Belive

2022 წლიდან ეროვნულ ლიგაში VAR სისტემის დანერგვა იგეგმება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნულ ლიგაში 2022 წლიდან ვიდეო ასისტენტ რეფერის სისტემა დაინერგება. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. VAR-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოში ფიფას წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.
"ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფიფა-ს სპეციალისტებთან ერთად სფფ-ის სპეციალურ ჯგუფთან ერთად იმ სამუშაოების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც VAR-ის ტექნოლოგიის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დასანერგადაა საჭირო. მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემის დასანერგად შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც FIFA-ს ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. საქართველოში აღნიშნული სისტემის დანერგვა 2022 წლიდან იგეგმება", - წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმაც გააკეთა: ":ფიფა-სთან უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა საქართველოში ვიდეო რეფერის დანერგვასთან დაკავშირებით. 17-18 ნოემბერს ფიფა-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები იმართება თბილისში. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული სისტემის ეროვნულ ჩემპიონატში დანერგვა და უკვე 2022 წლიდან შევძლოთ მისი გამოყენება. ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ ყველა იმ პროცედურის შესახებ, რაც სავალდებულოა იმისათვის, რომ ფიფა-სგან მივიღოთ ლიცენზია და მოგვეცეს შიდა ჩემპიონატში ვიდეო რეფერით სარგებლობის უფლება. პროცესი მოიცავს მსაჯების გადამზადებას, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატელევიზო გადაღების გამართვას. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ ყველა დეტალს და შედგება სამუშაო გრაფიკი. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში აღნიშნული პროცესი გახანგრძლივდა, თუმცა, სასიხარულოა, რომ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელებმა უკვე შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მათი დახმარებით, მალე შევძლებთ ჩვენ ჩემპიონატში ამ სისტემის დანერგვას".
 
"VAR-ის სისტემის საქართველოში დანერგვის პროცესი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ და შეხვედრები ონლაინ ფორმატით იმართებოდა. დღეს ფიფას წარმომადგენლებმა უკვე მოახერხეს საქართველოში ჩამოსვლა, ისინი უშუალოდ გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ამ პროექტთან დაკავშირებით", - თქვა გიორგი ვადაჭკორიამ.
წყარო: სფფ

სხვა სტატიები