Belive

ყველაზე გამორჩეული მომენტები ზაფხულის ოლიმპიადის ისტორიიდან

2 წლის წინ სხვა
8 წთ
ისტორიის განმავლობაში, ზაფხულის ოლიმპიურმა თამაშებმა არაერთი დაუვიწყარი მომენტი დაგვამახსოვრა თავი: ჩვენ როგორც რეკორდების, ასევე ფენომენალური სპორტული პერფორმანსების გახსენება შეგვიძლია. თვალი გადავავლოთ დაუვიწყარ მომენტებს, რომლებმაც ოლიმპიადის ისტორია შექმნეს.

მაიკლ ფელპსზე მეტი მედალი არცერთ სპორტსმენს არ აქვს. მეტსაც გეტყვით, მისი რეკორდის მოხსნასთან ახლოს არცერთი სპორტსმენი არაა. ამერიკელმა მონაწილეობა 4 ოლიმპიადაზე მიიღო და 28 მედალი მოიგო (მათ შორის 23 ოქროა). აღნიშნულ ფოტოზე, სამხრეთ აფრიკელი მოცურავე, ჩად ლი გროსი, მის მთავარ კონკურენტს უყურებს და უკვე დარწმუნებულია, რომ 200-მეტრიან დისტანციაზე, ბატერფლაიში, პირველი ადგილი დაკარგული აქვს.
 
რუმინელი ნადია კომანეჩი გახდა პირველი ტანმოვარჯიშე ოლიმპიადის ისტორიაში, რომელმაც გამოსვლაში 10.0 დაიმსახურა - ეს კი მან 1976 წლის ოლიმპიადაზე 7-ჯერ გააკეთა. ერთ დროს მიჩნევდნენ, რომ 10.0-ის გამომუშავება ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

ფოტო 1968 წლის მექსიკის ოლიმპიადაზეა გადაღებული. ამერიკელმა სპორტსმენებმა, ტომი სმითმა (ცენტრში) და ჯონ კარლოსმა, ჰიმნის მოსმენისას, თავი დახარეს და ხელები მაღლა აწიეს - მათმა ჟესტმა მსოფლიო მედიის პირველი ფურცლები დაიკავა და სამოქალაქო უფლებების ბრძოლაში ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მიჩნეულია, რომ მათი დემონსტაციული ქცევა ოლიმპიადის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იყო. პოდიუმის დატოვებისას, გულშემატკივარის ნაწილმა სტვენა დაიწყო. სმითის განცხადებით, "გამარჯვებისას, ამერიკელს მიწოდებენ და არა შავკანიან ამერიკელს, თუმცა თუკი რაიმეს დავაშავებ, ეს ჩემს კანის ფერს უკავშირდება. დიახ, თითოეული ფერადკანიანი კარგად გაიგებს, თუ რა მოხდა დღეს".

ამ ნახტომით, ამერიკელმა სიმაღლეზე მხტომელმა დიკ ფოსბერიმ 1968 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ამასთან ერთად, მან მან დაახლოებით იგივე გააკეთა, რაც 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე ანტონი პანენკამ: დიკ ფოსბერიმ ახალი სტილით ნახტომს დაუდო სათავე - სტილს, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულად მიიჩნევა.

ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ, კერი სტრაგმა 1996 წლის ოლიმპიადაზე ნამდვილი გმირობა ჩაიდინა: პირველ გარბენზე, მან კოჭი დაიზინა, თუმცა ოქროს მედლის მოსაპოვებლად, მას ურთულესი მოძრაობა კიდევ ერთხელ უნდა შეესრულებინა. კერიმ დავალება უყოყმანოდ, იდეალურად შეასრულა და დაშვებისას, ტრავმა კიდევ უფრო მეტად გაირთულა - ამის მიუხედავად, იგი ბედნიერი იყო იმით, რომ ოქროს მედალის მფლობელი გახდა. მის შეუპოვარ და დასაფასებელ საქციელს აშშ-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მედია მხოლოდ მასზე ლაპარაკობდა, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, კერი სტრაგი ბილ კლინტონს თეთრ სახლში ეწვია.

ამერიკელმა ჯეიმს (ჯესი) ოუენსმა 1936 წლის ოლიმპიადაზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადა ბერლინში, ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური გერმანიის მმართველობის პერიოდში გაიმართა. ჰიტლერს ძალიან სურდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე თეთრკანიანი რასის უპირატესობები გამოჩენილიყო და მედლები მხოლოდ თეთრკანიანებს დარჩენოდათ, თუმცა ოუენსის დამსახურებით, მისი გეგმა წყალში ჩაიყარა. როგორც ცნობილია, ჰიტლერი გაცეცხლებული იყო, ოუენსმა კი ამერიკის ისტორიაში სამუდამოდ დაიკავა ადგილი.

ყველა მიხვდება, ვინ არის ფოტოზე გამოსახული. სულ ცოტაც და ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი მორიგ ულამაზეს ჩატენვას შემოგვთავაზებს. პირველად ისტორიაში, 1992 წლის ოლიმპიადაზე, აშშ-ის ნაკრებში NBA-ის ვარსკვლავებმაც ითამაშებს. ბევრი მიიჩნევს, რომ ჯორდანით, ლარი ბერდით, მეჯიქ ჯონსონითა და სხვა გამორჩეული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ისტორიაში უძლიერესი იყო.

ლარისა ლატინინა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო წარმომადგენელი იყო. 1964 წლის ოლიმპიადაზე, მან 6 მედალი მოიგო და ჯამში თავს 18 მედალს მოუყარა (აქედან 9 ოქროს მედალია). ლატინინამ 3 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და მედლების რაოდენობით, მხოლოდ მაიკლ ფელპსს ჩამორჩება.

სანამ ცურვის მოყვარულები მაიკლ ფელპსის სახელს გაიგებდნენ, მანამდე სპორტის ამ სახეობაში მარკ შპიცის სახელი ქუხდა. ფოტოზე შპიცი 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე მოგებულ მე-7 მედალს ზეიმობს. მხოლოდ მაიკლ ფელპსმა შეძლო ერთ ტურნირზე შპიცზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება (2008 წელი, 8 მედალი).

ამერიკელმა მორბენალმა, "ფლოუ-ჯოს" სახელით ცნობილმა ფლორენს გრიფით ჯოინერმა, 100 და 200-მეტრიან გარბენებზე ოქროს მედალი მოიპოვა. მეტსაც გეტყვით: მან 200-მეტრიან გარბენზე დღემდე დაუმხობელი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (21.23 წამი). ოლიმპიადის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, "ფლოუ-ჯომ" მსოფლიო რეკორდი 100-მეტრიან დისტანციაზეც დაამყარა (10.49 წამი).

როგორ შეიძლებოდა, რომ ამ სიაში "მუჰამედ ალის" სახელით ცნობილი კასიუს კლეი არ ყოფილიყო? მან 1960 წლის ოლიმპიადაზე, მსუბუქ წონაში, ოქროს მედალი მოიგო. ისტორია საინტერესოდ განვითარდა: სახლში დაბრუნებისას, მას რესტორანში კანის ფერის გამო არ მოემსახურნენ. გაცეცხლებულმა მუჰამედ ალიმ ოქროს მედალი მოიხსნა და მდინარეში მოისროლა. აშშ-ში იმასაც ამბობენ, რომ ეს ისტორია სიცრუეა და რომ ალიმ ოქროს მედალი, უბრალოდ, დაკარგა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია ის, რომ მუჰამედ ალის ახალი ოქროს მედალი დაუმზადდა და 1996 წლის ატლანტას ოლიმპიადაზე ჩირაღდნის ანთების პატივიც ერგო. მისივე თქმით, ეს მის სპორტულ კარიერაში უდიდესი მიღწევა იყო.

1972 წლის ოლიმპიადაზე, მეორეადგილოსნებისთვის განკუთვნილი პოდიუმი ცარიელი იყო: აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების წევრებმა მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ასე გააპროტესტეს. ყველაფერი ასე წაარიმართა: ალექსანდრე ბელოვის საბედისწერო შეცდომის შედეგად, რომელსაც მხედველობის პრობლემები ჰქონდა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა, ზურაბ საკანდელიძე იძულებული გახდა ჯარიმა აეღო და მეტოქისთვის 2 ტყორცნის უფლება მიეცა. ამ დროისთვის საბჭოთა კავშირი 49:48-ს იგებდა. მეტოქემ ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და ამერიკამ მთელი თამაშის განმავლობაში ანგარიში პირველად გაათანაბრა და წინ გასვლაც შეძლო. საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტაიმაუტი მოითხოვა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ დაინახა, გუნდს თამაში გააგრძელებინა, სამ წამში საბჭოელთა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და აშშ-ის ეროვნული გუნდი ზეიმს შეუდგა. მაგრამ არა, ხანგრძლივი კამათის შემდეგ, დადგინდა, რომ საბჭოელთა მოთხოვნა წუთშესვენების შესახებ ლეგიტიმური იყო და გუნდებმა 3 წამი თავიდან გაითამაშეს, თუმცა ამჯერად, ტექნიკური ხარვეზის გამო, ტაბლოზე მხოლოდ 1 წამი აენთო და ამერიკელებს მეორე ზეიმიც ჩაშხამდათ. საბოლოოდ, საბჭოთა კავშირმა 3 წამის გათამაშების უფლება მესამედ და უკანასკნელად მიიღო: თამაშში ბურთი ივან ედეშკომ შეიყვანა და პირდაპირ მეტოქის პერიმეტრისკენ გაგზავნა, სადაც ზუსტად ჩასაფრებული თანაგუნდელი ელოდა, რომელმაც ბურთი მეტოქის კალათში ზუსტად მოათავსა და საბჭოთა კავშირი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავემ, რულონ გარდნერმა, 2000 წელს ისტორია დაწერა: ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, გარდნერმა რუსეთის წარმომადგენელი, დაამარცხა ალექსანდრ კარელინი (ოქროს მედალოსანი 1988, 1992 და 1996 წლებში) - მოჭიდავე, რომელსაც 13 წლის განმავლობაში ერთი წაგებაც კი არ უფიქსირდებოდა.

ეთიოპელი აბებე ბიკილა იყო პირველი ფერადკანიანი, წარმოშობით აფრიკელი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიგო (1960). ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ეს ყველაფერი კი მან შიშველი ფეხებით შეძლო.

სხვა სტატიები