Belive
3 თვის წინ

ჟუნინიო პერნამბუკანო | საჯარიმო დარტყმების ლეგენდა

ჟუნინიო პერნამბუკანო | საჯარიმო დარტყმების ლეგენდა

ახლახან, ჟუნინიო პერნამბუკანოს დაბადების დღე იყო - საფეხბურთო გვერდებმა სოციალურ ქსელში მისი ლეგენდარული გოლები გაიხსენეს, კომენტარებში კი, ნოსტალგიურად წერდნენ, რომ დღეს ასე საჯარიმო დარტყმებს აღარავინ ასრულებს. რა თქმა უნდა, მისი გოლების გახსენება ერთი სიამოვნებაა და აქვე, თვალი მის კარიერასაც გადავავლოთ.

ანტონიო აუგუსტო რიბეირო რეის ჟუნიორი - სხვა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელების მსგავსად, მისი სახელიც რთულად დასამახსოვრებელია. სამაგიეროდ, ფეხბურთის მოყვარულებს ჟუნინიო პერნამბუკანო არასოდეს დაავიწყდებათ - "ლიონის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ადამიანი, რომლის მისვლამდეც, "ლიონს" ლიგა 1 მოგებული არ ჰქონდა. ჟუნინიოსთან ერთად, ფრანგულმა კლუბმა ლიგა 1 ზედიზედ 7-ჯერ მოიგო, მას შემდეგ კი, პირველობა არ უზეიმია.

საქვეყნოდ აღიარებულია, რომ ჟუნინიო საჯარიმო დარტყმებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. "ლიონში" ჩატარებულ 344 შეხვედრაში, 100 გოლი გაიტანა, აქედან 44 კი - საჯარიმო დარტყმით. ამ კომპონენტში, ყველა ტურნირზე (როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე), მის ანგარიშზე 77 გოლია, რითაც აბსოლუტური რეკორდსმენია.

ლიონის მუზეუმში, მისი adidas-ის ბუცები ინახება

1975 წლის 30 იანვარს, ბრაზილიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ რესიფში დაიბადა. 13 წლამდე, ფუტსალს თამაშობდა, ფეხბურთში გადასვლის შემდეგ კი, მარსელინიოს გავლენით, საჯარიმო დარტყმებით დაინტერესდა.

მარსელინიოს ვბაძავდი. ის იყო ჩემი ბიძგი და შთაგონება. ცხოვრებაში პირველად ვნახე, რომ ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ, ბურთი ჰაერში ცეკვავდა. ასეთივე სტილი ჰქონდა დიდის, რომელმაც, ბრაზილიასთან ერთად, 1958 და 1962 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მას შემდეგ, ყველა ფეხბურთელი მათ ფორმულას იმეორებდა. - ჟუნინიო

ორიოდე სიტყვა მარსელინიოს შესახებ

მარსელინიო ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი იყო, რომლის გამორჩეულ, უნიკალურ საჯარიმო დარტყმებზე, ბრაზილიაში დღემდე საუბრობენ. "კორინთიასში" თამაშისას, 420 მატჩში, 206 გოლი გაიტანა და ამ მხრივ, კლუბის რეკორდსმენი გახდა. საინტერესო ფაქტია, რომ არაერთი ლოკალური მიღწევის მიუხედავად, მარსელინიოს ნაკრებში არ იწვევდნენ - მას მხოლოდ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და 2 გოლის გატანაც მოახერხა. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, მისი გოლებით შეგიძლიათ დატკბეთ, შემდეგ კი, ისევ ჟუნინიოზე საუბარი გავაგრძელოთ.

ვასკო და გამა

1996-ში, ჟუნინიო "ვასკო და გამას" რიგებს შეუერთდა, ბურთის ცოცხალ კედელზე შემოტარება დაიწყო და გამარჯვებასაც გაუგო გემო: 1997-სა და 2000-ში ბრაზილიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, 1998-ში კოპა ლიბერტადორესის თასი ასწია. მასთან ერთად, მისი თანაგუნდელი, ჟუნინიო პაულისტაც ბრწყინავდა, რომელმაც ევროპულ ფეხბურთში ისეთივე ესთეტიკური კვალი დატოვა, როგორიც ჯეი-ჯეი ოკოჩამ, ჰატემ ბენ არფამ და სხვ.

2000 წელს, ჟუნინიო "ვერცხლის ბურთის" გამარჯვებული გახდა - ეს არის ჯილდო, რომელსაც ბრაზილიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ინდივიდუალური პოზიციის მიხედვით იღებენ. იმ წლის საუკეთესო 11-ეული საუცხოო იყო:

  • მეკარე: როჟერიო სენი (რომელიც საუკეთესოდ დასახელდა);

  • მცველები: ფრანსისკო არსე, ლუსიო, კრისი, ხუან პაბლო სორინი;

  • ნახევარმცველები: მინეირო, რიკარდინიო, ჟუნინიო პერნამბუკანო, ჟუნინიო პაულისტა;

  • თავდამსხმელები: რონალდინიო, რომარიო.

ცხადია, "ვასკო და გამაში" მოთამაშე, გამორჩეულ ფეხბურთელს ევროპიდან აკვირდებოდნენ. თუმცა ჟუნინიოს გუნდიდან წასვლით "ვასკოს" არ უხეირია: იურიდიული დავის შემდეგ, "ლიონმა" ახალგაზრდა ფეხბურთელი სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ამის მიუხედავად, "ვასკო და გამას" ფანები მას ლეგენდად აღიარებენ.

ლიონი

"ლიონში" გადასვლიდან მალევე, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. იყო გამთამაშებელი, თამაში საკუთარი კარნახით მიჰყავდა. ამასთან, მოუხშირა საჯარიმო დარტყმიდან გოლის გატანას და ამ კომპონენტს კვირიდან კვირამდე ხვეწდა. აქედან გამომდინარე, არც იყო გასაკვირი, რომ ჟერარ ულიემ გუნდის კაპიტნად დაასახელა.

რა იყო მისი ტექნიკის საიდუმლო? კარიერის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ "იუთუბერთან" საუბრისას, ბრაზილიელმა თქვა, რომ მისი შედეგის მიღმა დიდი შრომა იმალებოდა.

ისეთ შემთხვევებში, როდესაც კვირაში მხოლოდ 1 მატჩი გვქონდა ჩასატარებელი და თავისუფალი დრო მეძლეოდა, ვარჯიშზე დამატებით ვრჩებოდი და 50-მდე საჯარიმო დარტყმას ვასრულებდი. -

ამავე ვიდეოში, ჟუნინიო ხსნის, რომ ყველაზე მთავარი ბოლო ნაბიჯია, სადაც ჯარიმის შემსრულებელმა მთავარ ფეხზე ძალა სწორად უნდა გადაიტანოს. მისი რჩევით, შორეული საჯარიმოები ტერფის ზედა ნაწილით უნდა შესრულდეს და ბურთმა არა წრიულად, არამედ პირდაპირ უნდა იმოძრაოს, რათა შეინარჩუნოს სისწრაფე და ბოლო მომენტში, მიმართულება შეიცვალოს.

ჟუნინიოს პერიოდის "ლიონი" რეტრო ფეხბურთად და ნოსტალგიურ მოგონებად იქცა. გაიხსენეთ განადგურებული მადრიდის "რეალი" (3:0), ჟუნინიოს ტყვია კასილასის კარში და "ლიონის" სრული დომინაცია. ჟუნინიოს ბრწყინვალე საჯარიმოები აქვს გატანილი "ბარსელონასა" და "ბაიერნის" კარში, "მილანის" დაბომბვასაც შეეცადა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მხოლოდ 3-ჯერ გავიდა, უფრო შორს კი ვერ გააღწია.

მისი ბოლო საჯარიმო "ლიონის" შემადგენლობაში დაუვიწყარია. "ლიონის" პრეზიდენტს უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ სეზონის ბოლოს, ჟუნინიო გუნდს დატოვებდა. გასვლით მატჩში, მისი გუნდი "მარსელს", ანგარიშით 1:2 უგებდა და სწორედ ასეთ დროს, მატჩის ბოლოს, 40 მეტრიდან დარტყმული აუღებელი, მარსელინიოსებრი მოცეკვავე დარტყმით, საბოლოო წერტილი დასვა, მომდევნო ტურში კი, "სტად ჟერლანს" ცრემლიანი გამოემშვიდობა.

ჟუნიონიო საჯარიმო დარტყმებში საუკეთესო იყო. ფეხბურთელი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს ძალიან აკლია, საჯარიმო დარტყმების უკვდავი ლეგენდა, რომელიც თაობებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდება.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა