Belive
9 თვის წინ

ბობ მარლი და მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ

ბობ მარლი და მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ

"თუ ჩემი გაცნობა გსურთ, ჩემთან ფეხბურთი უნდა ითამაშოთ".

ასე მიმართა იამაიკელმა მომღერალმა ჟურნალისტს და  ეს ჰაერში ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა. ბობ მარლი რეგის ფუძემდებელი, მუსიკოსი, მომღერალი და დიდი კვალის დამტოვებელი კულტურული ფიგურა იყო, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ფეხბურთი, ბობ მარლის ცხოვრებაში, არანაკლებ მნიშვნელობას ატარებდა.

ფეხბურთი თავისუფლებაა

ბობ მარლის ფეხბურთი ძალიან უყვარდა. ამბობენ, რომ თამაშის შანსს ხელიდან არასოდეს უშვებდა - თამაშობდა შესვენებაზე, როდესაც მისი სიმღერა იწერებოდა. თამაშობდა კონცერტის წინ და ხანდახან, პარკში, მეგობრებთან ერთად. ფეხბურთი მისთვის იყო დამატებითი საშუალება, რომ მისი ხასიათი და მიდგომა არა მუსიკაში, არამედ უფრო კონკურენტუნარიან გარემოში ეჩვენებინა.

მის ტექსტებში ხშირად ამოიკითხავთ თავისუფლებისადმი წყურვილს - ის ადამიანებს მენტალური თავისუფლებისკენ და გონებრივ მონობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა. ფეხბურთი კი ბრძოლისა და იმ ემოციების კრებულია, რომლის გავლენაც საფეხბურთო მოედნის გარეთ მნიშვნელოვნად იგრძნობა.

1980 წლის ინტერვიუში მარლი ამბობს: "ჯერ მუსიკა მიყვარს, შემდეგ კი ფეხბურთი. ფეხბურთს პირველ ადგილას ვერ დავაყენებ, ეს შეიძლება საშიშიც კი იყოს. ფეხბურთი ხანდახან ძალიან ძალადობრივი ხდება. მე მშვიდობაზე, სიყვარულზე და მსგავსს თემებზე ვმღერი და ხომ გესმით... როდესაც ფეხბურთის თამაშისას ბურთს უხეშად წაგართმევენ, ამ დროს თავში მხოლოდ ომის სურვილი გიტრიალებს".

"მისი ფეხბურთის ყურება საოცარი იყო. ამ დროს ფოტოებსაც არ ვუღებდი, უბრალოდ, მინდოდა მისთვის თვალი არ მომეშორებინა. ეს მისი სიამოვნება იყო - ერთადერთი დრო, როდესაც განტვირთვას ახერხებდა. კამერა მისკენ მიმართული ამიტომაც არ მქონდა". - ბობ მარლის ფოტოგრაფი და ახლო მეგობარი.

1981 წელს, კანის სიმსივნით (მელანომა) გარდაიცვალა. ცნობილი ფაქტია, რომ დაავადების შესახებ მან სწორედ ფეხბურთის თამაშის შემდეგ გაიგო, როდესაც ფეხის თითზე მიღებული დაზიანება საეჭვოდ გაუმიზეზდა.

1977-ში, როდესაც მარლის მელანომა დაუდგინდა, ექიმებმა უთხრეს, რომ სიცოცხლის გასაგრძელებლად, ფეხის თითის ამპუტაცია სჭირდებოდა. სასტიკი, მაგრამ საჭირო შეთავაზებაზე მარლიმ უარი განაცხადა, რადგან ეს რასტაფარის რელიგიური მოძრაობის იდეებს  ეწინააღმდეგებოდა.

ცნობილია, რომ იამაიკელი მუსიკოსი ბრაზილიური "სანტოსისა" და ინგლისური "ტოტენჰემის" ქომაგი იყო. განსაკუთრებით არგენტინელი ნახვარმცველი, ოსვალდო არდილესი უყვარდა, რომელიც სწორედ ინგლისური გუნდის რიგებში გამოდიოდა.

ბობ მარლი და ამსტერდამის აიაქსი

2008 წლის ზაფხულში, წინასასეზონო მატჩში, "აიაქსი" "კარდიფს" დაუპირისპირდა. მატჩის დასრულების შემდეგ, "აიაქსის" გულშემატკივარი სკამზე დარჩა, რადგან სტადიონი ჯერ "კარდიფის" ქომაგებს უნდა დაეტოვებინათ.

განწყობის შესანარჩუნებლად, სტადიონის დიქტორმა, ალი იასინმა, ბობ მარლის სიმღერა, Three Little Birds ჩართო, შედეგი კი საოცრად სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო: ამსტერდამული გუნდის ქომაგებმა სიმღერა, ცეკვა, ტაშის კვრა დაიწყო და შედეგად, ეს სიმღერა "აიაქსის" არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.

მეტიც, ამსტერდამულმა გუნდმა 3 ჩიტის სიმბოლო ახალ მაისურზეც დაიტანა, თუმცა უეფა-ს მოთხოვნით, მისი ამოღება მოუწია: უეფა-ს წესდებით, გუნდის მაისურზე მხოლოდ კლუბის ან სპონსორის ლოგოს დატანაა შესაძლებელი.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა