Belive

ტირანა: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ 

3 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ

19 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამო თბილისი" ალბანურ "ტირანას" "დინამო არენაზე" უმასპინძლებს და 17 წლის წინანდელი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება. ვიდრე პირველი ქართული კლუბი ახალ სეზონში ევროსარბიელზე გამოსვლას დაიწყებს, კარგი იქნება, მეტოქე უკეთ გავიცნოთ და მათ შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია გავიგოთ.

ისტორია და ტიტულები

ალბანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ქვეყნის დედაქალაქში ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წლის 15 აგვისტოს დაარსდა და მას შემდეგ ქვეყნის ფარგლებში ყველა შესაძლო ტიტული ყველაზე მეტჯერ მოიგო. 1930-იან წლებში "ტირანამ" ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მხოლოდ სამჯერ ვერ მოიპოვა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა კლუბს თავისი ხელი დაატყო და 1965 წლამდე მათ ტრიუმფი ვეღარ მოახერხეს. კლუბის ისტორიაში ოქროს ხანად 1980-იანი წლები მიიჩნევა, როცა "ტირანა" ქვეყნის ჩემპიონი 4-ჯერ, თასის  მფლობელი კი 3-ჯერ გახდა და ახლოს იყო ჯგუფურ ეტაპთანაც. 1990 წელს, ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ, კლუბმა, რომელმაც აქამდე "ნიონტორის" სახელით გამოდიოდა, ისტორიული სახელწოდება დაიბრუნა. 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან კლუბში ჩავარდნა დაიწყო. 2013 წელს, გუნდი ისტორიაში პირველად, უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მთავარი მწვრთნელის გუგაშ მაგანის ძლიერი სატრანსფერო საქმიანობის მეშვეობით, "ტირანამ" ადგილი ბოლო ტურში შეინარჩუნა. მძიმე პერიოდმა ქალაქის თვითმმართველობას კლუბის გასსხვისებისკენ უბიძგა და 2014 წლის 26 ივნისს, "ტირანას" აქციების 66% კერძო მფლობელმა, რეფიკ ჰილალლიმ შეიძინა, დანარჩენი კი ქალაქის გამგეობის ხელში დარჩა. ახალი მმართველის მეთაურობით კლუბი კვლავ ფეხზე წამოდგა და ჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი, მერე კი, 11-წლიანი პაუზის შემდეგ,  ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. ალბანეთის ჩემპიონი: 25 ალბანეთის თასის გამარჯვებული: 16 ალბანეთის სუპერთასის გამარჯვებული: 11 დუბლი: 3 ბალკანეთის თასი: ვიცე-ჩემპიონი.

საერთაშორისო გამოცდილება

საფეხბურთო კლუბი "ტირანა" ევროტურნირებში 1965/66 წლების სეზონში ჩაერთო და მას შემდეგ საკუთარ ქვეყანაში ევროსარბიელზე საუკეთესო შედეგის მქონე გუნდად ჩამოყალიბდა. დედაქალაქელებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერი 11-ჯერ გადალახეს, აქედან 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში. განსხვავებით "დინამო თბილისისგან", "ტირანას" ჯგუფური ეტაპის საგზური არცერთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე არ მოუპოვებია.

სტატისტიკა

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ქვეყნის შიგნით: 11:0 "ფლამურტარი" (1936 წლის 5 ივლისი), 9:2 "ებაასანი" (1932 წლის 12 ივნისი). ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ქვეყნის ფარგლებს მიღმა: 5:0 "სლიემა ვანდერერსი" (მალტა, 1989 27 სექტემბერი), 2:0 "გომელი" (ბელარუსი, 2004 წლის 14 ივლისი). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ქვეყნის შიგნით: 0:6 "ვლაზინა" (1947 წელი), 1:7 "ბეშა კავაიე" (1991). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ქვეყნის ფარგლებს მიღმა: 2:6 ზაგრების "დინამო" (1996 წლის 24 ივლისი), 0:5 "აალესუნდი" (2012 წლის 26 ივლისი).

ამჟამინდელი მდგომარეობა

"ტირანამ" 11-წლიანი შესვენების შემდეგ, 2019/20 წლების სეზონი ჩემპიონის ტიტულით დაასრულა, ასევე ითამაშა თასის ფინალში და "ტეუტასთან" 0:2 დამარცხდა.
No description available.

ურთიერთშეხვედრები

"დინამოსა" და "ტირანას" გზები პირველად 2003/04 წლების სეზონში და მაშინაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა. ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა და ქვეყნის უტიტულოვანესმა კლუბმა ის ლევან მელქაძის, გიორგი ანჩაბაძის და ვიტალი დარასელიას გოლების მეშვეობით, 3:0 მოიგო, თუმცა საპასუხო დაპირისპირებაში მეტოქემ ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა და პენალტების სერიაშიც უკეთესი აღმოჩნდა. "დინამოს" კიდევ ერთი ალბანური დაპირისპირება 1998/99 წლების სეზონს უკავშირდება, როცა "დინამომ" ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. ამჯერად, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი "ვლაჟინას" შეხვდა და ორი მატჩის ჯამში - 4:3 მოუგო (3:0, 1:3). "დინამოს" გარდა, ალბანურ კლუბებთან სამმა ქართულმა გუნდმა, ქუთაისის "ტორპედომ", რუსთავის "მეტალურგმა" და ბოლნისის "სიონმა" ითამაშა. იმერლები "კუკეშს" შეხვდნენ და მათი ბარიერი დაძლიეს (5:2, 0:2), "სიონმა" "ფლამურტარისთან ორ მატჩში 3:5 (1:2, 2:3) წააგო, რუსთაველები კი "ტეუტასთან" უშანსოდ დარჩნენ - 0:3, 1:6. მთლიანობაში, ქართულმა გუნდებმა ალბანურებს 10-დან 4 მატჩი მოუგეს და 6-ში დამარცხდნენ.
No description available.

შემადგენლობა

"ტირანას" შემადგენლობა უმეტესწილად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა გუნდი არც ლეგიონერების სიმწირეს უჩივის. ალბანეთის დედაქალაქში მაკედონიელი, განელი, ბრაზილიელი არგენტინელი და ინგლისელი ფეხბურთელები ირიცხებიან. მათ შორის ყველაზე საინტერესოა წარმოშობით ნიგერიელი თავდამსხმელი მიშელ ნგო, რომელიც "ლივერპულის" აკადემიის აღზრდილია და მერსისაიდელთა 23-წლამდელთა გუნდში 16 გოლი აქვს გატანილი. წლების განმავლობაში ის ინგლისის ქვედა დივიზიონებსა და შოტლანდიის ჩემპიონატში იყო განათხოვრებული, 2017 წლიდან კი "ტირანაში" ირიცხება და 64 მატჩში მის აქტივში 23 გოლი და 24 საგოლე გადაცემაა. ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში მან 7 შეხვედრა ჩაატარა და 2-ჯერ მეტოქის კარიც აიღო.

მწვრთნელი

ემანუელ ეგბო წლების განმავლობაში ალბანეთის ჩემპიონატში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, "ტირანა" კი პირველი გუნდია, რომელსაც სრულფასოვნად განაგებს. სწორედ მისი მეთაურობით შეძლო გუნდმა ტიტულის დაბრუნება და 21 მატჩიდან მხოლოდ 3 წააგო. 2001-04 წლებში ის "ტირანას" მეკარე იყო და "დინამოსთან" გამარჯვებაშიც მონაწილეობა მიღებული აქვს.
No description available.

რას ფიქრობს მეტოქე?

ემანუელ ეგბო - "ტირანას" მთავარი მწვრთნელი: "ყველა გუნდი, რომელიც ამ სეზონში თავისი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ძალიან ძლიერია, ამიტომაც, მეტოქეს პატივს ვცემთ. ჩვენ სტუმრად თამაში მოგვიწევს და ეს უფრო რთულია. ამ მხრივ, “დინამოს” უპირატესობა ექნება. გარდა ამისა, საქართველოში ჩემპიონატი გრძელდება და გუნდი პირველ ადგილს იკავებს, რაც მათ ფსიქოლოგიურად ჩვენზე წინ აყენებს. როცა ფეხბურთელი ვიყავი, “დინამოს” წინააღმდეგ ვითამაშე და ჩვენ მაშინ გამარჯვება მოვახერხეთ. მართალია ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ რატომაც არა, იგივეს კიდევ ერთხელ გაკეთება შეგვიძლია. განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს და ვიცი, რომ მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ვმუშაობთ და ისეთ ფეხბურთელებს დავიმატებთ, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან". რეფიკ ჰალილი - "ტირანას" პრეზიდენტი: "წილისყრით კმაყოფილი ვარ. თავს კარგად ვგრძნობ, მშვიდადაც კი. იმედი მქონდა, რომ გაგვიმართლებდა და ასეც მოხდა. "დინამოსთან" აქამდეც მოგვიგია და იმედია, თავს ახალაც დამაჯერებლად გავართმევთ. უახლოეს კვირაში სამი ახალწვეული გვეყოლება. იმედი მაქვს, ყველა ფეხბურთელი თავს ჯანმრთელად და კარგად იგრძნობს, რათა საქართველოში ჩავიდეთ და სასურველი შედეგი ვაჩვენოთ".
No description available.

მსაჯი

"დინამოსა" და "ტირანას" მატჩს 40 წლის ფიფას კატეგორიის არბიტრი (2014 წლიდან), ესტონელი როომერ ტარაევი მოემსახურება. მას საქართველოსთან შეხება 1 წლის წინ ჰქონდა. მან 2019 წლის 11 ივლისს, ყაზახეთში, კახა ცხადაძის "ორდაბასისა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩი განსაჯა, ის შეხვედრა მასპინძლებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს - 1:0.
Эстонцы рассудят Казахстан и Грузию - DELFI

სხვა სტატიები