Belive

2 ტაიმი, 2 საქართველო - ჯვაროსნებმა ისტორიულ ბეწვის ხიდზე გაიარეს

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მართალია, მეტოქედ სულ რაღაც 6 წლის დაარსებული და ნახევრადპროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გიბრალტარის ნაკრები გვყავდა, თუმცა ჯგუფის ფავორიტ დანიასა და ირლანდიასთან ზედიზედ ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, საქართველოს ეროვნული გოლების ხილვა და თანაც 3 ქულის აღება სასიამოვნოა. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მატჩი კი თვალსასეირო გამოვიდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაიარა და მეტოქეს კინაღამ ისტორიაში პირველი ქულა მოაპოვებინა. "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და უკვე მეათე წუთზე, ძირითად შემადგენლობაში დებიუტანტმა ლევან შენგელიამ შედეგიანი გადაცემა გიორგი ხარაიშვილს გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. 11 წუთში ჩვენებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ბურთი მოედნის ცენტრში, ჯანო ანანიძისგან მიიღო, მიღებული სივრცით ისარგებლა და ჩვეულ სტილში, თითქმის 35-მეტრიდან გაისროლა - 2:0. ამის მერე, ქართველებს მაღალი პრესინგისა და მოედნის უპირატესობის ხარჯზე, გოლის გატანის კიდევ რამდენიმე შანსი მიეცათ, თუმცა ელგუჯა ლობჯანიძის აქტიური ქმედებებისას ბურთზე პირველი გიბრალტარელთა მეკარე გახლდათ. ანგარიშიდან გამომდინარე, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ტაიმის ბოლოსკენ ბურთის გაგორების შესაძლებლობა მეტოქესაც მისცა, რომელმაც ხეირის ნახვა სტანდარტული სიტუაციებიდან სცადა და ჩვენს კართან 3 კუთხური მოაწოდა, თუმცა ქართველმა მცველებმა და გიორგი ლორიამ სიტუაცია უშეცდომოდ განმუხტეს. მეორე ტაიმში მასპინძლებიც გააქტიურდნენ. 54-ე წუთზე უოკერის შორეული დარტყმა კარში ზუსტად წავიდა და რომ არა გიორგი ლორიას დამაჯერებელი თამაში, ანგარიშის სხვაობაც შემცირდებოდა. აღნიშნული სახიფათო სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, გიორგი ხარაიშვილი, რომლის ნაკრებში თამაშსაც გულშემატკივრები ხანგრძლივად ელოდნენ, მძიმედ დაშავდა და პირველადი ინფორმაციით ტვინის შერყევაც კი მიიღო - "გიოტებორგის" ქართველი ლიდერი ოთარ კიტეიშვილმა ჩაანაცვლა. 67-ე წუთზე, გიბრალტარელებმა საქართველოს ნაკრების კარს შეუტიეს, დაცვის ჩავარდნის შემდეგ, ყველაზე აქტიურმა და გამოცდილმა კაშარომ გიორგი ლორიას კარი აიღო. გოლის შემდეგ, მასპინძლებმა დამატებითი მუხტი მიიღეს და ანგარიშის გათანაბრებაზე თამაში დაიწყეს. ამ მიზნის მისაღწევად გიბრალტარს მხოლოდ 7 წუთი დასჭირდა. გიორგი ლორიას გმირული მოგერიებების მიუხედავად, მასპინძლებმა კუთხურიდან წონასწორობის აღდგენა მოახერხეს - თავი როი ჩიპოლინამ გამოიჩინა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები გამოფხიზლდნენ, მეტოქის კარზე შტურმი მიიტანეს და გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. 84-ე წუთზე, საჯარიმოში კვლავ ლევან შენგელიამ ჩააწოდა, რომელსაც ცვლილებაზე შემოსული გიორგი ქვილითაია გამოეხმაურა, ტექნიკურად ითამაშა და ბურთი კარში გაგზავნა - შენგელიამ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა. ​ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა, 8 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დარჩა, თუმცა დიდი ნერვიულობის ფასად. რაც შეეხება უშუალოდ გიბრალტართან ურთიერთშეხვედრების ისტორიას, საქართველოს ნაკრებს 4-დან 4 მოგება 13 გატანილი და 2 გაშვებული გოლი აქვს. ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია, 93), ყაზაიშვილი, ანანიძე, კანკავა, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი, 60), ლობჯანიძე (ქვილითაია).

სხვა სტატიები