Belive

ბექა ბურჯანაძემ გრან კანარიას მოაგებინა

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ესპანეთში ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო და პირველივე ტურში თავი ქართველმა კალათბურთელმა გამოიჩინა. “გრან კანარიამ” “ბილბაოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 107:102 რომ დაამარცხა, ბექა ბურჯანაძის დიდი დამსახურებაა. შეხვედრის ძირითადი დრო, ფრედ – 98:98 დასრულდა. "გრან კანარიამ" მეტოქეს ოვერტაიმში 9 ქულა ჩაუგდო, საიდანაც 6 ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. ბექა ბურჯანაძემ საკმაოდ ბევრი – 35:58 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბექამ 3-დან 2-ორქულიანი, 6-დან 3-სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა ოვერტაიმში 2 სამქულიანი მიითვალა, რაც მატჩის მოსაგებად გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა.
“მინდა, რომ გუნდს, ქომაგებსა და მთელ კუნძულს მივულოცო ეს გამარჯვება. სწორად დავიწყეთ ძალიან ძლიერ გუნდთან თამაში. ბილბაო კარგი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქე გუნდმა თავისი რეალური ძალა გვიჩვენა, თამაშში დაბრუნდა და მატჩიც საინტერესო გახდა. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ შეხვედრა ჩვენ მოვიგეთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.
"გრან კანარიას" მომდევნო მეტოქე ლიგა ენდესას მომდევნო ტურში "სან პაბლო ბურგოსი" იქნება, რომელიც პირველ ტურში ბარსელონასთან ითამაშებს. რაც შეეხება ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველს, გიორგი შერმადინი და "ტენერიფე" პირველი ტურის მატჩს 21 სექტემბერს ჩაატარებს, სადაც ისინი “სარაგოსას” უმასპინძლებენ. წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები