Belive

საბა ხვადაგიანი: "ბავშვობის ოცნება ამისრულდა, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სექტემბერში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის რჩეულებს შორის 5 დებიუტანტი მოხვდა, მათ შორის ერთ-ერთი "დინამო თბილისის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, საბა ხვადაგიანი მოხვდა, რომელსაც Live.ge დაუკავშირდა და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში მოხვედრის შემდეგ პირველი ემოციები მოისმინა.
"ჩემთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო საქართველოს ნაკრებში გამოძახება. ის ოცნება, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, ასე მალე ამისრულდა. როცა ზურაბ ხიზანიშვილმა (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) დამირეკა და ეს ამბავი შემატყობინა, ვერ დავიჯერე და ნერვიულობისგან ვკანკალებდი. საქართველოს ნაკრებში გამოძახება ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, განსაკუთრებით კი პოზიციით მცველისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მახარებს ის ფაქტი, რომ ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ვიქნები გუნდში, როგორებიც გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და სხვები არიან. დიდი პატივია ხვიჩა კვარაცხელიას გვერდით თამაში. ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ, ამავე დროს უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შევეცდები, იმედები გავამართლო და ქართველი გულშემატკივრის გული გავხარო", - თქვა 18 წლის ფეხბურთელმა ჩვენთან საუბრისას.
“ჯვაროსნები” სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავენ და 2 და 5 სექტემბერს, შესაბამისად, კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურად ითამაშებენ.

სხვა სტატიები