Belive

ლეგიონერები | ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მეექვსე ტური

2 წლის წინ რაგბი
4 წთ
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში გასულ კვირაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად მიიღეს მონაწილეობა.
ტოპ 14
ტოპ 14-ის მეექვსე ტურში "ლიონი" "ბიარიცს" ეწვია და ბონუსით, 40:5 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა საღინაძე. ის მე-66 წუთზე შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. მასპინძელთა ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და 51-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში გიორგი ნუცუბიძე ჩაერთო. მან 76-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ. "ბორდო" "მონპელიესთან" მეორე ტაიმის დასაწყისში 21 ქულით დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 27:23 მოიგო. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა ლექსო ყაულაშვილი. სტუმართა მარქაფაში იყო და მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა მიხეილ ნარიაშვილი. "რასინგ 92"-მა პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, "პერპინიანს" 17:14 მოუგო. პარიზელთა ძირითადში იყო და 47 წუთი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა, გია ხარაიშვილი კი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა. "კასტრი" მიიღო და 29:10 დაამარცხა "ლა როშელმა", რომლის შემადგენლობაში 61-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. "ტულონი" "ბრივს" 58-ე წუთამდე 13 ქულით ამარცხებდა, მაგრამ მერე სამი ჯარიმა გაუშვა და მეტოქეს ნუგეშ-ქულა გაატანა – 13:9. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა ბექა გიგაშვილმა. სტუმართა ძირითადში იყვნენ ოთარ გიორგაძე (52-ე წუთზე შეცვალეს) და ლუკა ჯაფარიძე (შესვენებისას შეცვალეს), ხოლო ვანო კარკაძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. ტურის დასკვნით მატჩში "სტად ფრანსემ" პარიზში "კლერმონი" 22:14 დაამარცხა. მასპინძლებმა თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყეს – ვასილ კაკოვინმა 57, ხოლო გიორგი მელიქიძემ 64 წუთი ითამაშა.
პრო დე2
საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის მეექვსე ტურის პირველ მატჩში, "გრენობლმა" "რუანს" სტუმრად 21:16 სძლია. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლბაში იყო ლუკა გოგინავა. ის 53-ე წუთზე შეცვალეს და ამ დროს მოედანზე ილია კაიკაციშვილი გამოჩნდა. მასპინძელთა შორის პირველიდან 45-ე წუთამდე ითამაშა კახა ასიეშვილმა. "მონ-დე-მარსანი" "ოიონას" ეწვია და 19:36 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა ლაშა მაჭარაშვილი და 62-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო. "მონ-დე-მარსანისთვის" ეს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხია, თუმცა 23 ქულით კვლავ პირველ ადგილზე რჩება. ექვსი ტურის შემდეგ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი "ბაიონია". გასულ ტურში მან "ბეზიე" მიიღო და მეხუთე გამარჯვება (ერთი ფრე) მოიპოვა – 20:16. მასპინძელთა გამარჯვებაში 40-წუთიანი წვლილი მიუძღვის კოტე მიქაუტაძეს. ის ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს. სტუმართა ძირითადში იყო გიორგი ახალაძე და 66-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ჟორჟ სალდაძე გამოჩნდა. "ორიაკმა" "ბურგ-ან-ბრესს" 26:12 მოუგო. მასპინძელთა ძირითადში ოთხი ჩვენებური იყო. კვაჭი ლუკა ნიორაძე შესვენებისას შეცვალეს, მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე 45-ეზე, ფულბეკი გიორგი გოგოლაძე 51-ეზე, ხოლო ბურჯი გიორგი ქართველიშვილი 58-ეზე. გოგოლაძე თამაშში მე-60 წუთზე დაბრუნდა, გიორგი ჯავახიამ კი შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა. სტუმართა ძირითადში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს ვაჟა კაპანაძე. "ნევერს" 25:19 მოუგო და ლიდერთა შორისაა მირიან ბურდულის "მონტობანი". ქართველი ბურჯი მარქაფაში იყო და თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. ფოტო: LOU rugby წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები