Belive

დავით სხირტლაძე: "დინამოში ჩამოსვლა უკეთესი გადაწყვეტილება იყო, იმედი მაქვს, კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელი გავხდები"

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
2020 წლის შემოდგომიდან "დინამო თბილისმა" გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე დაიმატა. 27 წლის ქართველ შემტევს თითქმის 10 სეზონი ევროპაში აქვს გატარებული და ისეთი ქვეყნების უმაღლეს ლიგებში უთამაშია, როგორებიც დანია, ჩეხეთი და პოლონეთია. სხირტლაძემ "დინამოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ქვეყნის ჩემპიონის მაისურით უკვე თავის გამოჩენაც მოახერხა. მან ეროვნული ლიგის მე-15 ტურში, გორის "დილას" კარის აღება მოახერხა. მატჩის შემდეგ Live.ge გამოცდილ ფეხბურთელს საქართველოში დაბრუნების, ახალი კლუბის და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ევროპაში გატარებული თითქმის 10 წლის შემდეგ, რატომ გადაწყვიტე საქართველოში დაბრუნება? გქონდა თუ არა სხვა შეთავაზებებიც? "დინამო თბილისში" თამაში ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის პრივილეგიაა. ყველანი ისე გავიზარდეთ, რომ "დინამოს" სახელი ჩვენთვის საქართველოში საუკეთესო კლუბთან ასოცირდებოდა. მქონდა სხვა შემოთავაზებებიც უცხოეთიდან, თუმცა ამ მომენტში ჯობდა, რომ "დინამოში" წამოვსულიყავი და იმედი მაქვს, რომ მეც კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელი ვიქნები. გუნდში რთულ დროს მიხვედი. როცა "დინამოს" ევროპის ლიგაზე ძალიან მძიმე მარცხი ჰქონდა განცდილი. მოახერხა თუ არა გუნდმა რეაბილიტაცია?  ცხადია, რომ ევროტურნირებზე "დინამომ" ძალიან გულდასაწყვეტი შედეგი მიიღო. შესაძლოა ასპარეზობას გამოეთიშო, მაგრამ ასეთი მარცხი კიდევ უფრო მტკივნეულია. საბედნიეროდ, გუნდმა ეს ეტაპი გადალახა და ახლა გუნდში მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ გავხდეთ ჩემპიონები და შემდეგ წელს ევროსარბიელზე მდგომარეობა გამოვასწოროთ. უშუალო კონკურენტ "საბურთალოსთან" და გორის "დილასთან" კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და 6 ქულაც მოვიპოვეთ. შევეცდებით იგივე "ლოკომოტივთან" შეხვედრაშიც გავაკეთოთ და საბოლოო ჯამში, ტიტულის დაცვა მოვახერხოთ.
No description available.
სადებიუტო შეხვედრა სწორედ გორის "დილასთან" გქონდა, სადაც გოლის გატანაც მოახერხე, ეს ფორმაში შესვლაში ალბათ უფრო მეტად დაგეხმარება... წინა წელი ჩემთვის ძალიან მძიმე გამოვიდა, რადგან ტრავმებმა შემაწუხა. ასევე ჩემი ყოფილი გუნდი "არკაც" სახარბიელო სიტუაციაში ნამდვილად არ იყო. პოლონურ კლუბში ბევრი პრობლემა იყო და საბოლოოდ სასურველი თამაშის ჩვენება ვერ შევძელით. როცა შემტევი ხარ, შენთვის სტატისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო როცა მოედანზე გასვლას და გოლის გატანას ვერ ახერხებ, ეს მდგომარეობას ართულებს. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ თამაშის შესაძლებლობა მომეცა, ამისთვის მადლობა ჩისკოს და მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ჩემს მიერ მოპოვებული პენალტის დარტყმის ნება დამრთეს. ეს გუნდთან ადაპტაციაში და სასურველ ფორმაში შესვლაში კიდევ უფრო დამეხმარება. "დინამოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმე. რა იქნება შემდეგ? ამ ყველაფერზე საუბარი ალბათ სეზონის დასრულების შემდეგ უფრო უკეთ შემეძლება. იმედი მაქვს, იქამდე ჩემი თამაშით გუნდის დახმარებას მოვახერხებ და კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელი გავხდები, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს. სეზონის დასრულების შემდეგ ორივე მხარე უფრო უკეთ გავისაუბრებთ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საქართველოდან დიდი ხნის წინ წახვედი. დაბრუნების შემდეგ რამდენად განსხვავებული საფეხბურთო გარემო დაგხვდა?  საქართველოს ჩემპიონატში აქამდე არასდროს მითამაშია, თუმცა ჩემი ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ვცდილობდი ეროვნული ჩემპიონატისთვის თვალი მედევნებინა და მგონი აშკარაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა. მთლიანად ეროვნული ლიგა სწორ გზას ადგას, ისევე როგორც მთლიანად ქართული ფეხბურთი, რასაც უკვე საქართველოს ნაკრების შედეგები აჩვენებს. იმედი მაქვს, ჩვენი ფეხბურთი საკლუბო დონეზე წარმატების მიღწევასაც მოახერხებს.
No description available.
ეროვნული გუნდი ახსენე. შენ სანაკრებო გამოცდილებაც გაქვს და აქედან გამომდინარე მინდა გკითხო, როგორია ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსები? რა თქმა უნდა, ეს ისტორიული შანსია, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. ჩვენ მაკედონიასთან უკვე ორი შეხვედრა ჩავატარეთ და ორივე ფრედ დავასრულეთ, თუმცა, ფაქტია, რომ მეტოქე გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე ეს გასულ მატჩებში გამოჩნდა. წინა შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ორივე გუნდი ცდილობდა, მეტოქისთვის საკუთარი თამაში და უპირატესობა დაემალა. ორივე მწვრთნელი შეეცადა, რომ თავისი ვიზავისთვის საკუთარი თავის გაშიფვრის შესაძლებლობა არ მიეცა. ჩვენი კოზირი რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იქნება, თუმცა გუნდური შემართება და თითოეული ფეხბურთელის მაქსიმალური კონცენტრირებაა საჭირო, მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელი არ უნდა დავწნეხოთ. მას დიდი მომავალი აქვს, მართალია პირადად შეხება არ მქონია, მაგრამ ეტყობა, რომ ძალიან შრომისმოყვარე ბიჭია და დიდი მომავალი აქვს. ეს არის სანატრელი ოცნება, რომელიც ყველამ ერთად უნდა ავიხდინოთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვიზეიმოთ.
დავით სხირტლაძე: ტექნიკური ფეხბურთით ირლანდიის დამარცხებაც შეგვიძლია და  უელსისაც - სპორტული პორტალი

სხვა სტატიები