თანდათანობით, ტოკიოს ოლიმპიადა ხურდება – სასტარტო დღეებში, არაერთი შთამბეჭდავი ასპარეზობა და საკამათო მომენტი ვიხილეთ.
ისიც აშკარაა, რომ პანდემიამ თავისი კვალი სპორტს დაამჩნია – დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, სპორტი მაყურებლის გარეშე ძალიან სამწუხარო სანახავია. აქ კარგი შედარების მოყვანაც შეიძლება, თუმცა ჯობს, კორექტულობის ფარლებს არ გავცდეთ.
ცნობილია, რომ ტოკიოს ოლიმპიადისთვის განკუთვნილი 42 სპორტული არენადან, გულშემატკივარისთვის კარები მხოლოდ მხოლოდ 5-გან გაიღება. COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხის გამო, რამდენიმეწლიანი მომზადების შემდეგ, ოლიმპიადას ასპარეზობის გარეშე რამდენიმე სპორტსმენი უკვე გამოემშვიდობა.
COVID-19 ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ და რამდენიმე კარგ ფოტოს გადავავლოთ თვალი.

ამერიკელი მოცურავეები თავისუფალი სტილით ცურვაში (4×100) გამარჯვებას ზეიმობენ.

13 წლის იაპონელი სკეიტბორდერი, მომიჯი ნიშია: ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო. ამ მხრივ, ყველა დროის რეკორდი მარჯორი გესტრინგს აქვს დამყარებული, ნიშია კი მასზე სულ რამდენიმე თვით უფროსია: გესტრინგი ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადაზე, 13 წლისა და 267 დღის ასაკში, ოქროს მედალოსანი გახდა.

მოხალისეები ცარიელ ტრიბუნებზე

ვერაფერს ვიტყვით, საოცარი ფოტოა. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობას ნაადრევად გამოემშვიდობა და ფოტოზე ოქროს მედლით ხელში ვერ ვხედავთ, მაგრამ რა გაეწყობა: გულშემატკივარის გული მას არაერთხელ გაუხარებია, ყოველი დაღმასვლა კი მომავალი წარმატების წინაპირობაა.

მტკივნეული ფოტო: ნორვეგიელ რიჩარდ ანდრე ორდერმანს, ტაეკვანდოში ასპარეზობისას, ცხვირში იორდანიელი სალეჰ ელშაბარათის ფეხი მოხვდა

ნიგერიელი ტანმოვარჯიშე, უჩე ეკე.

სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში. რატომ იბრძვის აქ ბრინჯოსთვის და არა ოქროსთვის, ეს ცალკე განსახილველი საკითხია. ქართველი სპორტსმენის განცხადებით, არაკომპეტენტური მსაჯების გადაწყვეტილებას იგი აუცილებლად გაასაჩივრებს

შეიძლება ყბაში ასეთი დარტყმა მიიღო, თუმცა ყველაფერი მაინც შენს სასიკეთოდ დასრულდეს: ამერიკელმა ბოქსიორმა, დელანტე ჯონსონმა, არგენტინელ ბრაიან აუგისტინს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო.

რუსი ჩოგბურთელი, დანილ მედვედევი, თავს იგრილებს: “ასეთი ჯოჯოხეთური სიცხე არასოდეს მიგრძვნია”, – განაცხადა მან ყაზახი ალექსანდერ ბუბლიკის დამარცხების შემდეგ.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ტონგელ მედროშეს, პიტა ტაუფატოფუას, მაისურის გარეშე უკვე მესამედ ვხედავთ (2016, 2018, 2020/21).

რა აკლია ამ ფოტოს? გულშემატკივარი. იმედი ვიქონიოთ, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და ძველ ცხოვრებას მალე მივუბრუნდებით.