Belive

ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური რამდენიმე გამორჩეული მატჩით გახდა დასამახსოვრებელი, ხუთიდან სამ შეხვედრას გამარჯვებული ჰყავდა, ორში კი ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო კვირა ორი დღისგან შედგებოდა. 20 მარტს სამი მატჩი გაიმართა', 21-ში კი დარჩენილი ორი. ტური ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებული ორი დასავლური კლუბის დაპირისპირებით დაიწყო - ზესტაფონში, "შუქურამ" "სამგურალს", მიხეილ სარდალიშვილისა და გიორგი ჩელებაძის გოლებით 2:0 აჯობა და აქტივში სეზონის მეორე გამარჯვება ჩაიწერა. ყველაზე დიდი უპირატესობით უკანასკნელ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა იმარჯვა. "დინამო თბილისმა" "თელავს" სტუმრად - 3:0 აჯობა. სამივე გოლი ლეგიონერმა და ახალწვეულმა ფეხბურთელმა, შესაბამისად, ზორან მარუშიჩმა, მილან რადინმა და ფაბიან სპორკსლედემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კახურ კლუბში შექმნილი კორონავირუსული ეპიდემიის გამო, "თელავს" 10 ფეხბურთელი აკლდა და სათადარიგო სკამზეც მხოლოდ ორი მოთამაშის იმედად იყო. ასევე სამბურთიანი უპირატესობით მოგება შეეძლო კიდევ ერთ თბილისურ კლუბს, თუმცა "ლოკომოტივმა" იმერეთში გამართულ სეზონის მეორე ყველაზე უხვგოლიან მატჩში, "სამტრედიას" 0:3-დან გათანაბრების შესაძლებლობა მისცა. საბოლოოდ, ირაკლი სიხარულიძის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და "რკინიგზელებმა" - 4:3 იმარჯვეს, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ძალების დაზოგვა არ გამოუვიდა. სათქმელია, რომ იმერულმა კლუბმა მეტოქის კარი ამ სეზონში პირველად აიღო. გოლები სტუმართაგან დავით სამურკასოვმა ჯერ მეტოქის, მერე კი საკუთარ კარში, ასევე თორნიკე კირკიტაძემ და ხსენებულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს, მასპინძელთაგან კი თავი გივი იოსელიანმა და გიორგი ლომთაძემ გამოიჩინეს. კარგი მატჩი ჰქონდა "სამტრედიაში" ახალ მისულ ირაკლი რუხაძესაც, რომლის აქტივშიც 2 საგოლე გადაცემა შევიდა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა "დილამ" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ფრე - 1:1 ითამაშა. გოლები ორივე გუნდის შემადგენლობიდან ლეგიონერებმა გაიტანეს: ქუთაისელები ბელარუსიელმა დმიტრი რეკიშმა დააწინაურა, ქართლელებს კი ქულა ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გატანილი პენალტის მეშვეობით გადაურჩინა. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც გულშემატკივარმა გოლი ვერ იხილა, ვიცე და ექს-ჩემპიონების დაპირისპირება იყო. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, "საბურთალომ" და ბათუმის "დინამომ" ქულები გაიყვეს.
No description available.

მეხუთე ტურის შედეგები

სატურნირო მდგომარეობა მეხუთე ტურის შემდეგ

სანაკრებო შესვენების წინ, ეროვნულ ლიგაში სატურნირო მდგომარეობა ძალზედ დაიძაბა, განსაკუთრებით ლიდერთა შორის. საწყისი ხუთტურეულის შემდეგ, ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" 11-11 ქულა აქვთ და პირველ პოზიციას ინაწილებენ, "დინამო თბილისსა" და თანაქალაქელ "ლოკომოტივს" კი თითო ქულითა და პოზიციით ნაკლების გაყოფა უწევთ.

სტატისტიკა

რაც შეეხება ფეხბურთელთა ინდივდუალურ სტატისტიკას, ბომბარდირთა დავაში 5 ტურის შემდეგ გატანილი 3 გოლით ზორან მარუშიჩი ლიდერობს. "დინამოს" სერბ ფორვარდს ფადი ზიდანი, ლაშა შერგელაშვილი, შოთა ნონიკაშვილი და თანაგუნდელი გიორგი გაბედავა 2-2 ბურთით მოყვებიან. ყველაზე მეტი - 2-2 საგოლე გადაცემაა მილან რადინის, ლუკა გაგნიძის, ჯაბა ჯიღაურის, მირზა ფარტენაძის, რევაზ ჩიტეიშვილისა და აკაკი შულაიას აქტივში, ყველაზე ხშირად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე კი ზუსტად, ბათუმის "დინამოს" გოლკიპერმა, ლაზარე კუაპატაძემ იზრუნა (4).

მეხუთე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: ოთო გოშაძე ("საბურთალო"). მცველები: ფაბიან სპორკსლედე, დავით კობოური (ორივე "დინამო თბილისი"), ცოტნე ნადარაია ("ტორპედო"), ვანდერსონ სილვა ("დილა"). ნახევარმცველები: გივი იოსელიანი ("სამტრედია"), მილან რადინი ("დინამო თბილისი"), ბენჟამინ ტეიდი (ბათუმის "დინამო"), მიხეილ სარდალიშვილი ("შუქურა"). თავდამსხმელები: ზორან მარუშიჩი ("დინამო თბილისი"), თორნიკე კირკიტაძე ("ლოკომოტივი"). მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია ("ტორპედო").
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები