Belive

შოთა არველაძე: "მიხარია, რომ მოედანზე და მის გარეთ ახალი თაობა წამოვიდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ეროვნული გუნდის ფეხბრუთელებსა და გულშემატკივარს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
"მიხარია, რომ მოედანზეც და მოედნის მიღმაც, წამოვიდა თაობა, რომელთაც სტადიონზე ერთ დიდ მთლიანობად ქცევა და ერთმანეთის შევსება შეუძლიათ. იქნება ბრენდინგი, ლოგო, დროშა, გერბი თუ ჰიმნი მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გულშემატკივრის ხმას და ფეხბურთელების დამოკიდებულებებს აერთიანებდეს. რამდენიმე კვირის წინ, დინამოების თამაშის შემდეგ, მოედანზე მოზარდების შესვლა იყო ერთგვარი ახალი ხმა და გულწრფელი ამოძახილი, რაც ამ დიდი აჟიოტაჟისთვის კარგი ბიძგი აღმოჩნდა. დღეს ჩემპიონატში ხვიჩა და მისი თაობის რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს, ხვალ იმედი მაქვს ჩაკვეც აქ იქნება და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, შემდეგ კი გულშემატკივრისთვის ისევ ისე გააგრძელებს თამაშს, როგორც ეს ერთა ლიგაზე გააკეთა. ვფიქრობ, ის ენერგია, რაც გიოს საქართველოში დახვდება საუკეთესო წახალისება იქნება მისი მოტივიაციისთვის და კარიერის შემობრუნებისთვის. მათი აქ ჩამოსვლა რაღაც ახლის დასაწყისს უნდა ნიშნავდეს. ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა და ახლა მთავარი სამიზნე სწორედ ის ბიჭები და გოგოები არიან, ვინც სტადიონზე კონკრეტული ფეხბურთელის სიყვარულმა და გულწრფელმა ემოციამ მოიყვანა. ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო ბრენდინგის ჩამოყალიბების პროცესში - წამოვიდა თაობა, რომელთაც სტადიონზე წასასვლელად მშობლების და უფროსების მხრიდან წახალისება აღარ სჭირდებათ, ამ თაობას აქეთ შეუძლია უფროსებისთვის მაგალითად იქცნენ და აქეთ გვატარონ როგორც ჩემპიონატის, ისე ნაკრების თამაშებზე. წარმატებები საქართველოს და წარმატებები ერთად ყველას, ვინც ჩვენს ფეხბურთს აძლიერებს", - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებების მატჩი 2 ივნისს "დინამო არენაზე" გაიმართება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები