გაელ მონფილსი მომდევნო წელს კარიერას დაასრულებს
39 წლის ფრანგი ჩოგბურთელი, გაელ მონფილსი 2026 წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს, განცხადება თავად ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამჟამად ვეტერანი სპორტსმენი მსოფლიოს 53-ე ნომერია, მისთვის საუკეთესო შედეგი კი ATP რეიტინგის მეექვსე ნომრობა გახლდათ.
თავის ემოციურ განცხადებაში ფრანგმა ჩოგბურთელმა მადლობა გადაუხადა თავის მეუღლეს, WTA-ს ვარსკვლავ ელინა სვიტოლინას, საყვარელ ადამიანებს და ძველ მეტოქეებს, მათ შორის როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალს, ნოვაკ ჯოკოვიჩს და ენდი მარის.
მონფილსს კარიერაში 13 ტიტული აქვს, ამას გარდა დიდი სლემის ტურნირებზე მისი საუკეთესო მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ავსტრალიის ღია პირველობაზე 2-ჯერ იყო 1/4-ფინალში, საფრანგეთის ღია პირველობაზე ერთხელ ნახევარფინალში, უიმბლდონზე საუკეთესო მაჩვენებელი 1/8-ფინალია, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე ნახევარფინალი.