Belive

ბათუმის დინამომ შინ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და სამეულში შევიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბათუმის "დინამომ" საშინაო არენაზე ზედიზედ მეორედ, კვლავაც - 2:0 იმარჯვა. ქუთაისის "ტორპედოს" შემდეგ, აჭარლებმა "სამტრედიას" სახით მიჯრით მეორე იმერულ კლუბს აჯობეს. შეხვედრაში, რომელიც წვიმიან ამინდში წარიმართა, ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი და ლამაზი დარტყმით მეტოქის კარი ვაგნერ გონსალვეშმა აიღო, ფრანგმა შემტევმა "დინამოს" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. მეორე ბურთი მასპინძლებმა უკვე მატჩის მიწურულს შეაგდეს. თავისივე დაწყებული შეტევა ჯაბა ჯიღაურთან გათამაშების შემდეგ, ზუსტი დარტყმით თორნიკე გაფრინდაშვილმა დააგვირგვინა. ამ მოგებით ბათუმელებმა 13 ქულა დააგროვეს, ცხრილში მესამე ადგილი დაიკავეს და ლიდერ "დილას" მსგავსად ლიგაში კვლავაც წაუგებლები არიან. რაც შეეხება "სამტრედიას", მათ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს და 8 ქულით გასავარდნ ზონაში ჩაეშვნენ (მერვე ადგილზე). შემდეგი ტურის შეხვედრებში, რომელიც შესაბამისად 9 და 11 აგვისტოს გაიმართება, "დინამო" "ჩიხურას", ხოლო "სამტრედია" "საბურთალოს" დაუპირისპირდება. ორივე გუნდი თბილისში ითამაშებს. "დინამო": ალავიძე (კ) - მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - ტეიდი, მანჯგალაძე, გონსალვეში (თევდორაძე, 90+1), ფლამარიონი (რეინალდო, 84), ჯიღაური, ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი, 67). (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. "სამტრედია": კულუა - რუხაია, კილასონია (კ), თოთაძე, ჯერენაია - ყურბანოვი (ინკუმი, 11), მესიაჩენკო (ახალაძე, 74), დისი, კვირკვია - ქოჩლაძე - იმნაძე. (4-4-1-1). მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა. გოლი: 1:0 ვაგნერ გონსალვეში (37), 2:0 თორნიკე გაფრინდაშვილი (90+2). გაფრთხილება: გიული მანჯგალაძე (32), გიორგი ნიქაბაძე (45+2),  დიეგო დისი (54), ვაგნერ გონსალვეში (72), გიორგი ახალაძე (75), გოდფრი ობოაბნოა (77), ლაშა თოთაძე (79), მიხეილ ალავიძე (79), თორნიკე გაფრინდაშვილი (82), ვარლამ კილასონია (85). მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი. ფოტო: ს. კ დინამო "ბათუმი".

სხვა სტატიები