Belive

ოფიციალურად: დინამო ბათუმმა ორი ლეგიონერი დაიმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დინამო ბათუმის ოფიციალურმა გვერდმა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და გულშემატკივარს ორი ახალი ფეხბურთელი წარუდგინა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ორი ლეგიონერი, სერბი მილან რადინი და ამავე ქვეყანაში დაბადებული, მონტენეგროს მოქალაქე სტაფან დენკოვიჩი დაიმატა. მილან რადინს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე იცნობს. მან 2021 წლის სეზონი "დინამო თბილისში" გაატარა და ის, რომ გუნდმა ჩემპიონატში მეორე აგილი დაიკავა, მეტწილად სწორედ მისი დამსახურება გახლდათ. 30 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 36 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბოლოს კი გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. რაც შეეხება სტეფან დენკოვიჩს, იგი ამპლუით მარცხენა ფლანგის შემტევი გახლავთ, თუმცა მას თამაში მარჯვენა გარემარბადაც შეუძლია. კარიერის განმავლობაში მას სერბულ “ცრვენა ზვეზდასა” და “ვოივოდინაში“, უნგრულ “პუშკაშში“, ებრაულ “ჰაპოელ ჰაიფაში“, სამშობლოში კი “სუტიესტას” რიგებში უთამაშია. ბოლოს იგი ყაზახეთის ჩემპიონატში თამაშობდა, სადაც ყიზილორდიის “კაისარის” მაისურს ირგებდა და წინა სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჯერჯერობით აჭარულ კლუბს არ დაუდასტურებია, თუმცა გუნდს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის, ირაკლი ბიძინაშვილის და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მეათე ნომრის, ნიდერლანდელი ულად-ომარ იმრანის დამატებაც სურს.

სხვა სტატიები