როტერდამში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირმა, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრეში გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი ქამერონ ნორისთან (65) 2 სეტში, 0:6; 3:6 დამარცხდა - შეხვედრა მხოლოდ 1 საათსა და 3 წუთს გაგრძელდა.
ნიკოლოზს პირველ სეტში არაფერი გამოსდიოდა. მსოფლიოს მე-40 ჩოგანმა საკუთარი ჩაწოდება ზედიზედ 3-ჯერ წააგო და სეტი გეიმის მოგების გარეშე დაასრულა. დაპირისპირების მეორე სეტში ბასილაშვილმა თამაში გამოასწორა. ის ბრეიკით 3:1-ს იგებდა კიდეც, თუმცა შემდეგ 5 გეიმი დათმო და ნიდერლანდებში გამოსვლა ასე დაასრულა.
ბრიტანელ ნორისა და საუკეთესო ქართველ ჩოგბურთელს 11-11 ვინერსი ჰქონდათ, თუმცა ბასილაშვილს შეხვედრაში 34 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მეტოქეზე თითქმის 4-ჯერ მეტი (9) იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მე-5 თამაში ისე დათმო, რომ მას ერთი სეტიც არ მოუგია.