შემოდგომის ერთა თასის ფინალური ტური | საქართველო Vs. ფიჯი

შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა A-ჯგუფში ინგლისის, უელსისა და ირლანდიის წინააღმდეგ იასპარეზა.

6-ერის ძლევამოსილი წარმომადგენლებისა და მსოფლიოს სარაგბო ელიტის ერების წინააღმდეგ, “ბორჯღალოსნები” მატჩიდან მატჩამდე ვითარდებოდნენ – ინგლისთან და უელსთან უქულო მარცხის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართა და 23:10 დამარცხდა.

ირლანდიის წინააღმდეგ ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის გამო, ქართველი მორაგბეები არაერთმა გავლენიანმა სარაგბლო პორტალმა შეაქო. მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღმოსავლეთ ევროპული ერის თავდადებასა და ირლანდიის წინააღმდეგ მედგარ ბრძოლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. “ბორჯღალოსანთა” ცენტრი – გიორგი კვესელაძე კი მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

არავისთვის გასაკვირი არ იყო, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები A-ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებდა. B-ჯგუფის ბოლოადგილოსანი კი ფიჯი გახდა. კორონავირუსის გამო “მფრინავი ფიჯელების” მატჩები საფრანგეთის, შოტლანდიისა და იტალიის წინააღმდეგ გაუქმდა და კუნძულელებს წაგება (0:28) ჩაეთვალათ.

ფიჯიმ კორონავირუსი დაამარცხა და შემოდგომის ერთა თასის უკანასკნელ შეხვედრაში საქართველოს წინააღმდეგ ემზადება. “ბორჯღალოსნებისა” და “მფრინავი ფიჯელების” დაპირისპირება 5 დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე, “მარიფილდზე” გაიმართება.

423 – გასული დღეების რაოდენობა, მას შემდეგ, რაც ფიჯიმ უკანასკნელი ტესტ-მატჩი გამართა. (უელსი 29:17 ფიჯი).

4 – 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, “ბორჯღალოსნებისა” და “ფიჯის” რიგით მეოთხე დაპირისპირება გაიმართა.

6 – ლელოების რაოდენობა, რომელიც აღნიშნულ მატჩში ფიჯიმ საქართველოს დაუდო.

1 – 2016 წლის ივნისში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯი სუვაში 14:3 დაამარცხა.

143 – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიერ მატჩში შესრულებული ბოჭვების საშუალო მაჩვენებელი.

შემოდგომის ერთა თასის ფინალური ტური | საქართველო Vs. ფიჯი

სტატიის ავტორი
-