Belive

ეროვნული ლიგა: XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

2 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგა ზაფხულის ერთთვიან შესვენებაზე გავიდა, იქამდე კი 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, რის მერეც ევროთასების წინ, სატურნირო ცხრილში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა მივიღეთ.
ტურის გახსნითი და ამავე დროს არამხოლოდ სათამაშო კვირის, არამედ მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი ლიდერი, ორი "დინამო" დაუპირისპირდა და რომელშიც ბათუმელებმა მასპინძლებს - 2:1 აჯობეს. გია გეგუჩაძის გუნდმა მატჩის შემოტრიალება მეორე ნახევარში მოახერხა, რაშიც უდიდესი წვლილი ირაკლი აზაროვმა შეიტანა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა გარდა ყოფილი კლუბის კარში გატანილი გოლისა, მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის ინდივიდუალური პერფორმანსის გამორჩეული მაგალითი აჩვენა. გოლის და თანაც გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ჯოვინო ფლამარიონმა, რომლისთვისაც ეს საქართველოს ჩემპიონატში ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველი გოლი გახლდათ.
No description available.

კიდევ ერთი შეხვედრა უშუალო კონკურენტებს შორის ასევე 1 ივლისს შედგა და მასში ერთმანეთს საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდები, გორის "დილა" და თბილისის "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში გოლები მასპინძელთაგან თორნიკე კაპანაძემ და უსმანე კამარამ, ხოლო სტუმართაგან მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს.
ტურის მეორე სათამაშო დღეს, 2 ივლისს კიდევ ერთი, ე.წ. 6-ქულიანი მატჩი გაიმართა - ფოთში, "ფაზისი არენაზე", ქობულეთის "შუქურამ" "სამტრედიას" ჯეფერსონ ჯერალდოსა და ზურაბ მუსელიანის გოლებით, უპასუხოდ მოუგო.
21-ე ტური 4 ივლისს დასრულდა, როცა ორი შეხვედრა გაიმართა. თელავში, "კავკასიონი არენაზე" ადგილობრივმა "თელავმა" წყალტუბოს "სამგურალთან" ანგარიში გიორგი ჯანელიძის გოლით გახსნა, ხოლო იმერლებმა წონასწორობა ალექსანდრე ვერულიძის პენალტით აღადგინეს - 1:1.
სათამაშო კვირის დასკვნითი და 7 აგვისტომდე ბოლო შეხვედრა თბილისში, "მიხეილ მესხზე​" შედგა და მასში "საბურთალომ" მოედანზე 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებით გამოსულ ქუთაისის "ტორპედოს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი აკაკი შულაიამ, ოგაგა ოდუკომ და შოთა ნონიკაშვილმა გამოიჩინეს.

21-ე ტურის შედეგები

სატურნირო მდგომარეობა 21-ე ტურის შემდეგ

21 ტურის შემდეგ, "დინამო ბათუმმა" 43 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა, თანაც უშუალო კონკურენტ, მოსახელე თბილისურ კლუბს ორი ქულით გაასწრო. შესვენების წინ სამეულში ადგილი დაიბრუნა "საბურთალომ", რომელმაც თავი 35 ქულას მოუყარა. ქვეყნის მოქმედმა მესამეადგილოსანმა, გორის "დილამ", ცუდი სერიის შემდეგ მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო და 35 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება თბილისის "ლოკომოტივს", რომელიც ორიოდე ტურის წინ სამეულში იმყოფებოდა, მიჯრით ორი მატჩი დათმო და ახალ ცხრილის შუაშია და ზედა ხუთეულს ასრულებს, მათი მონაგარი 33 ქულაა. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, აქედან თავი ქობულეთის "შუქურამ" დააღწია, რომელთა მონაგარიც 20 ქულაა, ბოლო სამ საფეხურს კი შესაბამისად ქუთაისის "ტორპედო", "თელავი" და "სამტრედია", 19, 19 და 10 ქულით იკავებენ.

სტატისტიკა

ბომბარდირთა დავას კვლავინდებურად, უცვლელად ლიდერობს გიორგი ფანცულაია, რომელსაც მთავარი კონკურენტის ორი თავდამსხმელი, ზორან მარუშიჩი და გიორგი გაბედავა, შესაბამისად, 9 და 8 გოლით აწუხებენ. 7-ჯერ მეტოქის კარი დმიტრი მანდრიჩენკომ, ირაკლი სიხარულიძემ და სერგო კუხიანიძემ დალაშქრეს, ხოლო 6-6 ბურთის შეგდება თორნიკე კაპანაძემ და იური ტაბატაძემ შეძლეს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საგოლე გადაცემებში ლიდერი შეიცვალა - ჯაბა ჯიღაურს აკაკი შულაიამ გადაუსწრო, "საბურთალოს" ახალწვეულს თანაგუნდელებისთვის უკვე 6 შედეგიანი პასი აქვს გაკეთებული. რაც შეეხება დაცვით ფუნქციებს, აქ 10-ჯერ კარის მშრალად შემნახველ "დინამო ბათუმის" გოლკიპერ ლაზარე კუპატაძეს ყოფილ კლუბში მისი შემცვლელი ოთო გოშაძე წამოეწია, მესამე ადგილზე კი როინ კვასხვაძეა, რომელმაც თავისი გუნდის კარის უსაფრთხოება სუფთად 9 შეხვედრაში დაიცვა.

21-ე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: ლაზარე კუპატაძე (“დინამო ბათუმი”). მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (“დინამო ბათუმი“), ალეფ სანტოსი (“დილა”), ლევან კაკუბავა ("საბურთალო"), ირაკლი აზაროვი (“დინამო ბათუმი”). ნახევარმცველები: ზურაბ მუსელიანი ("შუქურა"), სანდრო ალთუნაშვილი (“დინამო ბათუმი”), ირაკლი რუხაძე ("თელავი"). თავდამსხმელები: აკაკი შულაია ("საბურთალო"), თორნიკე კაპანაძე, უსმანე კამარა (ორივე გორის "დილა"). მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (“დინამო ბათუმი”). განლაგება: 4-3-3. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი: ირაკლი აზაროვი (“დინამო ბათუმი“).
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ:  ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები