Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს, ელენას, კორონავირუსი დაუდგინდათ. მათმა შვილებმა კი ტესტირებაზე უარყოფითი შედეგი აჩვენეს. სერბმა ჩოგბურთელმა COVID19-ზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც მის მიერ ორგანიზებულ ადრიატიკის ტურზე დაავადება მის პირად მწვრთნელს, ასევე ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, ჩოგბურთელებს -  ვიქტორ ტროიცკის, გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩს დაუდასტურდათ. ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის ინფიცირების შემდეგ, ორგანიზატორებმა ადრეატიკის ტურის გაუქმება გადაწყვიტეს.
"ტესტირება ბელგრადში ჩასვლისთანავე გაგვიკეთდა. ელენასა და მე კორონავირუსი დაგვიდგინდა, ჩვენი შვილების ტესტმა კი უარყოფითი შედეგი აჩვენა. მომდევნო 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ვიქნები, განმეორებით ტესტირებას კი 5 დღეში ჩავიტარებ," განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ადრეატიკის ტურმა სტარტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში აიღო და შემდეგ ხორვატიაში, ქალაქ ზადარში გადაინაცვლა. ტურნირის გაუქმების შემდეგ, ჯოკოვიჩმა ხორვატია დატოვა და ბელგრადში ტესტირება ჩაიტარა. აღსანიშნავია რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ტურნირის ორგანიზების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ - კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მოედანზე დაპირისპირების გარდა, მოთამაშეები პრეს კონფერენციებს ერთად ესწრებოდნენ და საერთო ფოტოებსაც იღებდნენ.

"ტურნირი მხოლოდ გულწრფელი მიზნებით იყო გამართული. ის მიზნად გაერთიანებას და საზოგადოებისთვის სოლიდარობის გზავნილის მიწოდებას ისახავდა. ეს იყო ფილანტროპული იდეა, რომლის მიზანიც ფონდების მოძიება იყო. მე ბედნიერი ვიყავი, როდესაც ვხედავდი, თუ როგორი ენთუზიაზმით ჩაერთო ხალხი ამ პროექტში," - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.
აპრილში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგი იყო: "არ მინდა ვინმემ მაიძულოს, რომ ვაქცინა გავიკეთო," განაცხადა მაშინ ჯოკოვიჩმა.    

სხვა სტატიები