Belive

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს | ყველაფერი მატჩის შესახებ

2 წლის წინ სხვა
3 წთ
23 თებერვალს, "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 შეხვედრას გამართავს. წყალბურთელები სერბულ "რადნიჩკის" უმასპინძლებენ. დღევანდელ შეხვედრას წყალბურთელები საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან და პირველი გამარჯვებისთვის ემზადებიან. "დინამო თბილისის" მეტოქე 7 ქულით ბოლოს წინა ადგილს იკავებს და თუკი თბილისური კლუბის უკანასკნელ მატჩს გავიხსენებთ, თამამად შეიძლება იმისი პროგნოზირება, რომ "დინამოს" დღეს გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლია. თუმცა აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ 20 თებერვალს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 3 დღეში 3 მატჩის გამართვის შემდეგ, გუნდმა დასვენება ვერ მოახერხა - მოგეხსენებათ, "დინამო თბილისის" შემადგენლობა საქართველოს ნაკრების მთავარ ბირთვს წარმოადგენს. ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში, კორონავირუსის გამო, გუნდს მრისხანე "ნოვი ბეოგრადთან" 5 მნიშვნელოვანი მოთამაშე, სანდრო ადეიშვილი, საბა ტყეშელაშვილი, გიორგი გვეტაძე, ანატოლი დიხტარენკო და საბა ტყეშელაშვილი  გამოაკლდნენ. იმავე მიზეზით, გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა გუნდის მთავარი მწვრთნელი, დეიან სტანოიევიჩი და მის ფუნქციებს ყოფილი კაპიტანი და ამჟამად მწვრთნელის ასისტენტი, ზუკა რურუა ასრულებდა. ამის მიუხედავად, "დინამოელებმა" არაფერზე დაიხიეს და გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც 6 ოლიმპიური ოქროს მედალოსანია, არაერთი პრობლემა შეუქმნეს. Live.ge ბელგრადში გუნდთან ერთად იმყოფებოდა და "ნოვი ბეოგრადის" ქართველ წყალბურთელთან, ნიკა შუშიაშვილთან ინტერვიც ჩაწერა, რომლის ხილვაც ამ სტატიის ბოლოს შეგიძლიათ. "დინამოელთა" დღევანდელი მეტოქე ახალგაზრდული შემადგენლობით არის დაკომპლექტებული, რომელსაც მხარს ორი გამოცდილი მოთამაშე, მილოშ ჩუკი და იოსიპ ვრლიჩი უმაგრებენ (ორივე მათგანი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია). კლუბი 2016 წელსაა დაარსებული და ამ პერიოდში, რეგიონული ლიგისა და სერბეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

მატჩისწინა კომენტარები

"წინ მორიგი მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრა გველოდება. რადნიჩკი დღეს იმაზე კარგ ფორმაშია, ვიდრე ჩვენი ბოლო შეხვედრისას. ეს არის შესანიშნავი, 5-6 გამორჩეული წყალბურთელით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ჩვენი მიზანია, უკან მოვიტოვოთ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისგან გამოწვეული დაღლილობა და მოტივაციის, აგრესიისა და მონდომების შედეგად, "რადნიჩკის" ხარისხიანი წყალბურთი დავუპირისპიროთ", - განაცხადა დეიან სტანოიევიჩმა.

თამაშთან დაკავშირებით, კომენტარი სერბული გუნდის ხელმძღვანელმაც გააკეთა.
დღევანდელი შეხვედრა "დინამო თბილისისთვის" არის შანსი, რომ გუნდმა პირველი 3 ქულა მოიპოვოს. ჩვენი მეტოქე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიმდინარე სეზონი უქულოდ არ დაასრულოს. მატჩის ფავორიტად ჩვენ ვითვლებით, თუმცა ჩვენი ამოცანაა, გამარჯვებაზე მაქსიმალურად ვიყოთ ფოკუსირებულნი", - განაცხადა უროს სტევანოვიჩმა.

სად ვუყუროთ?

"დინამო თბილისის" გულშემატკივრობა პირველი არხის პირდაპირ ეთერში და Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ. შეხვედრა 19:00-ზე, "ოლიმპიკის" საცურაო კომპლექსზე გაიმართება, ბილეთების შეძენა კი მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.

ასევე იხილეთ: ნიკა შუშიაშვილის ინტერვიუ #გუგასთან

სხვა სტატიები