Belive
1 თვის წინ

გვჯერა – ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე

გვჯერა – ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე

როგორც ქართული სპორტის ერთგული გულშემატკივარი, ჩემს მეხსიერებაში ბევრი სასიამოვნო და ღირებული მოგონებაა დალექილი. ჩვენი ფეხბურთის ყოველი ენთუზიასტის გულში ბუდობს რამდენიმე აუსრულებელი ოცნება – ეროვნული ნაკრების მოგზაურობა ევროპის ჩემპიონატის დიდებისკენ სწრაფვაში ერთ-ერთი ასეთი საგაა.

სანამ 2018 წელს „ერთა ლიგა“  შეიქმნებოდა, საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ყოველთვის შორეულ ოცნებას წარმოადგენდა.  55 ევროპული ნაკრები ოთხ ლიგაში (A, B, C, D) გადანაწილდა. ერთა ლიგის ოთხივე დივიზიონის, ქვეჯგუფების გამარჯვებული 16 გუნდი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ავტომატურად მოსახვედრი ოთხი საგზურისათვის იბრძოდა და ამ ბრძოლაში საქართველო გულანთებული ჩაერთო.

სუნთქვაშეკრულები ვადევნებდით თვალს, როგორ გამოდიოდნენ ჩვენი ბიჭები მოედანზე, წითელ-თეთრებში შემოსილები და მატჩის ბოლო წუთამდე ერთი საერთო მიზნისთვის იბრძოდნენ. პირველი გამარჯვების მღელვარებამ და ემოციებმა ჩვენი ძარღვები, გულები და ფიქრები მოიცვა. ჩაკვეს ისტორიულმა გოლმა ყაზახეთის კარში ქართული ფეხბურთის ახალი ეპოქის გარიჟრაჟი გვაუწყა. ჩვენც ვიხალისეთ, ვიზეიმეთ და ოცნება გავბედეთ!

ყოველი თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის დაუოკებელი სულისკვეთების შემხედვარე, გულშემატკივრების ოპტიმიზმიც იზრდებოდა. 6 მატჩიდან 5 გამარჯვებითა და ერთი ფრით ჯგუფში პირველ ადგილს დავეუფლეთ. მცირე გამარჯვებებიდან დაწყებული ხმამაღალი ტრიუმფებით გაგრძელებული, წინ მივიწევდით, ჩვენი მზერა და თვალთახედვა მთლიანად ევროპის ჩემპიონატის საგზურისკენ იყო მიმართული. დავამარცხეთ ყაზახეთი, ლატვია, ანდორა და პლეი-ოფის ზონაში გადავინაცვლეთ. 1/2 ფინალურ მატჩში ბელარუსთან თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოვიგეთ და მიზანს ძალიან ახლოს, 1 ნაბიჯში მივუახლოვდით. ბრწყინვალე ფორმაში მყოფი საქართველოს ნაკრებისთვის წინ მხოლოდ ერთი ბარიერი, ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებაღა იყო დარჩენილი.

ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როდესაც საქართველო სიდიადისკენ მიმავალ გზაზე ამაყად მიაბიჯებდა, სოციალური მედია ხვიჩა კვარაცხელიას კოვიდით დაავადების შესახებ გავრცელებული ცნობებით აჭრელდა. საქართველოს ნაკრებს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დააკლდა. განა მხოლოდ ეს?! კოვიდის პრევენციის მიზნით სტადიონზე გულშემატკივრებს შესვლა აეკრძალათ. ცარიელი ბორის პაიჭაძის დუმილის ფონზე, ქართველი გულშემატკივრის გარეშე დარჩენილი ნაკრები მაკედონიასთან დამარცხდა.

თუმცა, დამარცხების მიუხედავად ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელი იყო – საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს!

ნაკრებმა განახლებული ენერგიით, შემადგენლობითა და ძალებით განაგრძო ოცნებისკენ წინსვლა და გვჯერა, ეს მცდელობა შედეგს ამჯერად აუცილებლად გამოიღებს.

ექვსი თამაშიდან ხუთი მოგებითა და 1 ფრით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვხვდით ერთა ლიგის პლეიოფში. ნანატრ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან 2 გამარჯვებაღა გვაშორებს. 21 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის მოედანზე ლუქსემბურგს დავუპირისპირდებით, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს ვუმასპინძლებთ. 2024 წლის მარტი გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ისტორიის დაწერის შესაძლებლობაა.

ლუქსემბურგს წარსული წარუმატებლობის შედეგად გაძლიერებულები, ბევრად უფრო ერთიანები და მონდომებულები დავუპირისპირდებით და დანებებას არ ვგეგმავთ.

გვჯერა, გვჯერა, გვჯერა – ისმის ჩვენს სხეულებში და გულში მოგიზგიზე ცეცხლი ჩაქრობაზე უარს აცხადებს. ზღაპრის ბოლო კეთილია და გვწამს, რომ ეს ზღაპარი საქართველოს დიდების აღსაწერადაა შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის სახით ძლიერი მეტოქეები გველოდება, ჩვენ უშიშრად ვდგავართ, რადგან გვჯერა ჩვენი გუნდის, მათი მხარდამჭერებისა და ჩვენს შორის არსებული ურღვევი ჯაჭვის, რომელიც გვაერთიანებს. როცა გვერდიგვერდ ვდგავართ და გული ერთიანად ფეთქავს, ვიცით, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

და 26 მარტს, როდესაც მსაჯის სასტვენი ერთა ლიგის ფინალური მატჩის დასრულებას გვაუწყებს, ქართველი ერი სიამაყით აივსება!

გვჯერა, ეს არის ჩვენი დრო, ჩვენი მომენტი, ჩვენი ბედისწერა და წინ ვერაფერი გადაგვეღობება. გვჯერა – გავალთ ევროპაზე!

ესეც საინტერესოა