რა თანხა და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა 1/8-ფინალში გასვლით?!
რომის მასტერსის 1/16-ფინალში, საქართველოს #1-მა ჩოგბურთელმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მსოფლიოს 32-ე ჩოგანი, ამერიკელი - ბრენდონ ნაკაშიმა 2 სეტში დაამარცხა და რომის მასტერსის 1/8-ფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა საკმაოდ უხერხულ მეტოქეს 2 სეტში აჯობა და მატჩი არასრულ 2 საათში მოიგო. პირველ სეტში ნიკამ ტაი-ბრეიკში 6:7 მოიგო, მეორე სეტის მეხუთე გეიმში კი ქართველი დაბრეიკდა, თუმცა შემდეგ ჩაწოდებაშივე შეძლო უკუბრეიკის შესრულება და თამაშში დაბრუნდა. ყველაფერი მეორე სეტის მე-10 გეიმში გადაწყდა, სადაც ნიკამ მეტოქე მისივე ჩაწოდებაზე დააბრეიკა და ტაბლოზე მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა (6:7; 4:6).
34 წლის ქართველი ჩოგბურთელი იმ ჩოგბურთს თამაშობს, რომლთაც ჩოგბურთის მოყვარულებს თავი შეაყვარა - იგი ბრწყინვალე ფორმაში გამოიყურება და რაც ყველაზე მთავარია, გრძნობს, რომ უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბასილაშვილის მასტერსის 1/8-ფინალში 2021 წლის შემდეგ აღარ გვინახავს. რომის მასტერსის 1/8-ფინალში კი მისი მეტოქე, რუსი - ანდრეი რუბლევი იქნება, რომელთანაც 7-ჯერ გვაქვს ნათამაშები, საიდანაც 3-ჯერ ბასილაშვილმა მოიგო, 4-ჯერ კი გამარჯვება რუბლევს დარჩა.
კონკრეტულად თიხის საფარზე, ბასილა და რუბლევი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, სადაც 2019 წელს ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი მეტოქე ჰამბურგის ტურნირის ფინალში დაამარცხა და ტიტული მოიგო.
სარეიტინგო ქულები და გამომუშავებული თანხა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის 1/8-ფინალში გასვლით, მსოფლიო რეიტინგში 100 ქულა დაიმატა, რითაც ამ წამის მონაცემებით, მსოფლიო 569 სარეიტინგო ქულა აქვს, რითაც 5 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 112-ე ჩოგანია. აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ ბასილაშვილი 1/8-ფინალში რუბლევის დამარცხებას შეძლებს, ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 100-ეულში დაბრუნდება და 90-ე პოზიციამდე დაწინაურდება.
რაც შეეხება გამომუშავებულ თანხას, ნიკოლოზმა 1/8-ფინალში გასვლით €92,470 ევრო გამოიმუშავა.
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ანდრეი რუბლევის მატჩი 13 მაისს გაიმართება.