სიზიფე მწვანე მინდორზე: როგორ იპოვა ალბერ კამიუმ ხსნა ფეხბურთში
სიზიფე მწვანე მინდორზე: როგორ იპოვა ალბერ კამიუმ ხსნა ფეხბურთში
სტატია (უფრო სწორად, ესე), რომელსაც მცირედი რედაქტირებით გთავაზობთ, 2019 წლის მარტში The Blizzard-სა და The Independent-ში გამოქვეყნდა. ავტორი, მ.მ. ოუენი, ცნობილი ფრანგი მწერლის, ალბერ კამიუსა და მისი ფეხბურთისადმი დამოკიდებულებას სიღრმისეულად იკვლევს. ეგზისტენციალისტ მოაზროვნესა და მწვანე მინდორს შორის არსებული მჭიდრო კავშირით ვიგებთ, რომ კამიუსთვის ფეხბურთი მხოლოდ სპორტული ასპარეზი არ ყოფილა. მისთვის ფეხბურთი მორალის, პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ცხოვრებისეული აბსურდის შეცნობის გზა იყო. ეს ესე თქვენს პირად “დაკარგულ სამოთხეებსაც” გაგახსენებთ.
1957 წლის 16 ოქტომბერს, როდესაც ალბერ კამიუ პარიზის ლათინური კვარტლის შუაგულში, ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა. მასთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და რადიოში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ამბავი შეატყობინა: ლიტერატურის დარგში კამიუ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
ერთი კვირის შემდეგ კამიუმ ფრანგულ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა. მწერალთან შეხვედრა მყუდრო სტუდიაში არ შემდგარა. ჟურნალისტის კითხვებს ფრანგი მწერალი “პარკ დე პრენსის” სტადიონზე პასუხობდა, სადაც 35 000 მაყურებელთან ერთად, პარიზის რასინგსა და მონაკოს შორის გამართულ მატჩს ადევნებდა თვალს. ამის ამსახველი შავ-თეთრი კადრები YouTube-ზე შეგიძლიათ იხილოთ: საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი რიკოშეტით იცვლის მიმართულებას, რასინგის მეკარე რეაგირებას აგვიანებს და ბურთს ახლო კუთხეში უშვებს. კადრი ტრიბუნებზე გადადის, სადაც კამიუს, რომელიც იმ მომენტში რბილი კანის მქონე ჰემფრი ბოგარტს წააგავს, მეკარის შეცდომაზე აზრს ეკითხებიან. ის კი პასუხობს: ნუ იქნებით მეტისმეტად მკაცრებიო.
როგორც ვიცი, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ნობელის პრემიის ახალბედა ლაურეატს ინტერვიუ საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას ჩამოართვეს (ამ მომენტის უჩვეულობა და ერთგვარი კომიკურობა, ნაწილობრივ, სწორედ ამ ესეს მსჯელობის საგანია). “ყველაფერი, რაც მორალისა და ადამიანური მოვალეობების შესახებ დანამდვილებით ვიცი, ფეხბურთმა მასწავლა“ - ამ ფართოდ გავრცელებული ციტატის დამსახურებით, კამიუს სიყვარული ფეხბურთისადმი ცნობილია. თუმცა ფეხბურთთან მისი დამოკიდებულება ფრთიანი გამონათქვამის ფარგლებს სცდება. 1959 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების “ნამდვილი უნივერსიტეტი” თეატრი და ფეხბურთი იყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა მწერალმა ფეხბურთში ცნობიერების ყველაზე ძლიერი და ღირებული ფორმა აღმოაჩინა.
გადაწყვეტილების დასაბუთებისას ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ კამიუს “მახვილი, გულწრფელი ხედვა აშუქებს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენი ეპოქის ადამიანის ცნობიერება დგას”. ეს შაბლონური განცხადება კამიუს შემოქმედების თანმდევ სიმწვავესა და სულიერ ტკივილს აფერმკრთალებს. მთავარი პრობლემა, რომელსაც იგი ებრძოდა, იყო შემდეგი: ცხოვრება აბსურდია. რატომ? იმიტომ, რომ სავსენი ვართ “ბედნიერებისა და გონიერების სურვილით“, თუმცა ყველგან “სამყაროს კანონზომიერებას მოკლებული დუმილი“ გვხვდება. თანამედროვეობამ გააფერმკრთალა ის, რითაც რელიგია გვანუგეშებდა და გაირკვა, რომ სამყარო დიდი, ცივი სიცარიელეა. ჩვენი სული მიღმიერისკენ ისწრაფვის, მაგრამ, როგორც ბეკეტი წერს “გოდოს მოლოდინში”: „ჩვენ ვიბადებით საფლავის პირას. სინათლე წამით გაიელვებს და მერე ისევ სიბნელე ისადგურებს“. ჩვენს სულიერ მისწრაფებასა და რეალურ მოცემულობას შორის არსებული ეს ფუნდამენტური აცდენა ხდის ცხოვრებას აბსურდულს. კამიუ ადამიანის არსებობას სიზიფეს ადარებდა, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში მკაცრი ხვედრი ერგო - დიდი ლოდი მთაზე უნდა აეტანა, შემდეგ კი ეყურებინა, როგორ გორდებოდა ისევ დაბლა - მარადიულად და უსასრულოდ.
რა უნდა გააკეთო ასეთ დროს? თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის - ის მხოლოდ გააღრმავებდა აბსურდს. თანაც კამიუს სიცოცხლის განცდა უზომოდ უყვარდა. ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ რეალობის დიდებულების მიუხედავად, ის მაინც “თითებს შორის ვერცხლისწყლის წვეთებივით უსხლტებოდა“. მაგრამ კამიუ ვერც რელიგიის “ფილოსოფიურ თვითმკვლელობას“ შეეგუებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას სულიერი სასოება და რწმენა აინტერესებდა და სიტყვების ზღვაში ჩაძირული მრავალი ადამიანის მსგავსად, ხანდახან მეგობრებსაც ეუბნებოდა, მონასტერში წასვლას ვაპირებო, ეს მისი ბუნება მაინც არ ყოფილა. ასკეტიზმის შემოტევებს განელება ახასიათებდა. კამიუს სურდა, ამ სამყაროში ეცხოვრა და პირისპირ შეხვედროდა მას; არ დაჰყოლოდა სასოწარკვეთასა და უსაფუძვლო აზრებს, რადგან ორივეს სულიერ დანებების ფორმად მიიჩნევდა.
კამიუს ხედვით, ერთადერთი გამოსავალი, ჩვენი ხვედრის მთელი გულითა და არსებით მიღება იყო. თითოეული ჩვენგანი სამყაროსგან დაწყევლილია: ჩვენ ყველამ საკუთარი ლოდი უნდა ავაგოროთ. მაგრამ “ადამიანის გულის ასავსებად მწვერვალებისკენ სწრაფვაც საკმარისია”, თუკი უბრალოდ ამის უფლებას მისცემ შენს თავს. კამიუს ფილოსოფიაში აზრი და ღირებულება ამბოხებული, შემოქმედითი სულიდან იბადება. იგი ამბობდა, რომ ძიება კრახით დასრულდება და რომ ეს ყველამ ვიცით - გვსურს ამაზე საუბარი თუ არა. მაგრამ სიზიფეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვიცხოვროთ “მწარე ხვედრის გარდაუვალობის განცდით, მისი თანმდევი მორჩილების გარეშე” - ეს კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ჩვენს ყოფას ვნებიანი, მგზნებარე ძალისხმევით ავავსებთ. “ამ პირქუშ და ზღვარდებულ გარემოში“ ყველას შეგვიძლია ვიპოვოთ გზა, რომ საკუთარ ლოდს მტკიცე, დაუმორჩილებელი ღიმილით შევუდგათ მხარი.
კამიუსთვის ფეხბურთი სწორედ იმ მოვლენათაგან ერთ-ერთი იყო, რაც "უარყოფს ღმერთებს და ლოდებს მიეზიდება". მას ფეხბურთი ბევრად ადრე შეუყვარდა, ვიდრე სიზიფეზე თუნდაც ერთ სიტყვას დაწერდა. და მრავალი უდიდესი ფეხბურთელის მსგავსად, მანაც ეს სიყვარული სიღარიბეში აღმოაჩინა.
პატარა კამიუს ომმა მამა წაართვა. მას ალჟირის ღარიბ უბანში წერა-კითხვის უცოდინარი, მარტოხელა დედა ზრდიდა. ფეხბურთს ხშირად თამაშობდა და ფეხსაცმლის გაფუჭების შიშით, ბებია გამუდმებით ეჩხუბებოდა - იმ ფეხსაცმლის, რომელიც ოჯახისთვის უზარმაზარ დანახარჯს წარმოადგენდა. მაგრამ კამიუს ეს არ აჩერებდა.
“პირველი ადამიანი” ავტობიოგრაფიული რომანია, რომელზეც გარდაცვალებამდე მუშაობდა. წიგნი მოგვითხრობს პატარა ბიჭზე, რომელსაც ჟაკი ჰქვია. ბავშვობაში, ფეხბურთი ჟაკისთვის ერთგვარი სამეფოა, ხოლო მოზარდობისას იგი ამ თამაშით შეპყრობილი ხდება. ჟაკი თავად კამიუ იყო და პირველი საფეხბურთო გამოცდილება ალჟირის უხეშად დახაზულ მოედნებზე, ძონძებისგან შექმნილი ბურთით მიიღო.
სკოლის პერიოდში კამიუ შესანიშნავ მოთამაშედ ითვლებოდა (თანაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როგორც თავდასხმაში, ისე კარში). მოგვიანებით მან ალჟირის რასინგის საუნივერსიტეტო კლუბში (RUA) დაიწყო თამაში და კარის დარაჯის პოზიცია დაიკავა. 1930 წელს RUA-ის გაზეთი 16 წლის კამიუს ხოტბას ასხამდა და აღნიშნავდა, რომ მან “ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა”. ამ ნომრის გამოსვლიდან ორი თვეც არ იყო გასული, როდესაც კამიუს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
კამიუ წინ ზის. შარფითა და ქუდით.
ჯერ კიდევ მოზარდ კამიუს სისხლიანი ხველა დაეწყო - ეს ტუბერკულოზი იყო (ოჯახის ზოგიერთ წევრს სჯეროდა, რომ ეს მატჩის შემდეგ ცივ ჰაერზე დიდხანს დგომის შედეგი გახლდათ). ტუბერკულოზმა წერტილი დაუსვა კამიუს ყოველგვარ იმედს, რომ ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე ითამაშებდა. მოგვიანებით, ამავე მიზეზით, იგი ვერ შეუერთდა ფრანკოსა და ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლ მოხალისეებს. მისი ფილტვების მდგომარეობა უფრო და უფრო მეტად უარესდებოდა, რის გამოც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკურ დატვირთვას ერიდებოდა.
ფეხბურთისადმი კამიუს სიყვარული არასოდეს განელებულა და ოციოდე წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ ალჟირში ცხოვრობდა, ადგილობრივი გუნდების მატჩებს ესწრებოდა. კამიუს ადრეული ჟურნალისტური მოღვაწეობის ერთ-ერთი საუკეთესო სტატია კაბილიაში მცხოვრები ალჟირელების სიღატაკეს ეხებოდა - იმ სანაპირო რეგიონის, საიდანაც ორმოცდაათიან წლებში ზინედინ ზიდანის მშობლები ემიგრირდნენ. პარიზულ ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას, კამიუ კვირა საღამოობით მოუთმენლად ელოდა მატჩების შედეგებს იმ იმედით, რომ მისი საყვარელი RUA გაიმარჯვებდა. 1941 წელს, სკოლაში მასწავლებლად მუშაობისას, სკოლის გუნდს ავარჯიშებდა და ბურთი თავადაც გააგორა, თუმცა საკუთარი უფორმობით გაოგნებული დარჩა. 1944 წლის ივნისში, როდესაც მოკავშირეები ნორმანდიის სანაპიროზე გადასხდნენ, ამ მოვლენასთან მისი უშუალო შეხება ჩემპიონატის მატჩის გაუქმება იყო. ხოლო 1949 წელს, როდესაც მწერლმა ბრაზილიაში სალექციო ტურნე გამართა, მასპინძლები იმით აღფრთოვანდნენ, რომ სტუმარმა ადგილობრივ მატჩზე დასწრება ითხოვა.
ფეხბურთი მისი ახალგაზრდობის მანათობელი იყო და თამაშის ყურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ შეუწყვეტია - მას ყოველთვის აკლდა რაღაც, როდესაც ისეთ ადგილას ცხოვრობდა, სადაც საფეხბურთო გუნდი არ იყო. კამიუს რომანის, “შავის ჭირის” (1947) პერსონაჟის, გონსალესის მსგავსად, მეგობრები მას იცნობდნენ, როგორც ადამიანს, რომელიც ქუჩაში ცარიელი ქილისთვის ფეხის წაკვრის შესაძლებლობას არასდროს უშვებდა ხელიდან. ფეხბურთისადმი სიყვარული ფონად გასდევს მის ყველა რომანს. ეს კაცი - სიღრმისეული მოაზროვნე, რომელიც მიიჩნევდა, რომ ყველაფერი სიზიფესეული იყო და აცხადებდა, რომ სიცოცხლის ერთადერთი გზა უაზრობის წინააღმდეგ უწყვეტი ამბოხი გახლდათ - ამ ერთი შეხედვით უბრალო თამაშზე იყო შეყვარებული. და ის უყვარდა ისეთივე ვნებითა და ერთგულებით, როგორც ნებისმიერი სხვა რამ თავის ცხოვრებაში. რატომ?
დაფიქრდით: რა შეიძლება იყოს იმაზე აბსურდული, 90 წუთის განმავლობაში 22 ადამიანი მწვანე მინდვრიან მართკუთხედზე ტყავის გაბერილ სფეროს რომ დასდევდეს და თან სჯეროდეს, რომ ამ სფეროს მიერ გადაკვეთილი რაღაც შეღებილი ხაზების რაოდენობა უდიდესი მნიშვნელობის ამბავია? ნებისმიერი რაციონალური ანალიზით, ფეხბურთი სასაცილო რამაა - გამოგონილი აზრებისა და მნიშვნელობების ორომტრიალი.
აბსურდიზმის პერსპექტივით, ადამიანის ნებისმიერი სწრაფვა თავისი არსით უკვე სასაცილოა. თუ სამყაროს შორიდან, კოსმიური მასშტაბით შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბურთის დევნას, კარიერის აწყობას, პირველი საცხოვრებლის შეძენას, რასობრივი უსამართლობის აღმოფხვრასა თუ მონათესავე სულის პოვნას შორის არანაირი არსებითი განსხვავება არ არსებობს. მთელი ეს ფართხალი და ოფლის ღვრა რაღაც დროის შემდეგ ამოწურავს თავის თავს და სამუდამოდ მივიწყებული გახდება. ამდენად, კამიუ თვლიდა, რომ ცხოვრებაში აზრის საპოვნელად მასთან მხოლოდ ცივი გონებით მიახლოება საკმარისი არ იყო - ეს მოითხოვდა, სინამდვილეს სულ სხვაგვარი სულიერი განწყობით შეგებებოდი. მრავალი იმ ადამიანის მსგავსად, ვინც ახალგაზრდობაში სიღარიბე გამოიარა, კამიუ, უპირველეს ყოვლისა, პრაგმატიკოსი გახლდათ. მას აინტერესებდა, სინამდვილეში რა ჭრიდა და რა ამართლებდა. და ფიოდორ დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვების” პერსონაჟის, ივანის მსგავსად (წიგნისა, რომელიც კამიუს იმდენად უყვარდა, რომ მისი ადაპტაცია თეატრისთვის დაწერა) ისიც გრძნობდა, რომ ცხოვრებას აზრს სძენს ის, რაც გიყვარს "არა გონებით ან ლოგიკით, არამედ გულითა და მთელი შენი შინაგანი არსებით”.
რწმენა, რომელიც რაციონალიზმს საზღვრებში აქცევდა, იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც კამიუ და პარიზული ინტელიგენცია ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. ომის დროს ის წინააღმდეგობის მოძრაობის გაზეთ Combat-ის მთავარი რედაქტორი იყო. პარიზის "მარცხენა სანაპიროს" (ინტელექტუალური და ბოჰემური ცენტრი, რომელიც მემარცხენე იდეებითაც გამოირჩეოდა) ინტელექტუალები იზიარებდნენ მის სიძულვილს ნაცისტური ოკუპაციისადმი, ასევე იწონებდნენ მის გულმხურვალე და მელანქოლიით გაჯერებულ სარედაქციო წერილებს. თუმცა მომდევნო ათი წლის განმავლობაში კამიუს ურთიერთობა პარიზულ ინტელიგენციასთან (უპირველეს ყოვლისა, მათ მთავარ იდეოლოგთან, ჟან-პოლ სარტრთან) გაუარესდა.
როდესაც საბჭოთა მმართველობის სისასტიკე მზის სინათლეზე გამოვიდა, სარტრმა და სხვებმა განაცხადეს, რომ იდეალი მსხვერპლს ამართლებდა და რომ გულაგი თანასწორი საზოგადოების შექმნის სამწუხარო, მაგრამ აუცილებელ ფასს წარმოადგენდა. კამიუ შოკირებული იყო იმით, რომ მწერლები "საკონცენტრაციო ბანაკებს გათავისუფლების ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ". მისი აზრით, უტოპიის მისაღწევად სისხლის ღვრა გაუმართლებელი იყო: “სჯობს შეცდე და სიცოცხლე არავის წაართვა, ვიდრე შენი სიმართლის საზღაური საფლავების გროვა იყოს”.
ფრანგ მემარცხენეებს სსრკ პოლიტიკურად ეიმედებოდათ და საბჭოთა კომუნიზმის უარყოფამ კამიუ ფრანგულ მემარცხენე ფლანგს ჩამოაშორა. ალჟირის ომის მიმდინარეობისას, როდესაც მას სთხოვეს, მხარი დაეჭირა ალჟირელი პარტიზანების ანტიკოლონიური მისიისთვის, კამიუმ ცნობილი ფრაზა თქვა: "ისინი ალჟირის ტრამვაებში ბომბებს დებენ. შესაძლოა, ერთ-ერთ ასეთ ტრამვაიში დედაჩემი იჯდეს. და თუ ეს არის სამართლიანობა, მე დედაჩემს ვირჩევ". ამით ის კიდევ უფრო მეტად ჩამოშორდა ფრანგ მემარცხენეებს, რომელთათვისაც პოლიტიკურ სამართლიანობაზე მაღლა ცალკეული ადამიანის სიცოცხლის დაყენება პროვინციალიზმად და უბრალო სიბრიყვედ აღიქმებოდა.
კამიუს სიყვარული ფეხბურთისადმი მისი ფართო ინტელექტუალური ბრძოლის ჭრილში შეიძლება გავიაზროთ. ორმოცდაათიანი წლების შუა პერიოდისთვის უკვე სჯეროდა, რომ რეალობისგან მოწყვეტილმა იდეალიზმმა თანამედროვე აზროვნება უსიცოცხლო, უსისხლო სიყალბით დაასნებოვნა. კამიუსთვის სისხლიანი კომუნიზმის გამართლება სწორედ იმის შედეგი იყო, რაც მაშინ ხდება, როდესაც ინტელექტუალები საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების ხიბლში ვარდებიან და თეორიებს ადამიანებზე მაღლა აყენებენ. მას შემდეგ, რაც ნობელის პრემია მიენიჭა, კამიუ უზომოდ ბედნიერი დარჩა იმით, რომ როდესაც ხმაურს გაერიდა, ალჟირში დაბრუნდა და ტაქსის მძღოლმა მასში არა ცნობილი მწერალი, არამედ RUA-ს ყოფილი მეკარე დაინახა.
ის, რასაც კამიუ “ადამიანურ მოვალეობებში” გულისხმობდა, გულწრფელ და ალალ მეგობრობას უკავშირდებოდა. თავს ნაღალატევად გრძნობდა იმ ადამიანებისგან, რომლებთანაც ადრე ნაცისტების განდევნის საერთო მიზანი აერთიანებდა. ღალატმა წელში გატეხა. შესაძლოა კამიუ ისტორიის სწორ მხარეს აღმოჩნდა, თუმცა ცხოვრებაში მას უმრავლესობის საპირისპირო მხარეს უწევდა ყოფნა. მისი წერილები ადასტურებს, რომ თავს მარტოსულად და გარიყულად ხშირად გრძნობდა.
უფრო ინდივიდუალურ დონეზე, კამიუ მიიჩნევდა, რომ სამყარო თვითშემეცნების ნაკლებობით გამოწვეულ მორალურ ქაოსში იყო ჩაფლული და სჯეროდა, რომ საფეხბურთო მატჩის უკომპრომისო ბრძოლა ადამიანებს სარკეში ახედებდა, ხოლო თავად ეს თამაში კაცობრიობას პიროვნულ სიყალბესა და საზოგადოების მიერ თავსმოხვეულ ნარცისიზმს აშორებდა.
ვფიქრობ, კამიუს ყველა გაუგებს, ვისაც კი ფეხბურთი ოდესმე უთამაშია. მოზარდობისას საკუთარი თავი არასასიამოვნო ფორმით დავინახე: როცა თამაში რთულდებოდა, ყურებს ჩამოვყრიდი ხოლმე. ასევე, ჩემზე სუსტად მოთამაშე თანაგუნდელებს სულ ვსაყვედურობდი, მარცხენა ფეხით თამაშის დახვეწა კი მეზარებოდა… თუმცა, ფეხბურთმა კარგი რამეებიც დამანახა: ეგოისტი არ ვიყავი, არ მინდოდა ადამიანებისთვის მეტკინა და როდესაც ჩემს მეგობრებზე უხეშად ჯარიმდებოდნენ, მათ ისეთი რისხვით ვპასუხობდი, რომ თავადაც გაოცებული ვრჩებოდი. ეს ის გაკვეთილებია, რომელსაც ბიბლიოთეკაში ვერ ისწავლი. კამიუს ხედვით, მარტივია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ან ფურცელზე თავი სხვანაირ პიროვნებად წარმოაჩინო, თუმცა თითქმის შეუძლებელია ასეთივე ტყუილმა ფიზიკური შეჯიბრების ქარცეცხლში გაძლოს.
ამას მოჰყვება უფრო ღრმა მიზეზების წყება, რის გამოც კამიუ ფეხბურთში მაგიას ხედავდა. ეს მიზეზები უფრო აპოლიტიკური ხასიათისა იყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში კამიუ ინტერესით ეცნობოდა ბუდისტურ ნაწარმოებებს და თაროზე ბუდას პატარა ხის ქანდაკებასაც ინახავდა. ასაკის მატებასთან ერთად კამიუმ უკეთ გაიაზრა ბუდას ფუნდამენტური მიგნება: ადამიანური ტანჯვა გონების უწყვეტი, დამღლელი ფორიაქით იწყება. კამიუსთვის უცხო არ იყო მიწიერი სიამოვნებანი: უყვარდა ცეკვა და სარდინების ჭამა, რომელსაც ჩინზანოს (იტალიური ვერმუტი) მიაყოლებდა ხოლმე. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, სასიყვარულო წერილები ხუთ სხვადასხვა ქალს მისწერა. თუმცა ჰედონისტი არასდროს ყოფილა. მის დღიურებს თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მეტად, იგი შინაგან სიმშვიდეს და ამავდროულად სრულ სიფხიზლეს (აქ და ახლა) დაეძებდა - მდგომარეობას, რომლის შეგრძნებაც სხეულით განცდილი სიამოვნების მიღმა იყო შესაძლებელი. ასაკის მატებასთან ერთად, კამიუმ ეს ბუნების წიაღში უფრო და უფრო მეტად დაინახა. ის ეძებდა სიცოცხლეს, “რომელიც სავსეა ზღვის კვალით და ჭრიჭინების სიმღერით”. თუმცა ჟაკის მსგავსად, წიგნიდან “პირველი ადამიანი”, ვფიქრობ, პირველი ადგილი, სადაც მან ყოფიერების ბრწყინვალებას მიაგნო, მაინც ალჟირის იმ მოედნებზე იყო, სადაც ძონძებისგან დახვეული ბურთით თამაშობდა.
ეს ამბავი ისეთივე სიმძაფრით მახსოვს, როგორც პირველი კოცნა: ვუყურებდი, მიწიდან ასხლეტილი ბურთი ზარბაზნის ჭურვივით როგორ მოწყდა ჩემს ბუცს და ხარიხას ისეთი ხმით შეასკდა, თითქოს დედამიწის გული შეზანზარდაო. ზაფხულის მზიანი დღე იყო, ალბათ თოთხმეტი წლის ვიქნებოდი. ვიხსენებ და ერთგვარ ტრანსში ვვარდები: მთელი რეალობა ერთ კაშკაშა წერტილში, მოძრავ ბურთში იკუმშება - სადაც აღარ არსებობს არც ჩემი სახელი, არც სოციალური სტატუსი, არც დარდები. ყველა მოთამაშეს აქვს ასეთი მოგონებები. და მათაც კი, ვისაც ამაზე არ უფიქრიათ, კარგად უწყიან: ფეხბურთს მთელი შინაგანი ხმაურის გადაფარვა შეუძლია. სამყაროსთან ისე მჭიდროდ ხარ შერწყმული, როგორც არასდროს, თუმცა საკუთარი თავი წამითაც არ გახსოვს. და სანამ იქ ხარ, ვერცხლისწყლის წვეთები თითებს შორის აღარ გისხლტება. ეს ამაღელვებელი შინაგანი მდგომარეობა ფეხბურთის სულიერი საიდუმლოა. ეს არის ის, რაზეც ფეხბურთელები ასე ძლიერ დამოკიდებულნი ხდებიან - იმ ასაკიდან, როცა ბურთი მათ თავის ქალაზე დიდია, იმ ასაკამდე, როცა მუხლის დამჭერები სჭირდებათ, რომ მოედანზე გასვლა გაბედონ.
თავისი ახალგაზრდობის შესახებ მწერალი კარლ ოვე კნაუსგორი წერდა, რომ ფეხბურთის თამაში იყო "ერთადერთი ადგილი, სადაც აკვიატებული ფიქრები საერთოდ არ მაწუხებდა და სადაც ყველაფერი მხოლოდ ფიზიკურ თანაარსებობაზე დაიყვანებოდა". ამ სტრიქონის წაკითხვისას, მგონია, კამიუც ზუსტად იმას იზამდა, რაც მე გავაკეთე: ორჯერ გაუსვამდა ხაზს.
თექვსმეტი წლის ასაკის შემდეგ, კამიუს ბურთისთვის ფეხი იშვიათად წამოუკრავს, თუმცა ეს თამაში სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა და მისი ყურება არასდროს შეუწყვეტია. თვალს ადევნებდა მშობლიური RUA-ს შედეგებს, მოგვიანებით კი პარიზის რასინგს გულშემატკივრობდა (როგორც ეს ნობელის პრემიის შემდგომ ინტერვიუში ახსენა), რადგან ისიც ისეთივე ლურჯ-თეთრ ზოლიან ფორმაში თამაშობდა, რომელშიც მისი უნივერსიტეტის გუნდი.
მთელ ამ გულშემატკივრობაში კამიუ, ალბათ, არსებობის აბსურდულობის მიკროკოსმოსს ხედავდა. ეჭვი მაქვს, ჩუმად ტკბებოდა ამ პროცესის ირაციონალურობით, რადგან ხედავდა, რომ ყველაფერი, რაც სიზიფეს ცხოვრებაზე ითქმის, ფეხბურთისთვისაც ჭეშმარიტია. როდესაც თამაშობ ან ქომაგობ, ეს ნიშნავს, რომ იცი - შეუძლებელია ამ გზას ყოველთვის ბედნიერი დასასრული ჰქონდეს. თუ წავაგებთ, ლოდის კვლავ მთაზე აგორება მოგვიწევს. ხოლო თუ მოვიგებთ, ან მოგებათა სერიას გავაგრძელებთ, სადღაც მაინც დავმარცხდებით და ლოდს ხელახლა მაინც ავაგორებთ. ყოველთვის, როდესაც ინგლისის ნაკრები დიდ საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშება, ნაბახუსევს, მოწყენილ ბურუსში მყოფს, მამაჩემისგან შეტყობინება მომდის: “შემდეგ ჯერზე”. საქმე ის კი არ არის, გვჯერა თუ არა რომელიმეს, არამედ ის, რომ ორი წლის შემდეგ კვლავ მოგვიწევს ლოდის მხრებით აზიდვა ისეთივე უძლეველი, თუმცა მყიფე, ბავშვური იმედით. შესაძლოა, ეს ერთადერთი რწმენაა, რაც იმ ადამიანებს შერჩათ, რომლებმაც ღმერთები და წმინდანები ფლეიმეიკერებსა და ცრუ ცხრიანებზე გადაცვალეს.
მოთხრობაში “უცხო”, მთავარი პერსონაჟი მერსო ხედავს, თუ როგორ ბრუნდებიან ადგილობრივი გუნდის ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ ქალაქში ტრამვაით: "ღრიანცელით მღეროდნენ, რომ მათი კლუბი უკვდავია”. თუმცა ისინი ხომ მოკვდებიან, არა? ადრე თუ გვიან, ასაკი ყველაზე დიდ მოთამაშეებსაც დაეწევა. მალე დადგება დღე, როდესაც ეს აბსურდული სამყარო იმ საშინელ ცოდვას ჩაიდენს, რომ ლიონელ მესი თამაშის ტემპს ვეღარ აჰყვება.
და მაინც: ის, რასაც კამიუმ “სხეულის მექანიკის სასწაულებრივი ბუნება” უწოდა, ყოველდღიური, რუტინული ყოფისგან გვწყვეტს. უცნაურია, თუმცა სიმართლეა: საფეხბურთო მატჩების დიდი ნაწილი სრულიად ჩვეულებრივია, უინტერესოც კი. თუმცა კამიუ, მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად, დავიწყებას მიცემულ მოსაწყენ მონაკვეთებს იმ წუთებისთვის უძლებდა, როდესაც მოთამაშე ჰაერში გამოეკიდება და ბურთს ტერფის შიდა ნაწილით საოცარი სიმსუბუქით დაიმორჩილებს; როდესაც დაბზრიალებული პასი მოედნის დიაგონალზე მოწყვეტილი ვარსკვლავივით მოხაზავს რკალს; როდესაც გათამაშებული კედელი მეტოქის ოთხკაციან დაცვას სამკუთხედით - ღვთაებრივი გეომეტრიით გაარღვევს.
“ერთადერთი ნამდვილი სამოთხე დაკარგული სამოთხეებია”, წერდა პრუსტი. კამიუსთვის ტუბერკულოზით დაავადებამდე განვლილი სიყრმე და მისი საუკეთესო საფეხბურთო დღეები ერთმანეთში იყო გადახლართული, სანამ ცხოვრების მწარე ჭეშმარიტება დაატყდებოდა თავს. მისი შემთხვევა უკიდურესი მაგალითი იყო, თუმცა მასში არის რაღაც, რაც თითოეული ჩვენგანის ამ თამაშისადმი დამოკიდებულებას ასახავს.
ყველას, ვისაც ეს თამაში უზომოდ უყვარს, უთამაშია იგი. ახსოვს ფეხბურთი იმ სიწმინდითა და თავდავიწყებით, რისი პოვნაც დღეს ასე ჭირს. შემთხვევითი არ არის, რომ ფეხბურთის ყველა მოყვარულს ერთი საერთო ოქროს მოგონება აკავშირებს. ის უდარდელი ხანა, რომელსაც ადამიანი განვითარების ყოველ მომდევნო ეტაპზე განწირული ნოსტალგიით გაჰყურებს - ბავშვობაში, პარკში მეგობრებთან ერთად თამაში. ეს არის მითი ფეხბურთის დაბადების შესახებ. ის, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს: ძირს დაყრილი ჯემპრებით მოხაზული კარების მისტიკა.
ფეხბურთისადმი თავისი დამოკიდებულების აღწერისას, კამიუ ნაწარმოებში სახელწოდებით “ვარდნა” იყენებს სასაცილო სიტყვას - “უცოდველობას”. იყო დრო, რომლის გემოს სწორედ მაშინ შეიგრძენი, როდესაც მან უკვე ჩაიარა. როდესაც შენი სხეული ალისებრი სიმსუბუქით მოძრაობდა, როდესაც ყველა შენი ძალისხმევა წმინდა იყო. იყო დრო, როდესაც სამყაროს ეთიკა ისეთივე მარტივი იყო, როგორც ბოლო სასტვენამდე თამაში და მატჩის ბოლოს ხელის ჩამორთმევა.
წამით ფეხბურთმა ეს ყველაფერი მოგვაპოვებინა. ამას ვერასდროს დავივიწყებთ. და ვერც მის სიყვარულს შევწყვეტთ.
კამიუს სიყვარული არ განელებულა. გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, ლურმარენში სახლი შეიძინა - მთებში, მარსელიდან სამოცდაათიოდე კილომეტრის მოშორებით მდებარე მიძინებულ სოფელში. იქვე გაიცნო ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის მოთამაშეები, სათამაშო ფორმები დაუფინანსა და მატჩების შემდეგ მათთან ერთად ყავას სვამდა. ალბათ, ასე გააგრძელებდა წლების განმავლობაში.
1960 წლის ახალი წლის დღეს, ძველმა მეგობარმა და გამომცემელმა, მიშელ გალიმარმა, კამიუს საფრანგეთის სამხრეთიდან პარიზში მანქანით ერთად დაბრუნება შესთავაზა. კამიუს მატარებლის ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა, თუმცა ბოლო მომენტში მეგობართან ერთად მგზავრობა გადაწყვიტა. ხელოსანს, რომელმაც ცოტა ხნით ადრე გალიმარის მანქანა შეაკეთა, მისთვის უთქვამს: “ეს მანქანა ბორბლებიანი კუბოა”. მართალი აღმოჩნდა. მანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. კამიუ ადგილზე გარდაიცვალა.
"პირველი ადამიანის" დაუსრულებელი ხელნაწერი, სადაც აღწერილია, თუ როგორ ქმნის პატარა ბიჭი, ჟაკი, ფეხბურთისგან თავის “სამეფოს”, ავარიაში მოყოლილი მანქანის საბარგულში იპოვეს. ერთი წლით ადრე, კამიუს მეგობრისთვის უთქვამს, რომ თავისი შემოქმედების მხოლოდ მესამედი ჰქონდა დაწერილი და გრძნობდა, თითქოს ახლაღა იდგამდა ფეხს. მანამდე კი მეგობრებთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ავტოკატასტროფაში დაღუპვაზე უფრო აბსურდული არაფერი იქნებოდა,
გარდაცვალების შემდეგ, კამიუ ლურმარენის მთებში დაკრძალეს. დაკრძალვაზე მისი სასახლე ადგილობრივმა ფეხბურთელებმა ხელით წაიღეს.
წიგნში "საფეხბურთო კაცი" (1968), არტურ ჰოპკრაფტი წერდა, რომ ფეხბურთში "არის კონფლიქტიც და სილამაზეც, ხოლო როდესაც ეს ორი რამ საზოგადოდ ერთად იყრის თავს, იმის გამოსახაველია, რაც მე ხელოვნებას ვუწოდებ". ხელოვნება Homo sapiens-ის უძველესი იარაღია სიცარიელიდან აზრისა და მიღმიერების ამოსაზიდად, კამიუმ კი ფეხბურთში სწორედ ხელოვნების ფორმა დაინახა. საბოლოო ნუგეში არ არსებობს, აცხადებდა კამიუ. ჩვენი აბსურდული ხვედრისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ეს ცხოვრება, ეს “აქ და ახლა” არის ერთადერთი, რაც გაგვაჩნია. ჰოდა, ბოლომდე დაიხარჯე!
"თუკი სადმე, ცივ მთებს შორის, სამყაროსგან მივიწყებულს, საკუთარი ხალხისგან უარყოფილსა და ღონემიხდილს სიკვდილი მეწერა, ზღვა უკანასკნელ წამს მაინც შემოაღწევდა ჩემს საკანში, რათა ამაღლებულიყავ საკუთარ თავზედ, რათა სიძულვილის გარეშე გარდაცვალებაში დამხმარებოდა". კამიუს კიდევ ერთი დიდი სიყვარული ცურვა იყო - განსაკუთრებით ოკეანეში.
ვანკუვერში გატარებული ექვსი წლის განმავლობაში - ჩემი ცხოვრების იმ უკანასკნელ პერიოდში, როდესაც, ეჭვი მაქვს, ფეხბურთს რაიმე სერიოზული სახით ვთამაშობდი - ზაფხულის შუაგულში, ცხელ შაბათ დილას, მანამ ვატარებდი მოედანზე, სანამ ფეხები დაღლილობისგან კანკალს არ დაიწყებდნენ, სახე კი ოფლით არ დამეფარებოდა.
მერე ველოსიპედით ჩემი სახლის სიახლოვეს მდებარე სანაპიროსკენ დავბრუნდებოდი და წყნარ ოკეანეში შევტოპავდი. წყალი ყინულივით ცივი იყო. ღრმად შევდიოდი, მერე კი ჩავყვინთავდი - ვგრძნობდი, როგორ ჩამომრეცხავდა წყალი ჭუჭყს და კანის ფორებიდან გამოსულ ოფლს და როგორ იწყებდნენ ჩემი კუნთები პულსაციას. ზედაპირზე ამოვიყვინთავდი და ჰაერს ჩავისუნთქავდი. წყლიდან ასხლეტილი მზე თვალს მჭრიდა. წყალზე ვტივტივებდი.
იმ კარგ დღეებში, როცა მოედანზე ბურთით რაღაც განსაკუთრებულს ჩავიდენდი, მოგონებასავით, იმ მოძრაობას ჯერ კიდევ ვგრძნობდი ჩემს სხეულში. ცუდ დღეებში კი უბრალოდ ტივტივზე ვკონცენტრირდებოდი და ვცდილობდი, საკუთარი თავი აღარ დამედანაშაულებინა.
მოგვიანებით, იმავე დღეს, ქალაქის ცენტრში, "ვანკუვერ ვაითქაფსის" საყურებლად წავიდოდი - იმის სანახავად, თუ როგორ აკეთებდნენ ამას ჩემზე უკეთესად სხვები.
დაკარგული და ნაპოვნი სამოთხეები. უბრალოდ თამაში.
სტატიას ორიგინალში შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://www.mmowen.me/camus-absurd-love-of-football