Belive

ტორპედოს განცხადება: ქუთაისურ კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური Facebook-ის გვერდის ინფორმაციით, კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და ისტორიულ კლუბს ფინანსური დავალიანებების გასტუმრებასა და განვითარებაში დაეხმარება. როგორც იმერული კლუბის პრეს-სამსახური წერს, მათი ახალი სპონსორი, კომპანია "ნიუ ვიჟენი" იქნება.
"დღეს საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია "ნიუ ვიჟენს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ნიუ ვიჟენი“ სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“. ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია. ქუთაისის „ტორპედოს“ სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია "ნიუ ვიჟენს", - წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.
ქუთაისის "ტორპედო" ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, მიმდინარე სეზონში კი გუნდს დიდი ოდენობით ფინანსური დავალიანება დაუგროვდა. ამის გამო, მთავარი გუნდის ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი განაცხადეს და საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურში, "საბურთალოსთან" სტუმრად, თბილისში გამართულ შეხვედრაში "ტორპედო" მოედანზე 17 და 19-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებით გავიდა, სადაც - 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონში, ქუთაისურ კლუბს 19 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მერვე პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები