელსის" დაუმარცხებელ მეტოქეებს აბრმავებდა, ხოლო შესვენებებზე გულშემატკივარს ბურთის კენწვლით აოცებდა.
"როდესაც მას დაინახავდით, იფიქრებდით რომ ბურთს საერთოდ ვერ შეეხებოდა. ლიონელი ჯუჯა იყო, ადვილად დამტვრევადი, ძალიან პატარა. მაგრამ შემდეგ აანალიზებდი, რომ ის ფენომენია და უბრალოდ განსხვავებული დაიბადა, სულ რამდენიმე წამში კი რაღაც განსაკუთრებულს შემოგთავაზებდა." - იხსენებდა მესის მწვრთნელი ადრიან კორია, ლუკა კაიოლის წიგნში "ისტორია ბიჭზე, რომელიც ლეგენდა გახდა"
11 წლის ასაკში მესი მხოლოდ 127 სმ. იყო, და ექიმებმა მას ჰორმონების ნაკლებობის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობა ყოველდღიური ინექციების სახით დაინიშნა, რაც თვეში 1000$ ჯდებოდა, ზუსტად ამ თანხის გადახდა შეეძლო ლეოს მამის - ხორხეს დაზღვევასაც, თუმცა აუცილებელი სამიდან მხოლოდ ორი წლის მანძილზე.
" ღამე ფეხებში შპრიცს მიკეთებდნენ და ასე ვიძინებდი, ასე იყო შემდეგ ღამესაც, იმის შემდეგ ღამესაც, ყოველღამე სამი წლის მანძილზე, ხალხი ამბობდა, რომ სკოლაში, მინდორზე, ყველგან სადაც დავდიოდი, ყველაზე პატარა ვიყავი. ასე იყო მანამ, სანამ მკურნალობას არ მოვრჩი" - იხსენებს მესი გიიომ ბელაგის წიგნში "მესი"
messi4-1024x816
  "ნიუელსი" მესის ოჯახს დაჰპირდა, რომ მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებდა, თუმცა ეს პირობა არ შეასრულა, "რივერ პლეიტს" ჰქონდა შანსი, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აეღო, თუმცა არგენტინაში იმ პერიოდში გამეფებული ეკონომიკური კრიზისის გამო, ეს ვერც მან შეძლო. მესის არამხოლოდ ძალის და ზრდის პრობლემა ჰქონდა, მიხედვა ესაჭიროებოდა მის იმუნურ სისტემას, კანს და კბილებს. 13 წლის ასაკში ლეოს უკვე ორი წარმომადგენელი ჰყავდა - ფაბიან სოლდინი და მარტინ მონტერო, რომლებიც მესიზე ევროპულ კლუბებს ესაუბრებოდნენ. ორივეს ახლო კონტაქტი ჰქონდა ჰორაციო გაჯიოლისთან, ესპანეთში მცხოვრებ აგენტთან, რომელსაც მესის ტალანტი ჯოჯოხეთურად აინტრიგებდა. "ბარსელონას" სატრანსფერო აგენტთან, ხოსეპ მარია მინგუელასთან საუბრის შემდეგ, გაჯიოლიმ ორგანიზება გაუწია მესის კატალონიაში ჩამოყვანას და მასზე დაკვირვება დაიწყო. "ბარსელონას" წარმომადგენლები მაშინაც არ იყვნენ დარწმუნებულნი ტრანსფერში, როდესაც ლეო ბურთით ნახეს. მესი ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა, როგორებიც ხერარდ პიკე და სესკ ფაბრეგასი იყვნენ. მათ ლეოს -  El Mudo -  "ჩუმი" - შეარქვეს.
" ის ძალიან მორცხვი და ძალიან, ძალიან პატარა, გამხდარი ბიჭი იყო. ვცდილობდით პასი ხშირად მიგვეცა, რომ გახსნილიყო და ჩვენთან თავი კომფორტულად ეგრძნო. თითქოს იცი, ხედავ რომ მარცხნივ მოდის, ეს ასეც ხდება, მაგრამ შენ მაინც ძირს ეცემი. ასეთი ვარჯიში გვქონდა 1-1-ზე თავის დაცვა, მცველი კარიდან გამორბოდა და მეორე მოთამაშისთვის ბურთის ართმევას ცდილობდა, რომელიც მას უტევდა, თავიდან ჩემი მეწყვილე მესი იყო, თუმცა შემდეგ შევცვალე, ამდენი სირცხვილი აღარ მინდოდა" - განაცხადა სესკ ფაბრეგასმა TyC-თან საუბრისას
მაშინ, როდესაც "ბარსას" ბედი ლუის ვან გაალის ხელში ილეოდა, მინგუელამ დაიჟინა, რომ მესი კლუბში, სიდნეის ოლიმპიადიდან ტექნიკური დირექტორის, კარლეს რექსაჩის დაბრუნებამდე უნდა დარჩენილიყო. რექსაჩს დააგვიანდა, თუმცა პირველივე მატჩის მსვლელობისას დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ მესიზე თავისი აზრი ჩამოეყალიბებინა. ის პრაქტიკულად ეხვეწებოდა დირექტორთა საბჭოს, რომ დაეტოვებინათ მესი, ამავდროულად ხორხე მესის მოთმინებაც იწურებოდა, რადგან კლუბი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ იღებდა გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ არ გამეორებულიყო ისტორია, რაც იქამდე არაერთხელ მომხდარა, რექსაჩი გაჯიოლისა და მინგუელას ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა და მესის პირველი კონტრაქტი ხელსახოცზე დაწერა. ის "ლა მასიაში" ჩაირიცხა და კლუბი სრულად ფარავდა მისი მკურნალობის ხარჯებს. თითქოს ყველაფერი იდეალურად მოჩანდა, მაგრამ ესპანეთში გადაბარგებიდან 6 თვის თავზე, ოჯახი უკან დაბრუნებას განიხილავდა, რადგან, ესპანური კანონი და "ნიუელსთან" შეთანხმება, მესის ასაკობრივ მატჩებში მონაწილეობის მიღებას უკრძალავდა.  
  მესი ვერ უმეგობრდებოდა თანაგუნდელებს, მოედანზე მისი ყოფნა კი ხშირად ტრავმით მთავრდებოდა. მისი ოჯახი კი ვერ ეგუებოდა ქალაქს. დედ-მამის, ძმებისა და დის სიტუაციის გამო ლეოს სთხოვეს რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. და მალევე მესის ოჯახი არგენტინაში აღმოჩნდა, თუმცა ლეოსა და მამამისის გარეშე. ოჯახი გაიყო - მსხვერპლი, რომელიც მესის არ უნდოდა, თუმცა მაინც მოუწია მისი გაღება. და-ძმებისა და დედის გარეშე მესიმ ჩაკეტილ ცხოვრებას მიჰყო ხელი, თითქმის უმეგობროდ დარჩენილი "უცხოპლანეტელი" იზოლაციაში გადაეშვა. თუმცა ნელ-ნელა მესის თავზეც  დაიწყო ცამ მოწმენდა, და 2002 წლის თებერვალში ყველა სამართლებრივი პრობლემა მოგვარდა, 14 წლის მესი ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციაში დარეგისტრირდა და უფლება მიიღო რომ მატჩებში მონაწილეობა მიეღო. 2 თვის შემდეგ მესი გუნდთან ერთად იტალიაში, "მაესტრელის" ტურნირზე გაემგზავრა, გუნდში იყვნენ ოდნავ უფროსი წევრებიც - პიკე და ფაბრეგასი, ისინი გუნდის ყველა ახალ წევრს "პრენკს" უწყობდნენ - და მესი გამონაკლისი არ ყოფილა ...  
"პიკემ გადაწყვიტა მესის ოთახში შესულიყო და ყველაფერი გარეთ გამოეტანა, თითქოს ის გაძარცვეს. როდესაც სადილის დრო მოვიდა პიკე გვიან შემოგვიერთდა, სანამ ყველა ვსადილობდით, მან ოთახიდან ყველაფერი გამოიტანა, მესის "ფლეისთეიშენი", მისი ფორმების ჩანთა - ყველაფერი. როდესაც უკან ვბრუნდებოდით ყველა მესის ვაკვირდებოდით. ის მორცხვი, ჩუმი ბიჭი იყო. ოთახში შეიხედა და რეაქცია არ ჰქონია, უბრალოდ სახე გაუშეშდა და ხელები თავზე მოიკიდა. ამის შემდეგ ჩვენ მას ვუთხარით რომ მსგავს ხუმრობებს ყველას ვუწყობდით. ლეო ამის შემდეგ ურთიერთობაში გაიხსნა" - ეს ამბავი ვიქტორ ვასკესმა FourFourTwo-ს მოუყვა  
  თუ საკმარისად კარგად ჩაეძიებით, მესის ამბავსაც შეიტყობთ რომელიც მან ფინალში "პარმასთან" დაატრიალა. რეჟისორებს უყვართ კადრები სადაც გმირი ვერცხლისწყალივით შეიჭრება ვარდნის მოსურნე მცველთა რიგებში, მათ გასცდება და გადამწყვეტ გოლს გაიტანს. მესის არანაირი ზედმეტი გადაღება, სცენარი და მსახიობები არ სჭირდებოდა. ლეოს სისწრაფეები, თავაწეული ბურთის ფლობის უნარი ეს ყველაფერი მომდევნო 18 წელში კიდევ უფრო კარგად ვიხილეთ, თუმცა იმ ტურნირზე ამ ყველაფერმა "ბარსას" თასი, ხოლო მესის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოუტანა. სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო, ლიონელი თითქოს უნდა ჩამორჩენოდა თანატოლებს, მაგრამ არა, ის პოულობდა სივრცეებს ნახევარდაცვაში, დაცვაში, უტევდა, იტანდა გოლებს, ვერცხლისწყალივით იყო. იმ სეზონში მან "ბარსელონას" კადეტების გუნდში 30 მატჩში 36 გოლი გაიტანა და მალე "ლა მასიას", "ბარსელონასა" და სრულიად ესპანეთის სალაპარაკო თემა გახდა. მეტოქეები ცდილობდნენ, რომ ის უბრალოდ დაემტვრიათ და ასე დაეტოვებინათ მოედანს მიღმა. 18 წლის შემდეგაც კი, უკეთესი გზა მესის შესაჩერებლად ვერავინ იპოვა. და მაინც, როგორ შევაჩეროთ მესი? ეს კითხვა მუდამ ისმის წინასამატჩო პრესკონფერენციებზე, თუმცა იურგენ კლოპიდან დაწყებული ზინედინ ზიდანით დამთავრებული, ყველა ისე იყურება ამ შეკითხვაზე როგორც უსწავლელი მოსწავლე ფიზიკის გაკვეთილზე, ამას მესის ქება მოჰყვება ხოლმე, პასუხი კი მუდამ ერთია: "ჩვენ ჩვენს თავზე ვართ კონცენტრირებულნი".  "ბარსას" 87-იანების თაობა კატალონიის ლიგაში "ესპანიოლს" ხვდებოდა. მესის პირველივე ტაიმში დაეჯახნენ და ყბის ძვალი გაუტეხეს, ის თამაშს გამოეთიშა. "ესპანიოლი" იმედოვნებდა, რომ მესი ვერც 1 კვირის შემდგომ, ამჯერად უკვე კატალონიის თასისთვის გასამართ შეხვედრაში იასპარეზებდა, თუმცა ლიონელი სხვანაირად ფიქრობდა, მესი "მონჟუიკზე" მაინც გამოჩნდა... ეს მატჩი ისტორიაში "ნიღბის მატჩის" სახელითაა შესული, ლეომ ბევრი თხოვნის შემდეგ უფლება მიიღო რომ ეასპარეზა, მხოლოდ დამცავი ნიღბით. მან ნიღაბი 5 წუთის შემდეგ გადააგდო, და სამედიცინო შტაბს დაპირდა რომ  შესვენებაზე გამოვიდოდა, თუმცა მანამდე საქმე იყო გასაკეთებელი. პირველ ტაიმში მისი ორი შედეგიანი დარტყმა, კატალონიურ კლუბს 4:1 გამარჯვებასა და თასის დაუფლებაში დაეხმარა. ამის შემდეგ "ბარსელონას" ისტორიაში, ყველაზე წარმატებული ახალგაზრდული გუნდი დაიშალა, პიკე "მანჩესტერ. იუნაიტედმა" წაიყვანა. ფაბრეგასი "არსენალს" შეუერთდა, "მეთოფეებს" მესის წაყვანაც სურდათ, მაგრამ ლეო დარჩა. აქ შეგვიძლია ვთქვათ რომ "დანარჩენი ისტორიაა" და სტატიაც დავამთავროთ, მაგრამ როცა საქმე მესის ეხება, მოსათხრობი არასდროს ილევა. გადავინაცვლოთ ოდნავ წინ. პორტო - ნოემბერში, სანაკრებო შესვენებისას "დრაგაოს" გახსნაზე "ბარსელონა" დაპატიჟეს, რაიკაარდმა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი იახლა, რომლებიც ჟოზე მოურინიუს მომავალ ევროპის ჩემპიონებს გაეჯიბრნენ. მესი, კრუიფის 14 ნომრიანი მაისურით შეცვლაზე შევიდა - "მან შეხვედრაში რევოლუცია მოახდინა" - წერდნენ მოგვიანებით ესპანური გაზეთები. როგორც კი მესის დებიუტი შედგა, რონალდინიომ იგი მფარველობის ქვეშ აიყვანა
" მე მინდოდა მასზე კარგი გავლენა მომეხდინა, და გამეკეთებინა მესისთვის ის, რაც ჩემთვის რონალდომ გააკეთა. მე რონალდომ ჩამიხუტა და მინდოდა იგივე მექნა ამ ახალგაზრდისთვის, რომელიც მორცხვი იყო, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელი. ჩვენ ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა მასთან და მის ოჯახთანაც, მას შემდეგაც კი, რაც გავაცნობიერე რომ იგი ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი იყო" - იხსენებს რონალდინიო  
მესი ნელ-ნელა აგროვებდა წუთებს პირველ გუნდში, "ესპანიოლის" წინააღმდეგ კი მისი დებიუტიც შედგა,  17 წლის, 3 თვისა და 22 დღის ასაკში. ამგვარად მესი გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ოფიციალურ მატჩში მიუღია მონაწილეობა, რაიკაარდი კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა ლა ლიგის ტიტულისკენ. მისი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო "ალბასეტესთან" მატჩისას გამოჩნდა. ლეო მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა, რამდენიმე წამში კი რონალდინიოსგან ბრწყინვალე პასი მიიღო და ბურთი კარში ლამაზად ჩაახვია, თუმცა გვერდითი არბიტრის აღმართული ალამი და გოლი გაუქმდა. "ალბასეტეს" გოლკიპერმა, რაულ ვალბუენამ მესის თავზე ხელი გადაუსვა, იმის იმედით რომ ეს პატარა, გამხდარი ბიჭი იგივეს აღარ გაბედავდა, მაგრამ მესიმ გაბედა და ვალბუენაც გახდა პირველი იმ ასეულობით პროფესიონალი მეკარისგან, ვისაც მესიმ აწყენინა. რონალდინიომ კვლავ მოძებნა ლეო, მესიმ კი ვალბუენას ბურთი თავზე გადაუგდო და იმწავსე სიხარულისგან გამოწვეულ ეიფორიაში ჩავარდა. ყველას ახსოვს ის ფოტო, სადაც რონალდინიოს მესი ზურგზე ყავს შესმული და ასე პირველი ულოცავს მას სადებიუტო გოლს, ინიესტამ, პუიოლმა და დეკუმაც მიულოცეს მესის პირველი გოლი, თუმცა იმ დღეს იქ მხოლოდ ერთი ვარსკვლავი იყო. " 17 წელი და 114 დღე დამჭირდა, რომ წარმატებისთვის მიმეღწია" - იტყვის ლეო მოგვიანებით. თუმცა ამის შემდეგ კატალონიამ მესი კინაღამ დაკარგა. "გამპერის თასზე" "ინტერთან" მატჩის შემდეგ, ფაბიო კაპელო, რომელიც არგენტინელის დიდი გულშემატკივარი იყო, მზად იყო მესის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაეხადა, რაც ზიდანის სატრანსფერო რეკორდს გააორმაგებდა. მაგრამ მესიმ დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა რომ მისი ასაკისა და არაევროკავშირელის სტატუსის გამო კვლავ ექმნებოდა პრობლემები. გამოსავალი მესის დიდ ბებიაში, როზაში აღმოჩნდა, რომელიც კატალონიიდან იყო. ამგვარად მესიმ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ეს პრობლემაც მოგვარდა. 18 წლის მესის ხელ-ფეხი გაეხსნა, რომ 2005-06 წლების სეზონში ეასპარეზა. მანამდე მან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შემოთავაზება უარყო, და 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებში იასპარეზა, ამან ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა თუ რომელ ქვეყანას ირჩევდა მესი სათამაშოდ. მისი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი აგვისტოში, ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, სადაც ლეო გააძევეს. არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ჯაჭვის შემდეგ, მესისთან ერთად მარადონას აჩრდილმა დაიწყო სიარული
" მე უკვე ვიცი ვინ დაიკავებს ჩემს ადგილს, მისი სახელი ლიონელ მესია" - განაცხადა მარადონამ 2006 წლის თებერვალში
ამ დროისთვის მესი უკვე ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, და საოცარ ტრიოს ქმნიდა რონალდინიოსთან და სამუელ ეტოოსთან ერთად, მაგრამ მესის არ უასპარეზია ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ბარსამ" ფაბრეგასი და "არსენალი" დაამარცხა. ამის მიზეზი მერვედფინალში, "ჩელსისთან" მატჩისას მიღებული მყესის ტრავმა გახლდათ. ამ ამბებიდან 1 წლის თავზე მესიმანიის ნამდვილი აფეთქება მოხდა, 19 წლის მორცხვმა ბიჭმა ელ კლასიკოში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. "მესი, მესი, მესი" ტიროდნენ კომენტატორები "კამპ ნოუზე". "მესი, მესი, მესი" ვკითხულობდით ტაბლოზე. "მესი, მესი, მესი" ამ სათაურებით იბეჭდებოდა გაზეთები, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიოდა. ბევრს დღემდე აქვს იმდროინდელი გაზეთები შემონახული, თუმცა ვისაც აღარ აქვს ვერ დავადანაშაულებთ, იმის შემდეგ მესის სახელი კიდევ ბევრჯერ გამოჩნდა პირველ გვერდებზე...

სხვა სტატიები