Belive

ჩაბრაძე კლინიკიდან გამოწერეს - ნაკრების მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, "დინამო ბათუმმა" ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში წყალტუბოს "სამგურალს" - 3:0 სძლია. აჭარული კლუბის მხრიდან გოლები ჯოვინო ფლამარიონმა, ელგუჯა ლობჯანიძემ და გუგა ფალავანდიშვილმა გაიტანეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი 51-ე წუთი გამოდგა, როცა ძალზედ არასაიამოვნო რამ მოხდა. წყალტუბოელთა ცენტრალურ მცველს, დავით მაისაშვილსა და ბათუმელთა და საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს, გრიგოლ ჩაბრაძეს შორის შეჯახებას ამ უკანასკნელის სერიოზული ტრავმა მიიღო. როგორც გაირკვა, 25 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ყელის არეში მიიღო, რამაც მისი გათიშვა გამოიწვია, საბოლოოდ კი ჩაბრაძე სასწრაფო დახმარების მანქანის მეშვეობით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც Live.ge-სთვის "დინამო ბათუმის" მხრიდან ცნობილი გახდა, ფეხბურთელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, კლინიკიდან გამოწერილია, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მალე სპორტულ აქტივობასაც განაახლებს - გრიგოლ ჩაბრაძე 12 აპრილს გასამართ ვარჯიშში მონაწილეობასაც მიიღებს. 7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 16 ქულით (5 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი)"დინამო ბათუმი" ეროვნული ლიგის ცხრილის სათავეშია და შემდეგ მატჩს 18 აპრილს, საშინაო კედლებში, "გაგრას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები