Belive

2 გაფუჭებული პენალტი და 9 ბარათი - ტორპედომ სეზონის მეორე მატჩი მოიგო 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოიგო ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც თბილისში, "მიხეილ მესხი 2-ზე", "ლოკომოტივს" მინიმალური სხვაობით - 2:1 აჯობა. მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, გიორგი ფანცულაიამ გახსნა, ვინც ზაზა ციცქიშვილის ზუსტი გადაცემით ისარგებლა. თუმცა, ფანცულაიას გატანა გაცილებით ადრეც შეეძლო - მეოთხე წუთზე მას 11-მეტრიანის ნიშნულიდან გიორგი მამარდაშვილმა აჯობა. ქუთაისელთა დაწინაურებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ამ სეზონში უკვე მეორედ გააძევეს "რკინიგზელთა" კაპიტანი დავი უბილავა. "ლოკოს" მე-40 ნომერმა 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 53-ე წუთზე, სტუმრების უპირატესობა ორამდე გაიზარდა, ეს მისია დებიუტანტმა, 21 წლის ლუკა ქაფიანიძემ იტვირთა, ასისტენტობა ამჯერად ცოტნე ნადარაიამ გასწია. 4 წუთში, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა 1 ბურთი გაქვითეს. თავი ამჯერადაც დებიუტანტმა გამოიჩინა - ნიდერლანდელმა ლეგიონერმა ულად-ომარ იმრანმა ვატო არველაძის გადაცემის შემდეგ სხვაობა შეამცირა. 10 კაცით დარჩენილ "ლოკომოტივს", რომელიც შეტევაზე უარის თქმას არ აპირებდა, გათანაბრების შანსიც მიეცა, თუმცა 86-ე წუთზე, პენალტი ზუსტად ირაკლი სიხარულიძემ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, იმერლებმა დაძაბულ მატჩში, სადაც 9 ბარათი იყო, 2:1 იმარჯვეს, 8 ქულა მოაგროვეს, "სამტრედიას" გადაასწრეს, გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს და მეშვიდე ადგილზე აიწიეს. რაც შეეხება "ლოკომოტივს", "რკინიგზელები" 9 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში, ქუთაისელები "თელავს" უმასპინძლებენ, "ლოკო" კი გორის "დილას" ესტუმრება. "ლოკომოტივი": მამარდაშვილი - სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი (ქველაძე, 67), გურეშიძე - კირკიტაძე (არველაძე, 54), დარცმელია, შონია, იმრანი, უბილავა (კ), - გავაშელიშვილი (გაბაძე, 46), სიხარულიძე. (3-5-2). მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი. "ტორპედო": შოვნაძე - გრიგალაშვილი, ქაფიანიძე, კასრაძე, ნადარაია - ციცქიშვილი, ჯანელიძე (კ), მამასახლისი, ბობკო - პონომარი, ფანცულაია (4-4-2). მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე. გოლი: 0:1 გიორგი ფანცულაია (45+1), 0:2 ლუკა ქაფიანიძე (53), 1:2 ულად-ომარ იმრანი (57). გაფრთხილება:  დავით უბილავა (18, 42 გაძევება), ალექსანდრე გურეშიძე (52), ოლეგ მამასახლისი (56), გიორგი ფანცულაია (58), ცოტნე ნადარაია (69), ზაზა ციცქიშვილი (85), ბექა ტუღუში (87). მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი. დისკვალიფიკაცია: გურამ ადამაძე ("ტორპედო").

სხვა სტატიები