Belive

მათემატიკოსობიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე - მოყვარული ველოსიპედისტი, რომლის ოცნებაც რეალობად იქცა

2 წლის წინ სხვა
4 წთ
ახლა ჩვენ უჩვეულო ისტორიის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც უფრო მეტად ჰოლივუდის 1980 ან 90-იანი წლების კინოსურათს მოგაგონებთ, ან სულაც რობერტ ზემეკისის საკულტო ნამუშევართან და ტომ ჰენქსის შექმნილ სახესთან "ფორესტ გამპიდან" გაგიჩენთ ასოციაციას, თუმცა უნდა დაიჯეროთ, რომ ეს რეალური ამბავია, თანაც ის ჩვენს თვალწინ, 2021 წელს მოხდა და ამის მომსწრე სპორტის მილიონობით გულშემატკივარი გახდა. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანის ისტორია 2014 წელს იწყება, როცა მან ველორბოლაში საწყისი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, თუმცა ტრავმებმა მას პროფესიონალურ დონეზე წინსვლაში ხელი შეუშალა და საბოლოოდ 2017 წელს, საქმე იქამდე მივიდა, რომ კონტრაქტის გარეშე დარჩენილმა ავსტრიელმა ანა კიზინჰოფერმა სპორტის დატოვება გადაწყვიტა...
Anna Kiesenhofer's Olympic gold medal-winning Scott Addict | road.cc
არადა, იქამდე იყო არაერთი მცდელობა, მათ შორის 2016 წელს ჟირონას მახლობლად, კატალონიის სამოყვარულო გუნდში გამოსვლა და ესპანეთის ეროვნული თასის მოგება, თუმცა ეს იმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ პროფესიონალურ გუნდებს მისთვის კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოეთქვათ. იმავე წელს, კიზენჰოფერმა ესპანეთის ქალ ველომრბოლელთა მთავარ ტურნირშიც სცადა ბედი, მაგრამ მესამე წრეში მომხდარმა საბედისწერო ავარიამ ავსტრიელი სპორტსმენის გეგმები თავდაყირა დააყენა. შემოსავლის არ ქონამ, ტრავმებმა, ბევრმა იმედგაცრუებამ და ყოფითმა პრობლემებმა ანა კიზენჰოფერს საყვარელ საქმეზე ერთი წლით უარი ათქმევინა, თუმცა როცა რამე გულით გიყვარს, შეუძლებელია, მის გარეშე იცხოვრო. აქ არტისტების გაცვეთილი, მაგრამ გენიალური ფრაზაც გამოგვადგება, სცენის მტვერის ჩაყლაპვასთან დაკავშირებით. დიახ, ანა სპორტში დაბრუნდა, მაგრამ 2018 წელს გადადგმული ნაბიჯი არცისე მარტივი გამოდგა, მას მხოლოდ სამოყვარულო დონეზე გამოსვლა, თანაც დამოუკიდებლად მოუხდა, თუმცა ავსტრიის ეროვნული რბოლის მოგებაც კი შეძლო, ამას მსოფლიოს ჩემპიონატზე დაკავებული მე-20 ადგილი და არაერთ ტურნირში წარმატება მოჰყვა, თუმცა 2021 წლამდეც კი, მას პროფესიონალური კონტრაქტი არავინ შესთავაზა.
Anna Kiesenhofer the anti-authoritarian 'mastermind' of her own Olympic glory | Cyclingnews
ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ ახერხებდა ახალგაზრდა გოგონა შემოსავლის მოძიებასა და საკუთარ სპორტულ წარმატებაზე ზრუნვას. ანა კიზენჰოფერი პროფესიით მათემატიკოსი გახლავთ, მას ვენის უნივერსიტეტში მათემატიკის დოქტორის წოდება აქვს და განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტშიც აქვს მიღებული. ამავე დროს, ანამ კატალონიის უნივერსიტეტში დოქტურანტურის სრული კურსი გაიარა 2016 წელს და ამჟამად ლოზანის უნივერსიტეტში როგორც სამეცნიერო-კვლევით, ისე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. განათლების წყურვილი, სპორტული წარმატების ჟინი და შრომის სიყვარული ანას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიით დაუფასდა, სადაც ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუკი ვიტყვით, რომ ავსტრიელი სპორტსმენი კვლავაც პროფესიონალური გუნდის გარეშე მივიდა. გადამწყვეტი და ანასთვის კარიერის მთავარი რბოლა 25 ივლისს, ტოკიოს დროით 13:00 საათზე დაიწყო. 30 წლის ავსტრიელმა ტრასაზე უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, ფავორიტებად აღიარებული სამხრეთ აფრიკელი, პოლონელი, ნამიბიელი და ისრაელელი სპორტსმენები ჩამოიტოვა და თავისი ცხოვრების ყველაზე მთავარი 40 კილომეტრის დასალაშქრად გაეშურა. სტარტზე მოპოვებული 11-წუთიანი უპირატესობა, საბოლოოდ ორ წუთამდე შემცირდა, თუმცა ეს ფინიშამდე პირველი მისასვლელად და კარიერის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
Tokyo Olympics: Anna Kiesenhofer wins shock road race gold with GB's Lizzie Deignan 11th
აღსანიშნავია, რომ ანა კიზიჰოფერის მიერ მოპოვებული ოქრო მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ავსტრიის 60-კაციანი დელეგაციისთვის, რომელიც მონაწილეობას სპორტის 17 სხვადასხვა სახეობაში იღებს, ერთადერთი მედადლია. ალბათ, ამ ემოციური ისტორიის შემდეგ, დასკვნის სახით ბანალური სიტყვების, პოპულარული ფრაზების ან ალეგორიების მოყვანა ზედმეტი იქნება. ის რისი, თქმაც გულწრფელად შეგვიძლია, არის ის, რომ საკუთარი მიზნის ერთგულებას, შრომის სიყვარულს და ნებისყოფას ნებისმიერი აისბერგის დამსხვრევა და ყველა აზვირთებული ოკეანის გადალახვა შეუძლია. იმედი გვაქვს, მსგავსი ისტორიები ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვის უშრეტი მოტივაციის წყარო გახდება.
Kiesenhofer takes shock road race gold after Van Vleuten gaffe - AjmerLife

სხვა სტატიები