Belive
6 თვის წინ

ბრაზილიის გრან პრი იწყება | რა უნდა ვიცოდეთ?

ბრაზილიის გრან პრის ისტორია და ტრეკის მახასიათებლები

ბრაზილიის გრან პრი იწყება | რა უნდა ვიცოდეთ?

ტრეკის ისტორია

ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში ავტოდრომის სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 1938 წელს დაიწყო. ტრასა ოფიციალურად ხოსე კარლოს პეისის სახელს ატარებს, თუმცა საზოგადოდ მას „ინტერლაგოსად“ მოიხსენიებენ. ტრასის დიზაინერებმა შთაგონება სამი ძირითადი ტრეკისგან მიიღეს:  „ბრუკლენდსი“ დიდ ბრიტანეთში, „რუზველტის ტრასა“ აშშ-ში და „მონტლერი“ საფრანგეთში.

პირველი გრან პრი

ბრაზილიელი მრბოლელის, ემერსონ ფიტიპალდის წარმატებით შთაგონებულმა „ფორმულა 1“ -მა, სან პაულოს მთავარ ტრასაზე,  გრან პრის ჩატარება პირველად 1973 წელს გადაწყვიტა. გულშემატკივრებს ბრაზილიის პირველ სამ შეჯიბრზე  საშინაო გამარჯვება ხვდათ წილად, ფიტიპალდიმ  1973 და 1974 წლებში გაიმარჯვა, ხოლო კარლოს პეისმა (მისი სახელობისაა ტრეკი) ჩემპიონობა 1975 წელს მოიპოვა.

ტრასის მახასიათებლები

მეორე მსოფლიო ომამდელი  ტრასების მსგავსად, ინტერლაგოსს ჰქონდა დახრილი კუთხეები, რაც მრბოლელებს მოსახვევების დაძლევაში ეხმარებოდა. მძღოლები წრეს, ფაქტობრივად,  ნახევრად ოვალურ მდგომარეობაში გადიოდნენ.  2007 წლის ბრაზილიის გრან პრისთვის, ტრასას ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური რეკონსტრუქცია  ჩაუტარდა. არსებული ასფალტი მთლიანად შეიცვალა, რის შედეგადაც  ზედაპირი გაცილებით გლუვი გახდა. უსაფრთხოების ახალი სტანდარტების გათვალისწინებით გაუმჯობესდა პიტსტოპის შესასვლელიც. სარემონტო სამუშაოების გამო, გრან პრიმდე 5 თვით ადრე, ტრასა მთლიანად დახურეს და იქ არცერთი ღონისძიება არ ჩატარებულა. გზის ერთი წრის სიგრძე 4.309 კმ-ს შეადგენს, 71 წრის შემდეგ კი მრბოლელებს მთლიანობაში 305.879 კმ-ის გავლა უწევთ. Lap record ( ერთი წრის რეკორდი) ვალტერი ბოტასს და მის „მერსედესს“ ეკუთვნის, მან ერთი წრე,  2018 წლის გრან პრიზე, 1:10.540 წუთში გაიარა.

სიყვარულის მიზეზი

სან პაულოში მუდამ საკარნავალო ატმოსფეროა, ამიტომ „ფორმულა 1“-ის ბოლიდების ადგილობრივებთან ერთად ყურება ნამდვილად ისაა, რასაც  F1-ის ყველა  გულშემატკივარი უნდა განიცდიდეს. მართალია, ჯერ არ ჩანს პილოტი, რომელიც ბრაზილიელებს ძველ დიდებას დაუბრუნებს, თუმცა ეს ვერასდროს ჩაშლის „წვეულებას ინტერლაგოსში“.  

ბრაზილია 2023 / სეზონის ერთ-ერთი ბოლო გრან პრი

შეჯიბრი 3 ნოემბერს პრაქტიკითა და კვალიფიკაციით დაიწყება, 4 ნოემბერს მრბოლელები საკუთარი რეიტინგის გაუმჯობესებას შეეცდებიან, 5 ნოემბერს კი დასკვნითი დღეა - მთავარი რბოლა. მექსიკაში, მორიგი ინციდენტებით სავსე შაბათ-კვირის შემდეგ, ბრაზილიაში ბევრი რამეა გასარკვევი.  ერთი წლის წინ, „რედ ბული“  ინტერლაგოსში შესანიშნავ ფორმაში ჩავიდა, მაგრამ არასწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებების გამო პრობლემები შეექმნა,   გაუგებრობა „მერსედესმა“ გამოიყენა და ჯორჯ რასელმა შეჯიბრი პოულ პოზიციიდან მოიგო. „რედ ბული“ ამ წელს რევანშის აღებას შეეცდება.  ინტრიგაა ის, თუ ვინ იქნება საერთო ჩათვლაში მეორე, მაქს ფერსტაპენის შემდეგ. მიუხედავად იმისა,  რომ პილოტების უმეტესობის აზრით, პირველი ადგილის გარდა არაფერს აქვს მნიშვნელობა, გუნდებისთვის გადამწყვეტია საკუთარი მრბოლელი რეიტინგით უფრო მაღლა იყოს, ვიდრე კონკურენტი. ამ მომენტისთვის ლუის ჰამილტონი (მერსედესი) ჩეკო პერესს (რედ ბული) მხოლოდ 20 ქულით ჩამორჩება, ეს კი ლუისისთვის მაინც შანსია, რომ სეზონი „საზიზღარ“ მე-2 ადგილზე დაასრულოს.

რომა დევიძე
რომა დევიძე

ესეც საინტერესოა