Belive

დებიუტანტმა მოქმედ ჩემპიონს ქულა მეორე მატჩშიც აართვა -ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. სეზონის მეორე ნახევრის სადებიუტო შეხვედრა კახეთის ცენტრში შედგა და აქ "თელავმა" "დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩს მოქმედი ჩემპიონი 18 ქულით და პირველი წრის გამარჯვებულის სტატუსით შეხვდა, ელიგის დებიუტანტ გუნდს კი 12 ქულა და მეხუთე პოზიცია ჰქონდა. მატჩის პირველ ნახევარში გამოკვეთილი უპირატესობა არცერთ გუნდს ჰქონია. ბურთს უფრო მეტად მასპინძლები აკონტროლებდნენ და შეტევაშიც უფრო აქტიურები იყვნენ, თუმცა მათ მცდელობებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. პირველი ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი ნოდარ ქავთარაძეს შეექმნა - 31-ე წუთზე "დინამოელთა" შემტევის დარტყმულ ბურთს კარში შესვლაში ხელი ძელმა შეუშალა. იმის გათვალისწინებით, რომ თელავის არენა სრულად სავსე იყო და გულშემატკივარი სტადიონის მისადგომებსაც არ აკლდა, მატჩს თან გამორჩეული ატმოსფერო ახლდა. ეს გუნდებს აქტიური თამაშისკენ უბიძგებდა და ბურთი მოედნის ნახევარში ფაქტობრივად არ ჩერდებოდა. მეორე ნახევრის სტარტზე, ფსიქოლოგიური უპირატესობის მქონე მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მალე, შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი ლაშა კოხრეიძემ შექმნა, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, შემოტრიალდა და ხარიხას მცირე მანძილით გადააცილა. მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან სტუმრებიც გააქტიურდნენ. ორჯერ მეკარის პირისპირ ცვლილებაზე შემოსული ირაკლი ბუღრიძე აღმოჩნდა, თუმცა ლევან სანიკიძემ დასწრებაზე უშეცდომოდ ითამაშა. მიუხედავად ორივე გუნდის არაერთი მცდელობისა, საბოლოოდ ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა - 0:0. ამრიგად, გუნდებმა ქულები გაიყვეს: "თელავს" 13, "დინამოს" კი 19 ქულა აქვს და ჯერჯერობით დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ. შემდეგ ტურში, რომელიც ზუსტად 1 თვეში დაიწყება, ბათუმში, "დინამოების" დაპირისპირება შედგება, "თელავი" კი "დილას" გორში დაუპირისპირდება. "თელავი": სანიკიძე - დიმიტროვსკი, თოლორდავა, ბერიაშვილი - ჩაბრაძე, მიხეილ ბაშალეიშვილი, მოსიაშვილი, ჩუკვურა - რუხაძე (სამუშია), კოხრეიძე, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი. (3-4-3). მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე. "დინამო": კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური - პაპავა, ქარდავა - შულაია, კუცია (კუხიანიძე, 61), ქავთარაძე (ბუღრიძე, 72) - გაბედავა  (პერნამბუკო, 86). (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი. გაფრთხილება: აკაკი შულაია (24), რაფაელ ჩუკვურა (27), ანტონ თოლორდავა (37), გრიგოლ ჩაბრაძე (44), გიორგი კუცია (60), გიორგი კუხიანიძე (87). მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი. დისკვალიფიკაცია: გიორგი ქიმაძე ("დინამო თბილისი"). ფოტო: ს.კ დინამო თბილისი.

სხვა სტატიები