Belive
8 თვის წინ

შოთას ნაკვალევზე, უფრო დიდი იმედებით

შოთას ნაკვალევზე, უფრო დიდი იმედებით

რაღაც უჩვეულო, განსაკუთრებული ხდება ქართულ ფეხბურთში. დიდი გამარჯვების შემდეგ გაჩენილი დაღმასვლა და უძრაობა იმედმა ჩაანაცვლა, ოღონდ უკვე თვალსაჩინომ, რეალურმა და არა - აბსტრაქტულმა.

ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს - ამ სეზონიდან, "დიეგო არმანდო მარადონაზე" და "იოჰან კრუიფ არენაზე" ქართველი ფეხბურთელები ითამაშებენ. ლიონში დაბადებული ჟორჟ, უფრო სწორად კი - გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელია - უდიდესი საფეხბურთო ტრადიციებისა და კულტურის მქონე გუნდში, რომელშიც შოთა არველაძემ დიდი ქართული ნაკვალევი დატოვა. სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლო ქინქლაძემ, თუმცა მისი კარიერა მთელი ქვეყნის გამოცდილებად იქცა. ახლა ჯერი მიქაუტაძეზეა.

22 წლის ფორვარდის სანაცვლოდ, "აიაქსმა" სანაცვლოდ €16 მილიონი გადაიხადა. უდავოა, რომ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ - "აიაქსი" ტალანტების სამჭედლოა და ახალგაზრდა ფეხბურთელს იქ მხოლოდ ხანგრძლივი, დეტალური სელექციის შემდეგ თუ მიიყვანენ. 

"მიხარია, რომ ამდენი ხნის შემდეგ, "აიაქსში" ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, მისით ძალიან ვამაყობთ. კვარაცხელიასთან, ჩაკვეტაძესთან და სხვებთან ერთად, მიქაუტაძე საქართველოსთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს," - თქვა შოთა არველაძემ, რომელიც ამსტერდამულ კლუბში 1997-2001 წლებში თამაშობდა.

მიქაუტაძის შეძენა ინგლისურ კლუბებსაც სურდათ. სატრანსფერო ჭორების წერისას, ბრიტანული სპორტული მედია აღნიშნავდა ხოლმე, რომ მიქაუტაძე აგუეროს სტილის ფორვარდია. როგორი შედარებაა? მოძრავია, სწრაფი, ორივე ფეხით თამაშობს და რაც მთავარია, გოლის ალღო აქვს.

უდავოა, რომ ბევრი გოლი გააქვს. "სერენში", 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა, "მეცის" მაისურით კი მოედანზე 45-ჯერ გამოვიდა და მეტოქის კარი 26-ჯერ აიღო. შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე, "ლიგა 2-ის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და დაჯილდოვებაზე, ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელთან, კილიან მბაპესთან ერთად იდგა.

ჩინებულ ფორმაშია, გოლების გატანა არც ლიგა 1-ში შეუწყვეტია - მიმდინარე სეზონში, მოედანზე 3-ჯერ გამოვიდა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ისიც სათქმელია, რომ ნიდერლანდების ჩემპიონატი, მაღალი დონის ფორვარდებისთვის, ნამდვილი სამოთხეა და გადაჭარბებული არ იქნება იმისი თქმა, რომ მიქაუტაძისგან ბევრ გოლს ველოდებით - ეს იქნება გამართლებული ავანსი გუნდისთვის და შესაძლებლობა მისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ ასპარეზზე გადაინაცვლოს.

ლიონში დაიბადა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც შოთა არველაძემ თქვა, დიდ გუნდებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებმა, როგორც გუნდში, ასევე ქვეყანაში, ეიფორია გამოიწვიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი მხოლოდ წარსულით არ იარსებებს, რომ აწმყო ნამდვილად ჩვენია და რომ მომავლის იმედი რეალურ ფუნდამენტზე დგას - ახალგაზრდა თაობაზე, რომელსაც გამარჯვება სწყურია.

"გადაწყვეტილების მისაღებად ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ. ეს არის უდიდესი კლუბი, სადაც უამრავ ლეგენდარულ ფეხბურთელს უთამაშია. მათ შორისაა შოთა არველაძე, რომელიც ჩემი თანამემამულეა. უზომოდ მახარებს, რომ მის ნაკვალევს მივყვები". - გიორგი მიქაუტაძე
გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა