Belive

FIDE-მ პუტინის რჩეული მოჭადრაკე დისკვალიფიკაციით დასაჯა

2 წლის წინ სხვა
2 წთ
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) ვლადიმიტ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და ფავორიტი მოჭადრაკე - სერგეი კარიაკინი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სერგეი კარიაკინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ბარბაროსული ქმედებები არათუ არ დაგმო, არამედ გაამართლა და პუტინს მხარდაჭერა აღუთქვა. უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რუსი მოჭადრაკე სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებდა და რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდა. აღსანიშნავია, რომ კარიაკინი სიმფეროპოლშია (ყირიმი) დაბადებული და 2009 წლამდე უკრაინის სახელით ასპარეზობდა. სერგეი კარიაკინი 12 წლისა და 211 დღის ასაკში დიდოსტატი გახდა და ამის წყალობით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. 2016 წელს მოჭადრაკემ პრეტენდენტთა ტურნირი მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონობისთვის თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა, სახელოვან მაგნუს კარლსენთან დამარცხდა. 2009 წელს, კარიაკინმა უკრაინის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა - გასაკვირი არაა, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და რუსეთის სახელისუფლებო ელიტის ყურადღება მიიპყრო. 2012 წელს, კარიაკინმა კონტრაკტი კომპანია "ალპარისთან" გააფორმა, რომელიც მას დახმარებას უწევდა დევიზით "დავაბრუნოთ საჭადრაკო გვირგვინი რუსეთში“. 2013 წელს, მოჭადრაკემ რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი დაამთავრა სპეციალობით "სოციალური პედაგოგიკა". 2017 წლის მარტში, პუტინის შეთავაზებით კარიაკინი რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი გახდა - რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კარიაკინი ვლადიმერ პუტინის მინდობილი პირის სტატუსით სარგებლობდა.
111
სერგეი კარიაკინი საკუთარ თავს რუსად და არა უკრაინელად თვლის. 2014 წელს, მოჭადრაკემ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია გაამართლა. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციისათვის (FIDE) კარიაკინის უკანასკნელი განცხადებები და რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის გამართლება, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და უდანაშაულო ბავშვების სიცოცხლე ეწირება, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ პუტინის რჩეული მოჭადრაკე დისკვალიფიკაციით დაესაჯა.

სხვა სტატიები