Belive

ყველაფერი, რაც როლან გაროსის მიმდინარე სეზონის შესახებ უნდა ვიცოდეთ

4 წლის წინ ჩოგბურთი
7 წთ
საფრანგეთში მიმდინარე საჩოგბურთო ზეიმი ანუ დიდი სლემის ტურნირი, სახელად - "როლან გაროსი," საფინალო რაუნდების ფაზაში გადავიდა, ცნობილია ყველა 1/4-ფინალური წყვილი.
აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ დარჩენილია 8 უძლიერესი ჩოგბურთელი, შესაბამისად პუბლიკა მათგან საოცარ სანახაობას ელოდება. 1/8-ფინალურ შეხვედრებში ფაქტობრივად სენსაცია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, ხუან-მარტინ დელ პოტროს დამარცხებას კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ. როლან გაროსის ფავორიტად, "ტრადიციულად" რაფაელ ნადალია მიჩნეული, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია.  

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ჟან-ლეონარდ შტრუფი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: 
  6:3, 6:2, 6:2 - ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.
ნოვაკ ჯოკოვიჩი საწყისი რაუნდებიდან მოყოლებული უშეცდომოდ ასპარეზობს, არანაირი ხიფათის წინაშე არ დამდგარა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სერბი როლან გაროსისათვის შესანიშნავადაა მომზადებული.1/4-ფინალურ ეტაპამდე ნოლეს არცერთი სეტი არ წაუგია. რაც შეეხება შტუფს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 45-ე ნომერია, მიუხედავად იმის, რომ ნოლეს წინააღმდეგ მან მხოლოდ 7 გეიმის მოგება მოახერხა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ როლან გაროსზე მისი ასპარეზობა წარმატებული იყო.
   

როჯერ ფედერერი Vs. ლეონარდო მაიერი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: 
  6:2, 6:3, 6:3 - ფედერერის სასარგებლოდ.
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, 37 წლის როჯერ ფედერერი, საფრანგეთის ღია პირველობაზე ფენომენალურ ჩოგბურთს აჩვენებს. მაესტრო პირველი რაუნდიდან დაწყებული, 1/8-ფინალური შეხვედრით დასრულებული უმოკლედ დროში ახერხებს მომდევნო ეტაპის საგზურების განაღდებას. როჯერს ბოლო მეტოქედ ლეონარდო მაიერი ჰყავდა, რომელსაც საათსა და 45 წუთში გაუმკლავდა, შვეიცარიელმა მეტოქეს 8 გეიმი დაუთმო.
 

სტანისლას ვავრინკა Vs. სტეფანოს ციციპასი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  7:6(6), 5:7, 6:4, 3:6, 8:6 - ვავრინკას სასარგებლოდ.  გამომდინარე იქედან, რომ რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის უკონკურენტო რეკორდსმენია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტანისლას ვავრინკა იმ უიშვიათეს თანამედროვე ჩოგბურთელებს შორის შედის, რომელთაც როლან გაროსის ტიტული აქვთ მოპოვებული, მან 2015 წელს მოახერხა და ფრანგული ტურნე ტრიუმფით დაასრულა. ამჟამად ვავრინკა მსოფლიო რეიტინგში 28-ე პოზიციაზეა, დიდი დაღმასვლის შემდეგ შვეიცარიელი საკმაოდ კარგად გამოიყურება, მან 1/8-ფინალში უდიდესი ბარიერი, ბერძენი ვარსკვლავი სტეფანოს ციციპასი, დაძლია. შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა, თუმცა მაყურებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ შეხვედრას ღირსეული გამარჯვებული ჰყავდა.
   

რაფაელ ნადალი Vs. ხუან-იგნასიო ლონდერო

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
 
6:2, 6:3, 6:3 - ნადალის სასარგებლოდ. პირველ რიგში აუცილებლად უნდა შევეხოთ ხუან-იგნასიო ლონდეროს, რომელმაც როლან გაროსის პირველი ეტაპიდან საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოასალმა ასპარეზს. ლონდერო თითზე ჩამოსათვლელ ჩოგბურთელებს შორისაა, რომელზეც როლან გაროსის შემდეგ აუცილებლად ისაუბრებენ, მის ასპარეზობას მომდევნო ტურნირებზე პუბლიკა მოუთმენლად ელის, ვინაიდან არგენტინელმა მოახერხა და უზუსტესი დარტყმების, ბრწყინვალე ვინერსების, სწრაფი და შემტევი სტილით მაყურებელს თავი ძალიან კარგად დაამახსოვრა. რაც შეეხება მატადორს, ის როლან გაროსის 11-გზის გამარჯვებულია. ნადალი წლევანდელ როლან გაროსს ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა და ასეც აგრძელებს, მან მხოლოდ ერთი სეტი წააგო განვლილი გზის განმავლობაში.
 

კეი ნიშიკორი Vs. ბენუა პერი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  6:2, 6:7(8), 6:2, 6:7(8), 7:5 - ნიშიკორის სასარგებლოდ.  კეი ნიშიკორი როლან გაროსის პირველი რაუნდის შემდეგ დამაჯერებლად ნამდვილად ვერ გამოიყურება, მეორე ეტაპზე მისი მეტოქე ადგილობრივი ცონგა გახლდათ, რომელთანაც დიდი ბრძოლის შედეგად მოახერხა გამარჯვების მოპოვება. უკანასკნელ ორ შეხვედრაში კი კეიმ 4 სეტი წააგო, 2 ლასლო ჯერესთან, 2 კი ბენუა პერისთან. მომდევნო ეტაპზე იაპონელ ჩოგბურთელს აუცილებლად მოუწევს უკეთესად თამაში წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მეტოქე რაფაელ ნადალი მას დაუნდობელი სხვაობით გამოასალმებს ტურნირს.
 

ალექსანდრ ზვერევი Vs. ფაბიო ფონინი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  3:6, 6:2, 6:2, 7:6(5) - ნიშიკორის სასარგებლოდ.  ყველასათვის გასაკვირად ფაბიო ფონინი ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ ფავორიტად იყო მიჩნეული, თუმცა შეხვედრა სხვაგვარად წარიმართა. პირველი მოგებული სეტის შემდეგ იტალიელმა ჩოგბურთელმა ვეღარ მოახერხა შეხვედრაში გარდამტეხი ცვლილების მოხდენა, შესაბამისად მიჯრით წააგო 3 სეტი და დაემშვიდობა საფრანგეთის ღია პირველობას. ალექსანდრ ზვერევი კიდევ ერთ შანსს გამოიყენებს, იქნებ ამჯერად მაინც შეძლოს და მოიპოვოს დიდი სლემის ტიტული - მოგეხსენებათ, საჩოგბურთო სამყარო ზვერევის წარუმატებლობელ ასპარეზობაზე დიდი სლემის ტურნირებზე აქტიურად საუბრობს.
 

დომენიკ ტიმი Vs. გაელ მონფილსი 

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  6:4, 6:4, 6:2 - ტიმის სასარგებლოდ. როდესაც როლან გაროსი იწყებოდა, ჩოგბურთის სპეციალისტების გარკვეული ნაწილი ვარაუდობდა, რომ ერთადერთი ვინ რაფაელ ნადალის შეჩერებას მოახერხებდა დომენიკ ტიმია, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მათი აზრი საგრძნობლად შესუსტდებოდა, როდესაც ისინი ტიმის შეხვედრებს იხილავდნენ. არადამაჯერებელი პირველი რაუნდების შემდეგ ავსტრიელმა ჩოგბურთელმა გაელ მონფილსთან ბრწყინვალე ჩოგბურთი ითამაშა, მან არანაირი შანსი არ მისცა ფრანგ მეტოქეს და 1/4-ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.
 

კარენ ხაჩანოვი Vs. ხუან-მარტინ დელ პოტრო

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  7:5, 6:3, 3:6, 6:3 -  ხაჩანოვის სასარგებლოდ. ერთადერთი 1/8-ფინალური შეხვედრა, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა კარენ ხაჩანოვსა და ხუან-მარტინ დელ პოტროს შორის გაიმართა, დაპირისპირების ფავირიტი არგენტინელი ჩოგბურთელი იყო, თუმცა ხაჩანოვმა მეტოქეს ტოლი არ დაუდო და დამაჯერებლად, 4 სეტში დაამარცხა. დელ პოტრო ბრწყინვალედ ნამდვილად არ გამოიყურებოდა, თუმცა მისი გამოვარდნა ნამდვილად დასანანი ფაქტია, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ უკანასკნელ 1/8-ფინალურ შეხვედრას დამსახურებული გამარჯვებული ჰყავდა.  

1/4-ფინალური შეხვედრები:

სტანისლას ვავრინკა Vs. როჯერ ფედერერი 

კეი ნიშიკორი Vs. რაფაელ ნადალი 

ალექსანდრ ზვერევი Vs. ნოვაკ ჯოკოვიჩი

კარენ ხაჩანოვი Vs. დომენიკ ტიმი

არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ 1/4-ფინალური შეხვედრების შემდეგ ნახევარფინალში მსოფლიოს 4 საუკეთესო ჩოგბურთელი გავიდეს - ოთხივე მათგანი საკუთარ მეტოქესთან ფავორიტადაა მიჩნეული (ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერი, ტიმი).
   

2019 წლის როლან გაროსის სტატისტიკა: 

ყველაზე მეტი ეისი:
  • ალექსანდრ ზვერევი - 61
ყველაზე მეტი ორმაგი შეცდომა:
  • ალექსანდრ ზვერევი - 43
ყველაზე გრძელი გათამაშება (შეხების ოდენობა):
  • კარბალეს ბაენა Vs. კრაინოვიჩი - 36
მოგებული გათამაშება პირველი ჩამოწოდების შემდეგ (%):
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი - 84%
მოგებული გათამაშება მეორე ჩამოწოდების შემდეგ (%):
  • უგო უმბერტი - 70%
ყველაზე სწრაფი მოწოდება:
  • მარიუს კოპილი - 223 კილომეტრი/სთ
  • მატეო ბერეტინი - 221 კილომეტრი/სთ
  • ალექსანდრ ზვერევი - 219 კილომეტრი/სთ
შესრულებული ბრეიკ-პოინტები:
  • კეი ნიშიკორი - 33
  • ალექსანდრ ზვერევი - 25
  • სტეფანოს ციციპასი - 24

სხვა სტატიები