Belive
1 თვის წინ

პარადოქსი გამარჯვების შესახებ - ადესანიას აღზევება და დაცემა

პარადოქსი გამარჯვების შესახებ - ადესანიას აღზევება და დაცემა

ისრაელ ადესანია, ოდესღაც შეუჩერებელი მებრძოლი იყო, შერეული საბრძოლო ხელოვნების სამყაროში ძნელად თუ მოიძებნებოდა მასზე უკეთესი სტრაიკერი. ახლა მას კარიერის მიწურული უდგას, ასაკიც არ აქვს პატარა ბიჭის, და ერთგვარ სიმბოლურ გზაჯვარედინზეა აღმოჩენილი, სადაც უკანასკნელი ღონისძიების შემდეგ ბურუსი ჩამოწვა და ყოფილი ჩემპიონის მომავალი უფრო ბუნდოვანი გახადა, ერთი კი ვიცით, ჯერ ხელთათმანის ოქტაგონზე დაყრას არ აპირებს, კვლავ ბრძოლა და გამარჯვება სწყურია - UFC საშუალო წონის ორგზის ჩემპიონი, ხუთი ტიტულის დაცვით თავმომწონე, ერთი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საშიში ბიჭების გალახვით გატაცებული Stylebender-ის კარიერა დაღმასვლას განიცდის, თითქოს ყველაფერი დასასრულისკენ მიდისო, დაკარგულია მომაკვდინებელი ლეტალურობა და გამარჯვების ქარიზმატული ჟინი, რაც განასხვავებდა მას წონის სხვა მებრძოლებისგან.

მოცემულ სტატიაში შევეცდებით MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და მრავალმხრივი შემტევის, ანდერსონ სილვას შემდეგ წონის საუკეთესო ათლეტის ისრაელ ადესანიას ამბავი მოვყვეთ, თან ის მიზეზი ვიპოვოთ დიდებული აფრიკელი მებრძოლის კარიერა რომ დაღმა წაიყვანა, შესაბამისად აქ გარდა სპორტული, ძალისმიერი ასპექტებისა, მნიშვნელოვანია მზერა ფსიქოლოგიურ საკითხსაც მივმართოთ. ბრძოლა, განსაკუთრებით კი ჩვენი პროტაგონისტი სახეობა ხომ ფიზიკური გამძლეობის გარდა, მენტალურ მხნეობასაც მოითხოვს, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია ოქტაგონზე საკუთარ ძალებს გაუძღვე და დაიმორჩილო ის საჭირო ნიშნულით.

ადესანია გასულ წელს, იმ დროს წონის მე-5 ნომერთან შონ სტრიკლენდთან დამარცხდა, რის შემდეგაც დიდი პაუზა აიღო, ლოგიკურიც იყო, რადგან მაყურებლის წინაშე დომინანტი, მოხერხებული მებრძოლის ნაცვლად, ინერტული და სრულიად ძალაგამოცლილი ფიგურა წარდგა, ფაიფურის ცარიელი ჭურჭლის მსგავსი, რომელიც შესახედავად ლამაზია, მაგრამ მჩატე და ცარიელი. იგივე დახასიათება დაბრუნებული ადესანიასადმი უსამართლო იქნება, პირიქით - UFC 305-ზე, საშუალო წონის მოქმედ ჩემპიონთან დუ პლესთან ვიხილეთ ძლიერი და კარგად მომზადებული ათლეტი, მისი დარტყმები იყო კონკრეტული, ურტყამდა სწორად და მაღალი პროცენტით, მოქმედებდა დახვეწილი პირდაპირი ფეხის დარტყმებით, კრივის მეთოდით კი სხეულს უტევდა, მეტოქეს ღლიდა და "ალამაზებდა", ჩემპიონის უშინაარსო თეიქ დაუნებსაც კარგად უმკლავდებოდა - ყველაფერი მისთვის სწორად მიდიოდა, და თითქოს ლოგიკური ფინალისკენ მივემართებოდით, სადაც ისრაელისთვის იდეალური სურათი იყო წარმოდგენილი, თუ როგორ აცხადებს ბრიუს ბუფერი ახალ ჩემპიონს, საბოლოოდ ყველაფერი უკუღმა წავიდა, კანონზომიერება აირია, რაც შერეული საბრძოლო ხელოვნების მთავარი მუღამი და განმსაზღვრელია - დომინაცია წამში შეიძლება იქცეს მარცხად, ერთი მოდუნების ამბავია. ასე და ამგვარად მე-4 რაუნდში სამხრეთ აფრიკელმა მებრძოლმა თავისი მძიმე ხელების კონკრეტულობისა და დაუღალავი ენერგიის ხარჯზე, ადესანია მახრჩობელაზე დაიჭირა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ადამიანს, მოკაშკაშე ვარსკვლავს შეუძლია ყველაფერი - ეს ის უზენაესი კანონია, რაზეც დგას მოცემული საბრძოლო ხელოვნება.

ყველაფერთან ერთად წონას ახალი ჩემპიონი და ახალი თავსატეხი ჰყავს, კერკეტი კაკალი - დუ პლესი, რომელიც მთელი ბრძოლის განმავლობაში აბსტრაქტულად უტევდა, როგორც ჩანს მისი მენტალობა უტეხია, ის ჰგავს იმ სამოსან მოსწავლეს, რომელსაც არც შენიშვნების ეშინია და არც რაიმე კომპლექსი აქვს საკუთარი უცოდინარობის, ან ნახევრად ნასწავლი გაკვეთილის, მეტიც, მოხერხებულია და იმდენი შეუძლია გააკეთოს, რომ ხუთოსანზე დიდი ნიშანი მიიღოს, მაგრამ მასზე სხვა დროს იყოს, ახლა კვლავ ადესანიას დავუბრუნდეთ - უცნაურია, აიხდინო მთავარი ოცნება, უპოვო ღრიჭო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მებრძოლს - ალექს პერეირას, შემდეგ კი მიჯრით ორი შეხვედრა წააგო, დაგეწყოს კარიერის დაღმასვლა.

საშუალო წონაში უნაკლო რეკორდით წლების განმავლობაში დომინაციის შემდეგ, Stylebender-ის ტრაექტორია იცვლება, მისი ბოლო წარმოდგენები აჩვენებს, რომ მან დაკარგა სასიკვდილო სიზუსტე, იქნებ ამის მიზეზი და პასუხი მონუმენტურ გამარჯვებაშია - ალექს პერეირას წინააღმდეგ. ბრძოლა, რომელიც უფრო მეტი იყო, ვიდრე მორიგი ბრძოლა - ეს ორივე მებრძოლისთვის, განსაკუთრებით კი ადესანიასთვის, იყო საკუთარი თავის ძიების კულმინაცია, და როცა აფრიკელი მებრძოლი აღწევს ამ მწვერვალს, იქ იწყება მისი დაღმასვლა, ნაცვლად საკუთარი დომინაციის გაძლიერებისა, ყველაფერი თავდაყირა დგება, ხანდახან ცხოვრება სავსეა ასეთი პარადოქსებით - გამარჯვებამ, შესაძლოა გზა გაკაფოს მარცხისკენ.

ამ ორი დიდებული მებრძოლის კარიერა, ერთმანეთმა განსაზღვრა. მათი დამოკიდებულება ჰგავს ორი მოქიშპე სახელმწიფოს, კულტურის, თუ იდეოლოგიის დამოკიდებულებას - ერთმანეთი ასაზრდოებთ. ან, შეგვიძლია ეს სიტყვა წარსულ ფორმაში გამოვიყენოთ, რადგან საგა, თითქოს დასრულდა, პოატანი სხვა როლშია შეჭრილი, ლამის ყოველ კვირა ჩხუბობს, ადესანიასთან მარცხის შემდეგ წონაც შეიცვალა და ახლა იმას ფიქრობ, როგორ სცემოს ყველა და ყველაფერი, როგორც იტყობინება ცოტა ხანში სულ სულ ზევით - მძიმე წონაშიც აპირებს ასვლას, რომ იქაური ცუდი ბიჭების დასჯა დაიწყოს. ამიტომ პერირას ამბავი გასაგებია, აი, ადესანია კი, ჩვენს ხელშია შემომდნარი. მივყვეთ.

ადესანია - პერეირას ისტორია კიკბოქსინგის დაპირისპირებით იწყება, მათ შორის ორი ბრძოლა შედგა და გამარჯვება ორივეში ბრაზილიელს ხვდა წილად. პირველში, საკამათო, გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა, აი, მეორე ბრძოლა კი ლეტალური ნოკაუტით დამთავრდა, რის შემდეგაც ისრაელმა მოიკიდა გუდა ნაბადი და, უფრო პრესტიჟულ და პოპულარულ სპორტში, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში გადაწყვიტა გადასვლა. შედეგმაც არ დააყოვნა, მისი სახით მივიღეთ ახალი, ძლიერი, ინტელექტუალური მებრძოლი, რომელიც არა მხოლოდ ოქტაგონზე ქმნის სანახაობას, არამედ მის გარეთაც, რაც იმ პერიოდში ამ ახლადგამოჩეკილი სპორტისთვის მნიშვნელოვანი იყო, კონორ მაკგრეგორი ეული კაცი იყო და შევსებას საჭიროებდა.

UFC-ს ვარსკვლავბიჭუნა ყველას და ყველაფერს აცლიდა თავს - შეხედავდი და იფიქრებდი, თითქოს იმხელა ძალა არ აქვს ხელშიო, მაგრამ მისი მოქნეული მარცხენა საპირისპიროსკენ მიგითითებდა, ის ერთი მოქნევით მიწაზე სვამდა უძლიერეს მეომრებს, დინამიური შეტევით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა არავის, მარტივად და აუღელვებლად შლიდა ისეთ მაგარ ბიჭებს, როგორიცაა ვიტეკერი, ველტორი, კოსტა, რომერო... მისი ფეხების მოძრაობა, სისწრაფე ქმნიდა დაუვიწყარ შოუს მილიონი ანთებული თვალისთვის, რომლებმაც მალევე მოიყარეს თავი მის გარშემო.

მოულოდნელად ადესანიას კარიერაში კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხი ამოტივტივდება. გახსოვთ კინოფილმი როკი IV, სადაც თავმომწონე როკი ბალბოა თავისებური რიტორიკით შეამკობს მეტოქეს: "მე ლეგენდა ვიქნები, შენ კი დაჯდები ბარში და ეტყვი გოგოებს, რომ ოდესღაც დიდი მებრძოლი იყავი", ახალგაზრდა ადესანია ავსტრალიის ერთ რიგით მედიაპლატფორმას ინტერვიუს აძლევს, ის ოპონირებას როკის აროგანტული სტილით ახდენს და იხსენებს იმ დროისთვის საზოგადოების ფართო მასებისთვის უცნობ სუბიექტს, ალექს პოატან პერეირას:

ის უყურებს ჩემს ყველა ჩხუბს, მაგრამ მე არასდროს მინახავს მისი ჩხუბები, საერთოდ არავინ იცის, ვინ არის ის. მე ვიქნები მსოფლიო ჩემპიონი, მე ვიქნები ლეგენდა, ის კი ამ დროს რომელიმე პაბში ალკოჰოლით გალეშილი გოგოს მოუყვება ჩემზე: ერთხელ მე ეს ბიჭი ვცემე. -

აი, აქედან იწყება UFC-ის ისტორიაში ახალი და დიდებული თავი - 7000 მილის მოშორებით, ალექს პერეირა ნახავს ინტერვიუს, ეს კი გახდება მოტივატორი - ისრაელ ადესანიას აჩრდილი შერეულ საბრძოლო ხელოვნებას დაუწყებს შეტევას - ყბაზე ნადირობას გამოაცხადებს.

ადესანიას ხინჯად ექცა პერეირასთან განცდილი მარცხი და მიუხედავად სახეობის შეცვლისა, იქ დომინირებისა და პოპულარულობისა, ეს მისთვის არ იყო საკმარისი. შექსპირის პიესაში "ჰამლეტი" მამის აჩრდილი შეცდომაში შეყვანილ ჰამლეტს ნიშნის მოგებით ეტყვის: "დამიმახსოვრე". კიკბოქსინგში გამართული მათი მეორე ბრძოლისას, ნოკაუტში მყოფ ადესანიას პერეირა რაღაცას ჩაჰყვირებს, თითქოს სწორედ ამას - დამიმახსოვრე. შექსპირი ამით გამოხატავს წარსულის მუდმივ გავლენას აწმყოზე. ასეა ეს, ადესანიას შემთხვევაშიც.

ადესანია ხშირად აღნიშნავს, რომ პერეირასთან გადაკვეთა, მისი კარიერის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტია. მათი ისტორია კიკბოქსინგში გასაგებია, MMA-ში კი, სცილდება სპორტის სახეობას და უფრო ღრმა ფილოსოფიურ შრეებში გადადის - UFC 281-ზე, ინდიელი აჩრდილი, ქვის მუშტით შეიარაღებული, თითქოს მარცხისკენ მიემართება, 39-37 - ადესანია უკეთესია, თუმცა მე-5 რაუნდში, როცა დომინაცია მოდუნდება პერეირა აურზაურს აწყობს, მეტოქეს კუთხესთან მოიმწყვდევს და მტაცებლური სულისკვეთებით დაამარცხებს. მის სახეზე ღვთაებრივი დამაჯერებლობა დაიწყებს თამაშს, თითქოს წარმოსახვაში ექოებად ისმის: "მე ვიქნები ჩემპიონი, მე ვიქნები ლეგენდა..."

მიუხედავად ყველაფრისა ადესანია არ ნებდება, ითხოვს მეორე შეხვედრას და საწადელსაც მიაღწევს - ჯერჯერობით ერთადერთი ათლეტია, ვინც ალექს პერეირა UFC-ში დაამარცხა The Last Stylebender - UFC 287-ზე, ამ სპორტის სახეობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო KO-ს და ტაქტიკური სტრაიკინგის მასტერკლასს გვთავაზობს, რასაც შეგვიძლია - აჩრდილზე გამარჯვება დავარქვათ. კუთხესთან მიბჯენილი, თითქოს თავდაცვის რეჟიმზეა გადასული, ეძებს მომენტს, პოულობს და მაყურებელს გვაჩუქებს ლეგენდარულ გასროლას, ბონუსად კი ასევე ლეგენდარულ აღნიშვნას მიაყოლებს, ხვიჩა კვარაცხელიათი დაწყებული და მოჰამედ სალაჰით დამთავრებული რომ ბევრი აიკვიატებს.

ესეც შექსპირული ამბავია, შინაგან დემონებთან დაპირისპირების ამბავი, შეუძლებლის შესაძლებლობის ამბავი; წარსულის აჩრდილი, რომელიც არ ასვენებდა - დამარცხებულია. ეს გამარჯვება კი არა მხოლოდ ტიტულის დაბრუნების საკითხი იყო, არამედ დემონის განდევნის რიტუალი, რომელიც მასში წლების განმავლობაში ბუდობდა. ეს იყო გამარჯვების მონუმენტურობა, ერთგვარი კათარსისი, განწმენდა ნეგატიური ნიშნებისგან.

გამარჯვება შეიძლება, როგორც ზევით აღვნიშნეთ, იქცეს მარცხის საწინდრად, ეპოქის დასასრულის მანიშნებლად, და ასეც მოხდა, თითქოს პერეირასთან გამარჯვება ადესანიასთვის მიუწვდომელი იყო, როგორც ალპინისტებისთვის მწვერვალი კ2. და როგორც ჩანს, მწვერვალის დაპყრობამ მებრძოლი ახალი მოტივაციის პოვნის გამოწვევის წინაშე დააყენა.

ადესანიას კარიერაში დატრიალებული ეს მომენტი კი ბადებს მნიშვნელოვან ადამიანურ კითხვას: როდესაც მებრძოლი წლების განმავლობაში ცალკეული მიზნის მისაღწევად იღვწოდა, რა ხდება ამ მიზნის ასრულების შემდეგ? ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან შეიძლება საკითხს ასე შევხედოთ: ეს არის ერთგვარი ლტოლვა დესტრუქციისკენ, რაც სრულიად ბუნებრივია, როცა მნიშვნელოვან მიზანს მიაღწევ. ადესანიას გამარჯვებამ პერეირაზე გაუქრო დრაივი, რომელიც ამოძრავებდა და ხდიდა ლეტალურს, მისი ლიბიდო დაქვეითდა, რაც მას ინერციის მდგომარეობისკენ უბიძგებს.

Stylebender-ის უკანასკნელი ბრძოლები ეძებს ახალ მიზეზებს, რათა მიმართოს საკუთარი თავი, გაუძლოს იმ წნეხს, რასაც ელიტური კონკურენცია მოითხოვს, სწორედ ესაა გზაჯვარედინზე მდგარი ადესანიას ამოსავალი პირობა - ის არ მიდის სახლში, მის წინ ახალი გამოწვევა - დაბრუნება, კიდევ ერთხელ დაბრუნება, რამაც ის დიდებულ ჩემპიონად აქცია.

მისი მოგზაურობა შერეული საბრძოლო ხელოვნებაში ასახავს ჩემპიონის სირთულეს, ეს არ ეხება მხოლოდ ფიზიკურ უნარს, როგორც ბოლო ბრძოლაში ვნახეთ, ამ მხრივ ათლეტი კარგად არის მომზადებული, ეს უფრო გონებრივ სიმტკიცეს ეხება, რათა მუდმივად იპოვო მიზანი, თუნდაც საბოლოო მიზნის მიღწევის შემდეგ. ის დგას გზაჯვარედინზე და იკრებს ძალას; ისტორია სავსეა ჩემპიონებით, რომლებიც დაცემის შემდეგ ხელახლა აღმოაჩენენ ფორმას და ბრუნდებიან უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე, ისრაელის შემთხვევაში ეს ორჯერ მოხდა, ვნახოთ თუ შესწევს ძალა, კიდევ ერთხელ გაიმეოროს იგივე.

იქნებ ეს დასასრულის დასაწყისია. 

ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ესეც საინტერესოა