Belive

ჩისკოს სადებიუტო გამარჯვება - დინამო თბილისმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა ნეიტრალურ არენაზე, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს წინა სეზონის ჩემპიონი და მეორეადგილოსანი გუნდები, შესაბამისად, თბილისის და ბათუმის "დინამოები" დაუპირისპირდნენ. მატჩი ბათუმში უნდა გამართულიყო და მას ახალი სტადიონი საზეიმო ვითარებაში უნდა გაეხსნა, თუმცა აჭარაში არსებულმა რთულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ ამას ხელი შეუშალა. მატჩამდე გუნდები სატურნირო ცხრილში საწყის პოზიციებს იკავებდნენ. ბათუმელებს 19 ქულა ჰქონდათ და წაუგებლად ლიდერობდნენ, მხოლოდ ერთხელ დამარცხებულ თბილისელებს კი მინიმალურად ნაკლები ქულა და სატურნირო პოზიცია ჰქონდათ. ამ შეხვედრაშ გუნდს პირველად უთავკაცა "დინამოში" დაბრუნებულმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა. ესპანელმა სპეციალისტმა ძირითადი შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა და შანსი ახალგაზრდა და ლეგიონერ ფეხბურთელებს მისცა - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სასატარტო თერთმეტეულში მოხვდა სლოვაკი თავდამსხმელი ფილიპ ორშულაც. რაც შეეხებათ ბათუმელებს, მათ წინა მატჩებისგან განსხვავებით ერთი ცვლილების გაკეთება მოუწიათ - გიორგი ნავალოვსკიმ, რომელიც სანაკრებო პაუზის დროს დაშავდა, ძირითადში ლაშა ჩალაძე მოხვდა. მატჩის საწყის წუთებში უპირატესობა ნომინალური მასპინძლების მხარეს იყო, თუმცა მალე ბურთს დედაქალაქელები დაეუფლნენ და სახიფათო მომენტების შექმნა დაიწყეს. ყველაზე აქტიური გიორგი გაბედავა იყო, რომლის რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, თუმცა შეხვედრის 39-ე წუთზე უძლიერესი შორეული დარტყმით მიხეილ ალავიძის კარი აიღო და ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. ზუსტად 6 წუთში, თბილისელებმა ანალოგიური ბურთის შეგდება მოახერხეს. ამჯერად ზუსტად იგივე პოზიციიდან "დინამოს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ გაისროლა, რომლის წინა მცდელობისასაც ბურთი ხარიხას მოხვდა, ამჯერად კი მიხეილ ალავიძის კარში აღმოჩნდა - 0:2. "დინამო თბილისმა" მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და უკვე 52-ე წუთზე მესამე ბურთის შეგდება მოახერხა. მესამე გოლიც საჯარიმოს გარედან გავიდა და წინების მსგავსად ძალიან ლამაზი იყო. ამჯერად ფილიპ ორშულამ მეორე საგოლე გადაცემა უკვე გიორგი ზარიას გაუკეთა, რომელმაც ბურთი მშვენივრად ჩამოიღო და ზუსტი, მოჭრილი დარტყმით ალავიძის კარი დალაშქრა - 0:3. სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურების შემდეგ, "დინამომ" ბურთი დათმო და მეორე ნომრად თამაში დაიწყო. ბათუმელებმა შეუტიეს, თუმცა თბილისელები თავს მწყობრად იცავდნენ და მეტოქეს რეალურ მომენტს არ აქმნევინებდნენ. ამის მიუხედავად, ფილიპ ორშულას შეცდომას საკუთარ საჯარიმოში 11-მეტრიანი მოჰყვა, ბურთთან ჯაბა ჯიღაური მივიდა, თუმცა მას ყოფილი გუნდის კარის აღებაში ხელი როინ კვასხვაძემ შეუშალა. დარჩენილ დროში, ბათუმელებმა ერთი გოლის გატანა მაინც შეძლეს - გიორგი კუციამ 87-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ამჯერად, ბურთთან ვალერიან თევდორაძე მივიდა, რომლის დარტყმულსაც როინ კვასხვაძე შეწვდა, თუმცა ბოლომდე მოგერიება ვერ მოახერხა - აჭარლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა საბოლოოდ მატჩი თბილისელთა გამარჯვებით - 3:0 დასრულდა. ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე ჩამოქვეითებული ბათუმელები სეზონში პირველად დამარცხდნენ და ამრიგად, მიმდინარე გათამაშებაში წაუგებელი აღარცერთი გუნდი დარჩა. საინტერესოა ისიც, რომ ამ სეზონში ბათუმელებმა ერთზე მეტი გოლი პირველად გაუშვეს. "დინამო ბათუმი": ალავიძე - მამუჩაშვილი, ობოაბონა, კობახიძე, ჩალაძე, ჯიღაური, ტეიდი (შერგელაშვილი, 73), მანჯაგალაძე - გონსალვეში (თევდორაძე, 81), რეინალდო, ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი, 53). (4-3-2-1). "დინამო თბილისი": კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე - ქარდავა (კუცია, 82), პაპავა - ორშულა, ზარია (კუხიანიძე, 59), ქავთარაძე - გაბედავა (კაპანაძე, 68). (4-2-3-1). გოლი: 0:1 გიორგი გაბედავა (39), 0:2 ბაქარ ქარდავა (45), გიორგი ზარია (52), 1:3 ვალერიან თევდორაძე (89). გაფრთხილება: ნოდარ ქავთარაძე (72), ბაგნერ გონსალვეში (78), გიორგი კუცია (87). მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.

სხვა სტატიები