Belive

2 მოუგებელი ტურის შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა სამტრედია მარტივად დაამარცხა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მესამე შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენაზე შედგა - აქ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა "სამტრედიამ" მოქმედ ჩემპიონ "დინამო თბილისს" უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა. მატჩამდე, მასპინძლებს 8 ქულა ჰქონდათ და მეექვსე პოზიცია ეკავათ, ხოლო სტუმრებს 1 ქულით მეტი ჰქონდათ და მეოთხე ადგილზე იმყოფებოდნენ. მატჩის საწყის წუთებში ბურთს კახა კაჭარავას შეგირდები ათამაშებდნენ და მეტოქის კარზე რამდენჯერმე იერიშიც მიიტანეს, მე-15 წუთის შემდეგ კი უპირატესობა "დინამოელებმა" გადაიბარეს და 5-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს. ანგარიში მე-17 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, რომელმაც სიმონ ბენიოსგან მიღებული ბურთი ჩვეული, შორეული და უზუსტესი დარტყმით მეტოქის კარში გაგზავნა - კონსტანტინე სეფიაშვილს შანსი არ ჰქონია. სამ წუთში, დაახლოებით იმავე წერტილიდან უკვე ვიტორ პერნამბუკომ გაისროლა, მის მოჭრილ დარტყმულს სეფიაშვილი შეწვდა, მაგრამ მოგერიება ვერ მოახერხა. ასისტენტობა ამ შემთხვევაში თორნიკე კაპანაძემ გასწია, ვინც ორ წუთში გატანა თავადაც შეძლო. თბილისური კლუბის ახალწვეულს პერნამბუკმ ვალი დაუბრუნა და საგოლედ უპასა - 0:3. სიტუაცია არც მეორე ნახევარში შეცვლილა, როცა დინამომ კიდევ ერთი, მატჩში საბოლოო გოლი გაიტანა. 61-ე წუთზე, კობორუმა საჯარიმოში ბურთი ჭკვიანურად გაგზავნა, რომელზეც ტექნიკურად ნოდარ ქავთარაძემ ითამაშა და დუბლი გაიფორმა - საბოლოოდ, "დინამომ" 4:0 იმარჯვა. ამ გამარჯვებით, "დინამომ" 12 ქულა დააგროვა, მეშვიდე ტურის შემდეგ სამეულში ადგილი დაიბევა, ხოლო "სამტრედიას" 8 ქულა დარჩა და ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა. შემდეგ ტურში, თბილისელები "ჩიხურას", იმერლები კი ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდებიან. "სამტრედია": სეფიაშვილი - რუხაია, სამბოუ, კილასონია, ახალაძე - პავიშჩი, კერძევაძე (მესიაჩენკო, 59) - ინკუმი, დისი (ქოჩლაძე, 59), კვირკვია (იმნაძე, 68) - ყურბანოვი. (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა. "დინამო": კვასხვაძე - ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური - პაპავა, მექვაბიშვილი - ქავთარაძე, პერნამბუკო (კუხიანიძე, 73), ბუღრიძე (კუცია, 59) - კაპანაძე (გაბედავა, 64). (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი. გოლი: 0:1 ნოდარ ქავთარაძე (17), 0:2 ვიტორ პერნამბუკო (20), 0:3 თორნიკე კაპანაძე (22), 0:4 ნოდარ ქავთარაძე (61). გაფრთხილება: ნიჯატ ყურბანოვი (32).

სხვა სტატიები