Belive

პარიზის მასტერსის მეოთხე დღის შეჯამება

5 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ

დასრულდა პარიზის მასტერსის 1/8-ფინალური შეხვედრები, გთავაზობთ თითოეული მატჩის მიმოხილვას:

 

ჩილიჩი Vs. დიმიტროვი

   
მარინ ჩილიჩისა და გრიგორ დიმიტროვის დაპირისპირებას საკმაოდ დაძაბული მოლოდინი ჰქონდა, რომელმაც გაამართლა კიდეც. პირველ სეტში მარინ ჩილიჩმა მოპოვებული ბრეიკის უპირატესობა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ დიდი გაჭირვებით ტაი-ბრეიკზე იმარჯვა. რაც შეეხება მეორე სეტს, ჩილიჩმა ანგარიშით - 6:4 გაიმარჯვა.  

ხაჩანოვი Vs. ისნერი

 
კარენ ხაჩანოვის პროგრესი ყველასთვის თვალშისაცემია, ჯერჯერობით იგი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ხაჩანოვისა და მსოფლიოს მე-9 ნომერ ჯონ ისნერის შეხვედრა 2 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ხაჩანოვმა ბრეიკის უპირატესობით მოიგო, ანგარიშით - 6:4. მეორე სეტში ისნერმა სამი მატჩ-პოინტი გადაარჩინა და საბოლოოდ სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა. მესამე სეტიც ტაი-ბრეიკამდე მივიდა, ჯონს 2 მატჩ-პოინტი ჰქონდა, საიდანაც ვერცერთი ვერ გამოიყენა, ხოლო კარენ ხაჩანოვმა რიგით მეხუთე მატჩ-პოინტი ხელიდან აღარ გაუშვა და მომდევნო ეტაპის საგზური დრამატული ორთაბრძოლის შედეგად მოიპოვა.

ჯუმჰური Vs. ჯოკოვიჩი 

 
ნოვაკ ჯოკოვიჩი დამირ ჯუმჰურს შეხვდა, შეხვედრის პირველ სეტში ბოსნიელმა სულ 1 გეიმის მოპოვება მოახერხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას თამაშის დაწყებიდან მალევე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც საბოლოოდ მეორე სეტის დასაწყისში ჯუმჰური მეტოქეს დანებდა.

ზვერევი Vs. შვარცმანი

 
  ზვერევისა და შვარცმანის შეხვედრის ფავორიტი, რა თქმა უნდა, გერმანელი ჩოგბურთელი გახლდათ. პირველ სეტში ზვერევმა რიგით მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რაც გადამწყვეტი გამოდგა სეტის მოსაგებად. მეორე სეტში კი მსოფლიოს მე-5 ნომერმა სასტარტო 5 გეიმში ყველანაირი ინტრიგა ჩაახშო. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:4, 6:2 - ზვერევი მომდევნო ეტაპზეა.  

ჯაზირი  Vs. სოკი 

 
  როგორც იქნა ნავსი გატყდა! ჯეკ სოკმა 2018 წელს ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საგრძნობლად დაქვეითდებოდა რეიტინგში. სოკს არამხოლოდ ეს შეხვედრა მას 1000 ქულა აქვს დასაცავი, იგი წინა წლის პარიზის მასტერსის ტრიუმფატორია. ჯაზირიმ პირველ სეტში ამერიკელის წინააღმდეგ ვერცერთი გეიმი ვერ მოიპოვა, ხოლო მეორე სეტში სოკმა ანგარიშით - 6:4 იმარჯვა.

ტიმი Vs. ჩორიჩი  

 
25 წლის დომენიკ ტიმი, რომელიც მსოფლიოს მე-8 ნომერია, 21 წლის ბორნა ჩორიჩს დაუპირისპირდა, რომელიც რეიტინგის მე-13  პოზიციამდეა აღზევებული. შეხვედრის პირველი სეტი ხორვატმა ჩოგბურთელმა დაძაბულ ბრძოლაში, ტაი-ბრეიკის ხარჯზე მოიგო. მეორე და მესამე სეტში კი დომენიკმა მეტოქე ანგარიშით 6:2, 7:5 დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა.  

ფედერერი Vs. ფონინი

 
  ლეგენდარული, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მაყურებელს ყოველ შეხვედრაში უფრო უმტკიცებს, რომ მისი ასაკი მხოლოდ ციფრებია. მაესტრომ ფაბიო ფონინი 2 სეტში, ანგარიშით - 6:4, 6:3 დაამარცხა და პარიზის 1/4-ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.  

ნიშიკორი Vs. ანდერსონი

 
კევინ ანდერსონის დაუმარცხებელი სერია, კეი ნიშიკორმა დაასრულა. მოგეხსენებათ, გასულ კვირაში ვენის 500-ქულიანი ტურნირის ფინალში სწორედ სამხრეთ აფრიკელი და იაპონელი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ჩემპიონის ტიტული კევინ ანდერსონმა მოახერხა. პარიზში ნიშიკორმა შურისძიება 2 სეტში მოახერხა, ანგარიშით - 6:4, 6:4.    

პარიზის მასტერსის მეხუთე დღის შეხვედრები (1/4-ფინალები):

  1. ალექსანდრ ზვერევი Vs კარენ ხაჩანოვი 
  2. ჯეკ სოკი Vs დომენიკ ტიმი 
  3. მარინ ჩილიჩი Vs ნოვაკ ჯოკოვიჩი
  4. ნიშიკორი Vs ფედერერი

სხვა სტატიები