Belive

სეზონის მატჩი გორში - საბურთალო ევროსარბიელისთვის ბრძოლას გამოეთიშა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის დასასრული დრამატულ კულმინაციას აღწევს. პირველ დეკემბერს მე-17 ტურის ორი შეხვედრა  გაიმართა და მასში მონაწილეობა ევროსარბიელის საგზურის მოპოვებისთვის მებრძოლმა სამივე გუნდმა მიიღო. თბილისის "ლოკომოტივმა" ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე", "ტორპედოს" - 5:1 აჯობა, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა "დილამ" თბილისის "საბურთალო" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, დრამატული სცენარით დაამარცხა. გორელები მატჩის მიმდინარეობისას სამჯერ მარცხდებოდნენ, თუმცა სამჯერვე გათანაბრება, ბოლოს კი წინ გასვლა მოახერხეს. მატჩის მთავარი გმირი მიკოლა კოვტალიუკი გახდა, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ გამარჯვების მომტანი პენალტი მოიპოვა და თავადვე გაიტანა - 4:3. ამრიგად, "საბურთალო" 24 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა და ევროსარბიელისთვის ბრძოლას გამოეთიშა, კონფერენციის ლიგაზე გასასვლელად კი "ლოკომოტივი" და "დილა" იბრძოლებენ, რომლებმაც ბოლო ტურში, თბილისში, ფინალის ტოლფასი მატჩის ჩატარება და ერთმანეთთან დაპირისპირება მოუწევთ - გია ჭიაბრიშვილის 29 ქულის მფლობელ გუნდს ხელს ფრეც აძლევს, გიორგი ნემსაძეს კი მიზნის მისაღწევად აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. ამ მატჩების შემდეგ დაიძაბა ბომბარდირთა დავაც, ქუთაისში ჰეთ-თრიკის შემსრულებელმა ირაკლი სიხარულიძემ და "დილასთვის" 3 ქულის მომტანმა მიკოლა კოვტალიუკმა 9-9 გოლი დააგროვეს, ჯაბა ჯიღაურის აქტივში 8 შეგდებული ბურთია, მეოთხე ადგილზე კი გიორგი ფანცულაიაა, რომლის გრაფაშიც ციფრი - 7 წერია. სატურნირო მდგომარეობა: 
ბოლო ტურის კალენდარი:
 

სხვა სტატიები