Belive

28 ივლისის განრიგი - ვინ გამოვლენ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით (პრევიუ)

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
28 ივლისს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან 2 სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა ბექაური (ძიუდო) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი).

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილასვილი ტოკიოს ოლიმპიადის 1/8 ფინალშია, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი, გერმანელი - ალექსანდრ ზვერევი იქნება. ნიკოლოზს საკმაოდ რთული მეტოქე ჰყავს, თუმცა როგორც წინა მატჩებში ვნახეთ, საქართველოს პირველი ჩოგანი საკმაოდ კარგ ფორმაშია. ბასილაშვილმა ასპარეზობა 1/32 ფინალიდან დაიწყო, სადაც ესპანელი მეტოქე - კარბალეს ბაენა ორ სეტში (6:3; 6:2) დაამარცხა. 1/16 ფინალში კი იტალიელ ჩოგბურთელს, რომელიც ოლიმპიადაზე მეცამეტე ნომრად იყო განთესილი - ლორენცო სონეგოს სამ სეტში აჯობა (6:4; 3:6; 6:4). ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ალექსანდრ ზვერევის მატჩი, 28 ივლისს, თბილისის დროით 09:00 საათზეა ჩანიშნული.

ლაშა ბექაური

ძიუდოში სტარტს -90 კგ წონითი კატეგორია აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას, მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ლაშა ბექაური დაიცავს. ლაშამ მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრზე ხელის ტრავმა მიიღო, ამის შემდეგ ტოკიოს ოლიმპიადა პირველი შეჯიბრი იქნება, სადაც იგი მონაწილეობის მიღებას შეძლებს. 21 წლის ლაშა ბექაური განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, ასევე იგი B ბადეში მიიღებს მონაწილებას, სადაც მისი მეტოქე პოლონელი - პიოტრ კუჩზერა იქნება. პოლონელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი ბექაური, ჩეხ - დავიდ კლამერტსა და ისრაელის წარმომადგენელ - ლი კოჩმანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ექსპერტების აზრით, ლაშა ბექაური B ბადის მთავარი ფავორიტია და ნახევარფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს. თუ ლაშა ბექაური ნახევარფინალამდე გავა, მისი სავარაუდო მეტოქე A ბადის ფავორიტი, წარმოშობით ქართველი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება. ლაშა ბექაური ასპარეზობაში თბილისის დროით დილის 06:00 საათიდან ჩაერთვება.

სხვა სტატიები