Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: გიორგი იაშვილი

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
მაშინ, როცა მსოფლიო აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მოწყვეტილია, გულშემატკივარს ძველი სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მეტი დროც აქვს და არც სხვა გზა გააჩნია. ჩვენს რუბრიკაში, ვცდილობთ ის მატჩები გაგახსენოთ, რომლებმაც ფეხბურთის ქომაგს ამაღელვებელი ემოციები დაუტოვა. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს საქართველოს ინტელექტ-კლუბის მოაზროვნე გიორგი იაშვილი გაიხსენებს.

მანჩესტერ იუნაიტედი - ბაიერნი 2:1 (1998-99 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

ეს არის ამ ხუთეულში ერთადერთი მატჩი, რომელიც „ლაივში“, სტადიონზე არ მინახავს, თუმცა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ „კამპ ნოუზე“ ჩასულ ბრიტანელ გულშემატკივრებზე არანაკლები ადრენალინი, ემოციების მოზღვავება და სიხარული განვიცადე. ძალიან კარგად მახსოვს მატჩის თითოეული მონაკვეთი, განსაკუთრებით Fergie Time-ის 3 წუთი, რომელმაც მთელი თამაში შემოატრიალა. თან, ეს იყო იმ სასწაული სეზონის დაგვირგვინება, რომელშიც „იუნაიტედმა“ Treble მოიგო - პრემიერლიგა, FA თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც მომწონდა ეს გუნდი (რომელშიც ჩემი საყვარელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი თამაშობდა და რომელიც ის სეზონი განსაკუთრებით ბრწყინავდა), სწორედ იმ დღიდან ვარ „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივარი.

თბილისის დინამო - ? 4:1 (1993-94 წლების სეზონი, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა)

ეს იყო ჩემი პირველი საფეხბურთო მატჩი, რომელსაც დავესწარი - ვიყავი 5 წლის და მამამ პირველად წამიყვანა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ არ მახსოვს, ვის ეთამაშებოდა იმ დღეს თბილისის „დინამო“, კარგად მახსოვს, როგორ შეაგდო 2 გოლი ალექსანდრე იაშვილმა, რომელსაც იმ დღეს თურმე 16 წელი შეუსრულდა - სტადიონის დიქტორმა მიულოცა და ამიტომ დამამახსოვრდა. ამ დღის მერე განსაკუთრებულად შემიყვარდა ფეხბურთი და ფეხბურთთან დაკავშირებული ყველაფერი. ახლახანს ვცადე გამერკვია, ვის მოუგო „დინამომ“ 4-1 მაშინ, მაგრამ 1993 წლის 23 ოქტომბრის მატჩზე არქივებში არაფერია, თუმცა, იქამდე 1 კვირით ადრე იყო „მრეტებთან“ მატჩი, რომელიც ზუსტად 4-1 დამთავრდა და ამიტომ მგონია, რომ ქვეყანაში საომარი და ზოგადად, მაშინდელი არეული სიტუაციის გამო, შეიძლება ოფიციალურ თარიღებში უზუსტობაა და სწორედ ეს არის ის მატჩი, რომელზეც მე ვიყავი.

მანჩესტერ იუნაიტედი – ბრაიტონი 1:0 (2017/18 წლების სეზონი, პრემიერლიგა)

მიუხედავად იმისა, რომ „იუნაიტედის“ თამაშზე მანამდეც ვიყავი ნამყოფი, ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ნამდვილ მანკუნიანელ გულშემატკივრებთან - მოვხვდი სახელგანთქმულ „სტრეტფორდ ენდზე“ - იუნაიტედის თავგადაკლული და ნაღდი ფანების ტრიბუნაზე. აქ თამაშამდე 1 საათით ადრე ყველა ადგილი შევსებულია, თუმცა არავინ ზის, მხოლოდ ფეხზე დგანან და მღერიან გაუჩერებლად 90 წუთი მანძილზე. ამ ტრიბუნაზე, როგორც წესი, ყველა ყველას იცნობს, უმეტესობას საკუთარი ადგილი აქვს, რომელიც მემკვიდრეობით ერგო ოჯახის უფროსი წევრებისგან და იშვიათად ნახავთ ვინმეს, ვინც ტელეფონშია თავჩარგული - როგორც წესი, ასეთები აქ არ მოსწონთ. მოკლედ, „სტრეტფორდ ენდს“ თავისი წესები აქვს და პირველად იქ მოხვედრა ჩემთვის სასწაულ ემოციებს უკავშირდება.

ბარსელონა – რეალ სოსიედადი 1:0 (2017-18 წლების სეზონი, ესპანეთის ლა ლიგა)

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, არ შეიძლება „კამპ ნოუზე“ მოხვედრამ და იქაური ატმოსფეროს შეგრძნებამ არ აღგაფრთოვანოს. თან, როგორც „იუნაიტედის“ გულშემატკივარს, ამ სტადიონის მიმართ სულ სხვა ემოციები მაქვს და ამას დაემატა ისიც, რომ ეს იყო თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის - გენიალური ანდრეს ინიესტას ბოლო მატჩი მშობლიური კლუბის შემადგენლობაში. გახსოვთ ალბათ, თამაშის შემდეგ როგორ იჯდა მოედნის შუაგულში ფეხშიშველი, თითქოს ცარიელ ტრიბუნებს ემშვიდობებოდა. იმ დღეს ითამაშა ლეო მესიმაც და „ბარსელონას“ სხვა ლიდერებმაც. ინიესტა, მესი და „კამპ ნოუს“ იმდღევანდელი ატმოსფერო ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია ჩემთვის.
 

ჩესტერი – გლოსტერ სიტი 4:0 (2019-20 წლების სეზონი, ინგლისის ნაციონალური ლიგა - ჩრდილოეთი)

შეიძლება ვინმეს გაეცინოს, მაგრამ ეს მატჩი ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი და განსაკუთრებულია. შარშან აგვისტოში მეგობრებთან ერთად ბრიტანეთის მასშტაბით მოგზაურობისას ჩეშირის საგრაფოში მოვხვდით, კერძოდ, ქალაქ ჩესტერში და ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, დავგუგლე, რამე თამაში ხომ არ იყო იმ დღეს. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ დღეს იყო ინგლისის რანგით მე-6 ლიგის (ნაციონალური ლიგა - ჩრდილოეთი) კალენდარული მატჩი და ადგილობრივი „Chester FC” ეთამაშებოდა “Gloucester City”-ს. ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი - სხვა დროს კიდევ როდის მოგიწევს ადამიანს ასეთ მატჩზე დასწრება! ამ ნახევრად სამოყვარულო მატჩს სულ 1612 მაყურებელი დაესწრო და მიუხედავად ამისა, იქაური ატმოსფერო იყო სრულიად გამაოგნებელი. იქ იყო ყველაფერი, რაც ბრიტანულ ფეხბურთზე აქამდე მხოლოდ წაკითხული მქონდა - ნამდვილი მუშათა კლასის გულშემატკივრობა, თავისი უბრალოებით და ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, გინებით და უხამსი საფეხბურთო „ჩანტებით“ - ანუ ზუსტად ის გარემო, რომლის წიაღშიც დაიბადა ფეხბურთი ინგლისში. ეს საოცარი მატჩი და ატმოსფერო, რომელშიც სრულიად შემთხვევით მოვხვდი, არასდროს დამავიწყდება.

სხვა სტატიები