Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: გიორგი მარშანია

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
გაზაფხულზე, მაშინ, როცა ევროპული ფეხბურთი კულმინაციას აღწევს, ვლინდებიან ელიტარული ლიგების ჩემპიონები, წამყვანი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და საფეხბურთო ციებ-ცხელება ზენიტშია, სამწუხაროდ, სეზონი შეჩერდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო მთავარი ევროპული სანაკებო ფორუმიც. ამიტომ, ფეხბურთის გულშემატკივარს ისღა დარჩენია, საყვარელი გათამაშებების განახელებამდე, ძველი, კლასიკად ქცეული შეხვედრები გადაიმეოროს. ჩვენს რუბრიკაში სწორედ ასეთი შეხვედრების გახსენებას გთავაზობთ. ამჯერად, თავის 5 დაუვიწყარ მატჩს მსახიობი, გიორგი მარშანია გაიხსნებს.

ბრაზილია-საფრანგეთი 0:3 (1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი)

პირველ რიგში, მინდა გავიხსენო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც ბრაზილია საფრანგეთთან 0:3 დამარცხდა. ეს იყო პირველი მუნდიალი, რომელსაც ვუყურე და ფეხბურთის გულშემატკივრობაც იმავე წელს დავიწყე. მაშინ ბრაზილიას ვქომაგობდი. "სელესაოს" საოცარი გუნდი ჰყავდა: რობერტო კარლოსი, კაფუ, დუნგა, რონალდო, რივალდო, ბებეტო და სხვები. მიუხედავად ამისა, ფინალში ვარსკვლავებმა საფრანგეთს ვერაფერი დააკლეს და საშინლად დამარცხდნენ. მახსოვს როგორ განვიცადე ბრაზილიის მარცხი და როგორ შემძულდა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი, რომელმაც ბრაზილიას სისხლი გაუშრო.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (2017 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი)

როგორც "ბარსელონას" გულშემატკივარმა, არ შემიძლია არ გავიხსენო კატალონიელების საოცარი გამარჯვება "პარი სენ-ჟერმენთან". ის, რაც "ბლაუგრანამ" გააკეთა იყო ნამდვილი სასწაული და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ნეიმარის წვლილი ამ გამარჯვებაში. სამწუხაროდ, დღეს აღარც ნეიმარი გვყავს, და აღარც ის "ბარსელონა".

რეალი-ბარსელონა 2:3 (2016/17 წლების სეზონი, ლა ლიგა)

ბუნებრივია, მახსენდება ელ კლასიკოებიც. "ბარსას" "რეალი" ბევრჯერ დაუმარცხებია, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მაგრამ უნდა გამოვყო 2017 წლის კლასიკო, როცა ტუჩგახეთქილმა მესიმ საოცრებები ჩაიდინა. გაიტანა მე-500 გოლი უკანასკნელ წუთზე, გამორჩეული როგორც სილამაზით ისე მნიშვნელობით და რა თქმა უნდა აღნიშვნა - "ბერნაბეუზე" გაფენილი მაისური და იმის ჩვენება, თუ ვინ არის აქ უფროსი.

რეალი-ბარსელონა 2:6 (2008/09 წლების სეზონი, ლა ლიგა)

კიდევ ერთი კლასიკო: 2009 წელი, გვარდიოლას შეუჩერებელი "ბარსელონა" და 6:2 განადგურებული მადრიდის "რეალი". იმ გუნდს თავისი ტიკი-ტაკათი არაერთი ლეგენდარული მატჩი ჩაუტარებია, თუნდაც იმავე წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედთან", მაგრამ როგორც კულესთვის, "სამეფო კლუბის" დამარცხება უფრო მნიშვნელოვანია.

საქართველო-ხორვატია 1:0 (ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი)

ბოლო მატჩად, მინდა ჩვენი ნაკრების შეხვედრა გავიხსენო. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ცოტა მატჩი აქვს ისეთი, რომლითაც შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი არის ხორვატიასთან გამარჯვება. მაშინ, როცა ქვეყანაშიც და ფეხბურთის ფედერაციაშიც დაძაბული მდგომარეობა იყო, იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი გამოეჩეული ნაკრები დავამარცხეთ, რაც ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ამ ფონზე რაღაც კარგიც მოხდა. ვისურვებდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, იგივე რუბრიკაში საქართველოს ნაკრების არაერთი მატჩი გვქონდეს გასახსენებელი და მხოლოდ უცხოური ფეხბურთით არ ვიღებდეთ სიამოვნებას.

სხვა სტატიები