Belive

planetrugby - თვიქენჰემზე საქართველომ საამაყო პერფორმანსი აჩვენა

3 წლის წინ რაგბი
3 წთ
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, ინგლისი საქართველოს დაუპირისპირდა. ლეგენდარულ "თვიქენჰემზე" გამართული დაპირისპირება, რა თქმა უნდა მასპინძელთა გამარჯვებით (40:0) დასრულდა. მარცხის მიუხედავად, არაერთი გავლენიანი სარაგბო პორტალი მიიჩნევს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და გამოცდა ჩააბარა. ინგლისელთათვის საკულტო ციხესიმაგრეში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა - აღსანიშნავია, რომ "თვიქენჰემზე" "ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიასთან გამართულ მატჩში დაშვებული არაერთი შეცდომა საგრძნობლად გამოასწორეს და გაცილებით უფრო მაღალი დონის თამაში აჩვენეს. 40 ქულიანი სხვაობით მარცხისა და კვლავ დაშვებული შეცდომების პარალელურად - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პერფორმანსი დადებითად შეფასდა. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო კომპონენტი, რომლითაც ქართული რაგბი საკმაოდ კარგადაა ცნობილი. "ბორჯღალოსანთა" შერკინების სიძლიერეზე ედი ჯონსს არაერთხელ უსაუბრია - მატჩის შემდეგ, ინგლისელთა თავკაცმა ძლიერ ქართულ შერკინებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ინგლისისა და საქართველოს დაპირისპირებას გავლენიანი სარაგბო პორტალი - planetrugby გამოეხმაურა. საკმაოდ ვრცელ სტატიაში გამოცემამ ქართული შერკინების სიძლიერეს გაუსვა ხაზი და შერკინების შემკვრელი - ბექა გორგაძე დადებითად შეაფასა. planetrugby-ს სიმპატიები გელა აფრასიძემ და თედო აბჟანდაძემაც დაიმსახურეს.
"შერკინებაში ქართველები შეუპოვრად იდგნენ და თითოეული სანტიმეტრისთვის გმირულად იბრძოდნენ. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერმა "ბორჯღალოსნებმა" მათი დაცვით უნდა იამაყონ. ქართველი მორაგბეების ფიზიკური სიმყარე სრული 80 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა. ინგლისთან დაპირისპირების შემდეგ, საქართველო მნიშვნელოვნად გაიზრდება. "ბორჯღალოსნები" მოედნის ყველა მონაკვეთში გაიტესტნენ და მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: "თვიქენჰემზე" გამართულ სადებიუტო შეხვედრაში, საქართველომ თავი საამაყოდ წარმოაჩინა", - აღნიშნულია planetrugby-ს სტატიაში.
კიდევ ერთი ცნობილი სარაგბო პორტალი - rugby.co.uk კოკი თხილაიშვილისა და ბექა გიგაშვილის პერფორმანსით მოიხიბლა. გამოცემამ ორივე მათგანის თამაში 7-7 ქულით შეაფასა და ქართველ მორაგბეებს შორის, ყველაზე მაღალი ქულა დაუწერა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მისამართით საქებარი სიტყვები ედი ჯონსმაც არ დაიშურა. ჯონსმა ძლიერ ქართულ შერკინებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ინგლისელთა ერთ-ერთ მთავარ მიზანს შერკინების არ დათმობა წარმოადგენდა.

სხვა სტატიები