Belive

გიორგი ნემსაძე: "ერთი პრინციპი მაქვს - კაცნაკლულებიც უკან არ ვიხევთ და შეტევას ვაგრძელებთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ექს-ჩემპიონ "საბურთალოსთან" 10-კაციანი გუნდით ქულის გადარჩენის შემდეგ, ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდის, გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ მათი ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმის და სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრა. "ჩვენ გუნდს საკმაოდ რთული კალენდარი ჰქონდა. ბოლო სამი მატჩი მთავარ ფავორიტებთან ჩავატარეთ. ამ პერიოდში ტრავმების, სათადარიგო სკამზე მყოფი ფეხბურთელების სიმწირის და მოთამაშეების გაძევებების ფონზე ვითამაშეთ. სწორედ აქ დაეტყო გუნდს თავისი ბრძოლისუნარიანი ხასიათი.  დღევანდელ შეხვედრაში 14 ფეხბურთელით გამოვედით. სკამზე 3 ფეხბურთელი მეჯდა და ყველა მათგანმა ითამაშა. ეს მარტივი არ არის, მაგრამ მე ერთი პრინციპი მაქვს, იმის მიუხედავად, რომ მოედანზე 10 კაცით ვართ, უკან არ ვიხევთ, ცენტრს ვამაგრებთ და წინ ორ თავდამსხმელს ვტოვებთ და თუ საჭიროა, მესამესაც ვახმართ რაც შეეხება კოვტალიუკის ეპიზოდს, მატჩის დასრულების შემდეგ, თავიდან ვუყურე და ჩემი აზრით ამ მომენტში ის ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ გაძევებას ალბათ - არა. მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ითამაშოს დისციპლინირებული, ბრძოლისუნარიანი და შემტევი ფეხბურთი. აუცილებელია, რომ დავიმატოთ მაღალი კლასის ფეხბურთელები, რაზეც ცხრილში ზედა საფეხურების შენარჩუნების პარალელურად, მოთხოვნა იზრდება. ეს კიდევ უფრო აამაღლებს ფეხბურთელებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, მოტივაციას და ვფიქრობ, ეს პირველ რიგში გუნდს დაეხმარება.  რომან ჭანტურიას სახით ახალწვეული გვყავს, თუმცა ის ჯერ სათამაშო ფორმაში არ არის. რომ არ ვიცოდე თუ რა პოტენციალი აქვს ამ ბიჭს, ასეთ ფორმაში მყოფ ფეხბურთელს გუნდში არ ავიყვანდი, მაგრამ ვიცი თუ რა შეუძლია მას, ის ძალიან მონდომებულია, ჩვენც ხელს ვუწყობთ და იმედია მალე სათამაშო კონდიციებში შევა", - თქვა ნემსაძემ. "დილას" 8 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს, ლიდერის პოზიციას იკავებს და შემდეგ ტურში, "ლოკომოტივთან" შინ გამარჯვების შემთხვევაში, პირველი წრის ჩემპიონობას გაინაღდებს. ფოტო: ეროვნული ლიგა.

სხვა სტატიები