Belive

დინამოების დაპირისპირება ბათუმურმა კლუბმა მოიგო - აჭარლები ჩემპიონატში გალიდერდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში, ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მთავარი კანდიდატი, თბილისისა და ბათუმის "დინამოები" დაუპირისპირდნენ. აღიარებულ ლიდერთა მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, აჭარელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. "დინამო არენაზე" ჩატარებული მატჩის აფიშის შესაბამისად, თამაში დაძაბული და მძიმე გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ორივე გუნდის ფეხბურთელები ფრთხილობდნენ და შეცდომის დაშვებას მაქსიმალურად ერიდებოდნენ, ისინი არც მეტოქეთა მიმართ უხეშობას ერიდებოდნენ. სწორედ ამის შედეგია ის, რომ საწყის 45 წუთში, ირაკლი კვირიკაშვილმა სამი ფეხბურთელი გააფრთხილა. სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და მეტოქის კარის დალაშქვრას ბურთის კონტროლითა და მწყობრი იერიშებით ცდილობდნენ, მასპინძლები კი კონტრშეტევებზე აქტიურობდნენ, განსაკუთრებით თორნიკე ახვლედიანი, რომელიც მეორე ნახევრის სტარტიდან კარლოს კასტრომ შეცვალა. მეორე ნახევარში, მასპინძლებმა თამაშის გამოსწორება სცადეს, რასაც ხელი ფორვარდების მოხსნას და მოედანზე თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე შემქმნელი ფეხბურთელის, გიორგი კუციას შემოშვება მოჰყვა. ამით, „დინამომ“ ბურთის ფლობაში მეტოქის უპირატესობა შეასუსტა, მაგრამ სხვა ყველა კომპონენტში მეტოქე უკეთესი იყო. მალე, სტუმრების აქტიურობას გოლიც მოჰყვა. 66-ე წუთზე, ლუკა გაგნიძემ ბურთი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან სანდრო ალთუნაშვილს ჩააბარა, რომლის გამჭოლ გადაცემასაც ჯერ ჯიღაურის, დამატებაზე კი გიული მანჯგალაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა - როინ კვასხვაძე ბურთს კი შეწვდა, მაგრამ გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო - 0:1. დარჩენილ დროში, ანგარიში აღარ შეცვლილა და ბათუმელებმა შეხვედრა 3 ქულის მოპოვებამდე მიიყვანეს. ამ გამარჯვებით, აჭარულმა კლუბმა 7 ქულა დააგროვა და ამ ეტაპისთვის, ჩემპიონატის სათავეში აღმოჩნდა, თბილისელები კი 4 ქულით, ჯერჯერობით მესამე პოზიციაზე რჩებიან. შემდეგ ტურში თბილისური კლუბი „საბურთალოს“ უმასპინძლებს (14 მარტი, „დინამო არენა“), ხოლო ბათუმელები „სამტრედიას“ ნომინალური მასპინძლის სტატუსით, გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“, 13 მარტს დაუხვდებიან. "დინამო თბილისი": კვასხვაძე - პაპავა (კ) (კობოური, კობოური, 33), ბენიო, მონხილი - სპორკსლეიდი, რადინი, მექვაბიშვილი (ქარდავა, 78), გაგნიძე (კეიტა, 78) - მარუშიჩი, გაბედავა (კუცია, 57), ახვლედიანი (კასტრო, 46) (3-4-3). მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭელიძე. "დინამო ბათუმი": კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი (ნავალოვსკი, 90+2) - ტეიდი (ჩუკვურა, 90+2), ალთუნაშვილი (გროცურეკი, 81) - მამუჩაშვილი (ფანცულაია, 81), რადინი, მანჯგალაძე - ნიქაბაძე (მჭედლიძე, 75) (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. გოლი: გიული მანჯგალაძე (66). გაფრთხილება: გიული მანჯგალაძე (15), ფაბიან სპორკსლეიდი (24), მილან რადინი (45) მსაჯი: ირაკლი კვირიკაშილი.

სხვა სტატიები