Belive

რა ავტომობილს მართავენ ფორმულა 1-ის მრბოლელები?

2 წლის წინ სხვა
5 წთ

რომელ ავტომობილებზე აკეთებენ არჩევანს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ბოლიდების პილოტები? პასუხს ამ სტატიაში გაიგებთ.

ფორმულა 1-ის პილოტების სამსახურებრივი საქმიანობა ასეთია: სარბოლო გზაზე, ისინი 300 კმ/სთ-ით გადაადგილდებიან და ცდილობენ, რომ სხვა 19 მრბოლელს გადაასწრონ. როდესაც შენი ყოველდღიურობა ასეთია, ალბათ რთულია ისეთი ავტომობილი შეარჩიო, რომელიც შენს მოთხოვნილებებს ქალაქში გადაადგილებისას დააკმაყოფილებს.

ლუის ჰამილტონი - Pagani Zonda 760 LH


ფორმულა 1-ის 7-გზის გამარჯვებული "სუპერქარს",  760-ცხენისძალიან Pagani Zonda-ს მართავს. ცნობილია, რომ ჰამილტონის ავტომობილს 12-ცილინდრიანი ძრავი აქვს და 375 კმ/სთ-ს ანვითარებს.

სებასტიან ფეტელი - Ferrari F40


ავტომობილი, რომელიც კომპიუტერული სიმულატორების მოყვარულებს Need for Speed-ის ძველი ვერსიებიდან კარგად ახსოვთ. 1987-1992 წლებში, იტალიურმა ავტომწარმოებელმა 1,315 ცალი F40 გამოუშვა: ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი Ferrari-ის ისტორიაში. სებასტიან ფეტელმა წითელი Ferrari 27 წლის ასაკში შეიძინა. საინტერესო ფაქტია, რომ მისი ყოფილი მფლობელი ლუჩიანო პავაროტი იყო - ფეტელმა კი Ferrari მისი გარდაცვალების შემდეგ შეიძინა. ავტომობილს 8-ცილინდრიანი, 2.9 ლიტრის მოცულობის "ტვინ-ტურბო" ძრავი აქვს, რომელიც 478 ცხენისძალით არის აღჭურვილი.

შარლ ლეკლერი - Alfa Romeo Stelvio QV


ცნობილია, რომ შარლ ლეკლერს რამდენიმე ავტომობილი ჰყავს. მათ შორისაა რამდენიმე Ferrari, Maserati და ასევე, Alfa Romeo-ს ჯიპი, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებს. არ იფიქროთ, რომ ეს ავტომობილი სწრაფი არაა: 6-ცილინდრიანი ძრავი, 2.9 ლიტრიანი "ტვინ-ტურბო" ძრავით ლეკლერს სისწრაფის შეგრძნება Alfa Romeo-თიც შეუძლია.

ვალტერი ბოტასი - Mercedes Benz C63 AMG


ვალერი ბოტასის ცხოვრება "მერსედესთან არის გადაჯაჭვული. სანამ F1-ში, "მერსედესის" გუნდის წევრი გახდებოდა, მის ავტოფარეხში Mercedes C63 AMG იდგა. ავტომობილს 8-ცილინდრიანი, 6.2 მოცულობის, 450 ცხენისძალით აღჭურვილი ძრავი აქვს. ამასთან ერთად, მის ავტოფარეხში Mercedes GLE 350D-სა და ML350 4 Matic-საც იპოვით - ცნობილია, რომ ყოველდღიური გადაადგილებისთვის, F1-ის მრბოლელი უფრო ხშირად სწორედ ამ ავტომობილებს იყენებს.

კარლოს საინსი - McLaren 720s


კარლოს საინსის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია შედარებით ნაკლებად მოიპოვება, თუმცა დადასტურებულია, რომ ესპანელი McLaren 720s-ს მართავს (ავტომოლი მან კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით მიიღო). 720 ავტომობილის ცხენისძალების აღმნიშვნელია და ალბათ უკვე შეგექმნათ წარმოდგენა, თუ რა სისწრაფის განვითარება შეუძლია: 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განსავითარებისთვის, მის McLaren-ს სულ რაღაც 2.9 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 360 კმ/სთ-ს შეადგენს.

დანიელ რიკიარდო - Porsche 918

რიკიარდო ქარიზმატული ადამიანია -  არამარტო სპორტული მიღწევების გამო, მისი უშუალობისა და ღიმილის გამო, იტალიელ-ავსტრალიელ მრბოლელს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. რიკიარდოს ავტოფარეხს რამდენიმე ქვეყანაში შეხვდებით, ავტომობილების რაოდენობა კი საკმაოდ დიდია, თუმცა გამორჩეული, უდავოდ, Porsche 918 Spyder-ია. ამ "სუპერქარში" ჰიბრიდული, 900-ცხენისძალიანი ძრავია მოთავსებული, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს, 100 კმ/სთ სულ რაღაც 2.6 წამში განავითაროს. ცნობილია, რომ ავტომობილის ფასი დაახლოებით 850,000$-ია.

ლანდო ნორისი - McLaren 570s


კარლოს საინსის მსგავსად, McLaren-ით ლანდო ნორისიც დასაჩუქრდა. ახალგაზრდა მრბოლელმა McLaren 570s აირჩია, რომელიც 720s-ის მსგავსად, ტყვიის სიჩქარით არ დადის, თუმცა ვერაფერს დავუწუნებთ: 3.8 ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი, 570-ცხენისძალიანი McLaren-ი ყველასთვის სასურველი ავტომობილია.


კიმი რაიკონენი - Fiat 500


2007 წელს, ფინელი მრბოლელი F1-ის გამარჯვებული გახდა, Scuderia-მ კი მას საჩუქრად უახლესი Fiat 500 Multijet-ი გადასცა. 95-ცხენისძალიანი ავტომობილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 180 კმ/სთ-ს შეადგენს, F1-ის მრბოლელისთვის თითქოს არაფერს ნიშნავს, თუმცა როდესაც საჭესთან რაიკონენი ზის, Fiat-იც "სუპერქარად" იქცევა.

ნიკო როსბერგი - Mercedes Benz 300SL


2016 წლის ჩემპიონი არამარტო ძალიან მაგარი მრბოლელი, არამედ ავტომობილების დიდი მოყვარულიცაა. მის ავტოფარეხში არაერთ ექსტრაორდინალურ ავტომობილს შეხვდებით, მაგრამ მთავარი მშვენება 1955 წლის Mercedes 300 SSL Gullwing-ია. ნიკო როსბერგის თქმით, მისი ავტომობილი სრულად განახლებულია და ზუსტად იმავე კონდიციაში იმყოფება, როგორც გამოშვების დღეს.

მაქს ვერსტაპენი - Porsche GT3 RS


მაქს ვერსტაპენი F1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელია: სულ რაღაც 17 წლისა და 166 დღის ასაკში, იგი ყველაზე ავტორბოლის პრესტიჟულ, ძვირადღირებულ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში იღებდა მონაწილეობას. 18 წლის ასაკში, იგი მოკრძალებულ Renault Klio-ს მართავდა - ეს იყო მისი პირველი პირადი ავტომობილი, რომლითაც იგი ქალაქში გადაადგილდებოდა. მოგვიანებით კი, 300,000$-ად, მან Porsche GT3 RS აირჩია. ვერაფერს ვიტყვით, ბრწყინვალე არჩევანია.

სხვა სტატიები