Belive

2021/2022 წლის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, რომ ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულები არიან ამაზე არავინ დავობს. ბევრის აზრით, ისინი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებიც კი არიან. ჩვენ არ ვაპირებთ კამათს იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს რონალდუ და მესი ვერ აჩვენებენ იმ თამაშს, რომლითაც გულშემატკივარს თავი შეაყვარეს. მიუხედავად ყველა ტურნირზე გატანილი 24 გოლისა, 37 წლის რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ტიტულის მოგება ვერ შეძლო. მესიმ სადებიუტო სეზონში "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში მხოლოდ 11 გოლი გაიტანა და ეს არგენტინელის ყველაზე დაბალშედეგიანი სეზონია 2005/2006 წლების შემდეგ. სწორედ ამიტომ, მესი და რონალდუ ვერ მოხვდნენ მოწინავე პოზიციაზე იმ სიაში, სადაც  Marca-მ 2021/2022 წლების  სეზონის 100 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. რონალდუმ 21-ე, მესიმ კი 26-ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნული რეიტინგი  Marca-მ ჟიურის 71 წევრის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნა. საუკეთესო თერთმეტეულში დომინირებენ  "მადრიდის რეალის", "ლივერპულის" და  "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები.  

მეკარე - ტიბო კურტუა

მისი ხილვა საუკეთესო მეკარის პოზიციაზე არ უნდა გაგვიკვირდეს, იმ საუცხოო თამაშის შემდეგ, რომელიც ბელგიელმა კარის დარაჯმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში აჩვენა.
კურტუა

მარჯვენა მცველი - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი

ტრენტს მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "ლივერპულთან" ერთად. ინგლისელმა მერსისაიდელების შემადგენლობაში ორი საშინაო ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.

მარცხენა მცველი - ჟოაუ კანსელუ

კანსელუმ შეძლო და უკან ჩამოიტოვა ენდი რობერტსონი, საუკეთესო მარცხენა მცველის პოზიციის დასაკავებლად. პორტუგალიელმა 2021/2022 წლების სეზონში 10 საგოლე გადაცემით დაამტკიცა, რომ ნებისმიერი გუნდისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ცენტრალური მცველი - ვირჯილ ვან დაიკი

ვან დაიკი მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ, გასულ სეზონში საუკეთესოდ დაბრუნდა. მან კვლავ დაიბრუნა მსოფლიოს საუკეთესო მცველის სტატუსი.

ცენტრალური მცველი - დავიდ ალაბა

შესაძლოა, ალაბას ხილვა ამ სიაში ცოტა მოულოდნელია, მაგრამ მისი კარგი თამაშით ავსტრიელმა შეძლო და დაეხმარა "რეალს" ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში.

ცენტრალური ნახევარმცველი - როდრი

როდრის წარმოუდგენელმა სეზონმა, თითქოს ჩვენი ყურადღება ვერ მიიპყრო. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "მანჩესტერ სიტის" პრემიერ ლიგის ჩემპიონობაში.

ცენტრალური ნახევარმცველი - ლუკა მოდრიჩი

მიუხედავად მისი ასაკისა, ხორვატი ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე იხარჯება და 36 წლის ასაკში მაინც ძლიერად მუშაობს. ლუკამ დიდი შრომა გაიღო იმისთვის, რომ  "რეალს" კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა მოეგო.

ცენტრალური ნახევარმცველი - კევინ დე ბრუინი

დე ბრუინი სეზონის მეორე ნახევარში გასაოცარად ათამაშდა. სწორედ ამან, მას 2021/22 წლების პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოუტანა.

მარცხენა შემტევი - ვინისიუს ჟუნიორი

ვინისიუსმა ნამდვილი ფურორი მოახდინა ამ სეზონში. მან ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტა და 21 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მარჯვენა შემტევი - მოჰამედ სალაჰი

სალაჰი სეზონის პირველ ნახევარში უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი იყო. თუმცა, მისმა შედეგიანობამ ნელ-ნელა იკლო აფრიკის ერთა თასიდან დაბრუნების შემდეგ და სეზონი ყველა ტურნირზე 31 გოლით დაასრულა.

ცენტრალური თავდამსხმელი - ქარიმ ბენზემა

34 წლის ფრანგმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ბენზემამ ყველა ტურნირზე 44 გოლი გაიტანა. ქარიმი ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტია.

სხვა სტატიები