Belive
1 წლის წინ

თითის გაშვერა პენალტის გატანაზე იოლია

თითის გაშვერა პენალტის გატანაზე იოლია

კვარამ პენალტი ისევ ვერ გაიტანა. ამჯერად, ნაკრებში. ვინაა უშეცდომო? არავინრას ნიშნავს ქომაგობა? გვერდში დგომას – ნებისმიერ დროსა თუ გარემოებაში.

1994-ში, აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გადამწყვეტი პენალტის შესრულება რობერტო ბაჯომ იტვირთა. ვერგატანა მარცხს ნიშნავდა. იტალიის ნაკრების ლიდერმა და იმ დროს მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი 11-მეტრიანი საშინლად შეასრულა – ბურთი მეტოქის კარს გადააცილა, ბრაზილიამ კი მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ იზეიმა.

ფინალის შემდეგ, ვატიკანში, ერთ-ერთ კედელზე, ასეთი წარწერა გამოჩნდა: “ღმერთი ყველას შეუნდობს, ბაჯოს გარდა”. ეს სიტყვები იყო სასჯელი, ღია ჭრილობის კიდევ უფრო დიდ ტკივილად გადაქცევა.

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალიამ სულ 8 გოლი გაიტანა, ბაჯოს ანგარიშზე კი 5 გოლი იყო (ხუთივე პლეი-ოფში გაიტანა). საკითხავია, თუკი გამარჯვება საერთოა და მას ყველა ერთად ზეიმობს, წარუმატებლობა რატომ ხდება მხოლოდ 1 ადამიანის სატარებელი?

ბაჯო ამბობს, რომ ის პენალტი ღამის კოშმარად ექცა. არ აძინებდა, სიზმარშიც არ ასვენებდა. “იმ დღემდე, პენალტი ხარიხას არასოდეს გადამიცილებია”, – იხსენებს ლეგენდარული ფორვარდი.

რობერტო ბაჯოს ისტორიიდან აღებული პარალელი კვარაცხელიას მიერ აცილებულ პენალტზე და სოციალურ ქსელში წარმოდგენილ, ნეგატიური კომენტარებით სავსე აჟიოტაჟზე გადის. მასშტაბი რომ სხვაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ეს კიდევ უფრო დამაფიქრებელია: ჩვენ, გულშემატკივრები, რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც კვარას ნაკრებში გოლი გააქვს, რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც იგი პენალტს ვერ იყენებს და რას ვიზამთ მაშინ, თუკი იგი გადამწყვეტ მომენტში შეცდება? იქნებ ამდენ ემოციაში რაციონალურ მარცვალს ვკარგავთ და რიგით ადამიანს, თუნდაც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს გმირობიდან ანტიგმირობამდე – ხან წინ და ხანაც უკან დავატარებთ?

თუკი თავს გუნდის ან კონკრეტული ადამიანის ქომაგად ვაცხადებთ და მისი თავდადების, ჟინისა და სურვილის გვჯერა, თითის მისკენ გაშვერა დაუნდობლად გვაქცევს. განსაკუთრებით მცდარია იმისი დასკვნა, რომ თითქოს, ჩვენ უფრო მეტად განვიცდით აცილებულ პენალტს, ვიდრე ესა თუ ის ფეხბურთელი. ასეთივე მცდარია მოსაზრება, რომ ქართველი ფეხბურთელები საკუთარ კლუბებში უფრო მეტად იხარჯებიან, ვიდრე ეროვნულ ნაკრებში – სულ მინიმუმ, შოტლანდიასთან მატჩში მონდომების ნაკლებობა არცერთ ფეხბურთელს ეტყობოდა. მეორე მხრივ კი, საკამათო და განსახილველი ბევრი იყო და ამაზე საუბარი ცალკე შეიძლება.

ემოციების მიღმა, უნდა დაისვას კითხვა: ვინ არის შეუმცდარი? მესის კარიერაში 31 პენალტი აქვს გაფუჭებული, რონალდუს – 29. ყველა პენალტს ვერავინ გაიტანს. ჩვენს ნაკრებში, შეიცვლება თუ არა პენალტის შემსრულებელი, ჟორჟი დაარტყამს, კვარა თუ კვეკვესკირი – ამას მთავარი მწვრთნელი წყვეტს და ამიტომაც იკავებს მთავარი მწვრთნელის პოსტს.

ნაკრების ხედვა ასეთია: “მე ვარ საქართველო”. წარმატება ყველას წარმატებაა, მარცხი კი ყველას მარცხი. უნდა გავიაზროთ, რომ წაქცეულისკენ თითის გაშვერა მას უფრო მეტად აზარალებს. ჩვენი ნაკრების წარმატება კი ყველა ადამიანის ერთობლიობასა და გუნდურობაზე გადის – მწვრთნელების, ფეხბურთელების, სტაფის, მედიის, გულშემატკივრების, საქართველოს ერთიანობაზე. გამარჯვების გზა რთულია და ყველაზე მეტად, მხარდაჭერა შემცდარს სჭირდება – ვიქტორ ოსიმენის მომენტი გავიხსენოთ, როდესაც “აინტრახტთან” აცილებული პენალტის შემდეგ, თავჩახრილ კვარასთან მიირბინა, ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი მაღლა ააწევინა, ნაკრების ბიჭებიც ასე მოიქცნენ და გულშემატკივრებსაც ასე გვმართებს.

იტალიაში ასეთი გამოთქმაც არსებობს: “სოკრატე მოკვდა შხამით, ბაჯო კი – ფეხზე მდგომი”. ნუ მოვკლავთ მას, ვინც იმედი დაგვიბრუნა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და მარცხი გველოდება.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა