Belive

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?! - TOP 20 კანდიდატი

1 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
2021/2022 წლების სეზონიდან მოყოლებული, ოქროს ბურთის ჯილდო, ფეხბურთელებს გადაეცემათ სტანდარტული ევროპული სეზონის მიხედვით და არა კალენდარული წლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ფეხბურთელები ოქროს ბურთს მიიღებენ საკუთარი ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის მიხედვით. ოქროს ბურთის დაჯილდოვება 2022 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. "Goal"-მა, დაასახელა მიმდინარე სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები იქნებიან.

20) რაფაელ ლეაო (მილანი)

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა - რაფაელ ლეაომ, 2021/2022 წლების სერია ა-ს გათამაშებაში, ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მან 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც "მილანის" ჩემპიონობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

19) რიად მაჰრეზი (მანჩესტერ "სიტი") 

2021/2022 წლების სეზონში, ალჟირელმა ფეხბურთელმა - რიად მაჰრეზმა, მანჩესტერ "სიტის" მაისურით, ყველა შეჯიბრზე ერთად 24 გოლი გაიტანა.

18) როდრი (მანჩესტერ "სიტი") 

25 წლის ესპანელი ჩამშლელი - როდრი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად იქცა. იგი პრემიერ ლიგაშიც კი ძალიან დომინირებს. მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის გათამაშებაში მან 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის ძალიან მაგარი შედეგია.

17) სონ ჰიუნ-მინი ("ტოტენჰემი")

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის კარიერაში, 2021/2022 წლების სეზონი გამორჩეული იყო. სონი პრემიერ ლიგის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა (სალაჰთან ერთად). სონმა პრემიერ ლიგის გათამაშებაში 23 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

16) ვირჯილ ვან დაიკი ("ლივერპული")

მიუხედავად მძიმე ტრავმისა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მიმდინარე სეზონში, ნიდერლანდელმა ცენტრალურმა მცველმა 194 საჰაერო დუელი მოიგო და 17-ჯერ დაბლოკა მეტოქის დარტყმული.

15) ტიაგო ალკანტარა ("ლივერპული")

31 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა - ტიაგო ალკანტარამ, მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვა, თუმცა როდესაც იგი მოედანზეა, მისი თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა. ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების გათამაშებაში, მან "პორტოს" წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

14) ლუის დიასი ("ლივერპული")

მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" "პორტოდან" ლუის დიასი, 35 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მერსესაიდულ კლუბში მშვენიერი სეზონი ჩაატარა. დიასმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ვილიარეალის" წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო.

13) კრისტოფერ ნკუნკუ ("ლაიფციგი")

"ლაიფციგის" 24 წლის ფრანგმა შემტევმა - კრისტოფერ ნკუნკუმ, კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე, მან 55 გოლში შეიტანა წვლილი (35 გოლი, 20 შედეგიანი გადაცემა). სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან ფრანგი შემტევი ტოპ გუნდში ითამაშებს.

12) ბერნარდო სილვა (მანჩესტერ 'სიტი")

ბერნარდო სილვამ უდიდესი წვლილი შეიტანა მანჩესტერ "სიტის" პრემიერ ლიგის გამარჯვებაში. მან მიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა. მისი თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა.

11) ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ("ლივერპული")

2021/2022 წლების სეზონში, ყველა შეჯიბრზე ერთად, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა 22 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც მცველისთვის წარმოუდგენელი შედეგია.

10) ფილ ფოდენი (მანჩესტერ "სიტი")

22 წლის ფილ ფოდენი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფლეიმეიკერად ჩამოყალიბდა. მან მიმდინარე სეზონში 33 საგოლე შანსი შექმნა, ასევე გაიტანა 9 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

9) ტიბო კურტუა (მადრიდის "რეალი")

ტიბო კურტუა, მადრიდის "რეალში" გადმოსვლის შემდეგ, საკმაოდ არასტაბილური იყო. მიმდინარე სეზონი კი მისთვის ჯადოსნური გამოდგა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაკეთებული 9 სეივით, ბელგიელმა მეკარემ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

8) კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ "სიტი")

კევინ დე ბრუინემ 2021/2022 წლების სეზონი საკმაოდ არასტაბილურად დაიწყო, თუმცა სეზონი 20 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით დაასრულა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა "სიტის" პრემიერ ლიგის ჩემპიონობაში. პრემიერ ლიგაში დე ბრუინეს ანგარიშზე 15 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. მან ასევე ერთ მატჩში, "ვულვზის" წინააღმდეგ 4 გოლის გატანა შეძლო.

7) ლუკა მოდრიჩი (მადრიდის "რეალი")

ლუკა მოდრიჩი ძალიან მალე 37 წლის გახდება, თუმცა ასაკის მიუხედავად, ხორვატი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და დომინანტი ნახევარმცველია. "რეალის" ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დასრულებაში, 36 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა უდიდესი წვლილი შეიტანა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მოდრიჩმა 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა 4-ვე უმნიშვნელოვანესი.

6) ვინისის ჟუნიორი (მადრიდის "რეალი")

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი - ვინისიუსი, 2021/2022 წლების სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. წლევანდელი სეზონით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ კარიერის დასრულებამდე არ იქნება გამორიცხული, არაერთი ოქროს ბურთი მოიგოს. ვინისიუსმა ლიგაზე 4 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. საბოლოოდ სეზონი კი 22 გოლითა და 20 საგოლე გადაცემით დაასრულა.

5) კილიან მბაპე ("პსჟ")

კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში 79 გოლში მიიღო მონაწილეობა. მან 2021/2022 წლების სეზონში ყველა შეჯიბრზე 49 გოლი გაიტანა და 30 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ასევე მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი. მიმდინარე სეზონის მიხედვით, მას აქვს იმის შანსი, რომ ოქროს ბურთი მოიგოს, თუმცა თუ ეს წელს ვერ მოხდება, მომავალში ის აუცილებლად მოიგებს მინიმუმ ერთ ოქროს ბურთს.

4) რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის "ბაიერნი")

33 წლის პოლონელმა ცენტრფორვარდმა - რობერტ ლევანდოვსკიმ, 2021/2022 წლების სეზონში მორიგი წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა. მან სეზონში 56 გოლი გაიტანა, აქედან 13 ჩემპიონთა ლიგაზე. შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში "ბაიერნს" დატოვებს.

3) მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული")

მოჰამედ სალაჰმა 2021/2022 წლების სეზონში ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა. ეგვიპტელი შემტევი 24 გატანილი გოლით გახდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი, ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა "FA CUP"-ისა და "კარაბაოს" თასის მოგებაში. ასევე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში, 8 გატანილი გოლით მე-4 ადგილზე გავიდა.

2) სადიო მანე ("ლივერპული")

მიმდინარე სეზონი ძალიან წარმატებული ჰქონდა სადიო მანეს. მან "ლივერპულთან" ერთად მოიგო "FA CUP"-ი და "კარაბაოს" თასი. ასევე ეროვნულში ნაკრებში (სენეგალში) მოიგო აფრიკის თასი. პირადად მანემ, მიმდინარე სეზონში გაიტანა 29 გოლი და გააკეთა 5 შედეგიანი გადაცემა.

1) ქარიმ ბენზემა (მადრიდის "რეალი") 

თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქარიმ ბენზემას კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა. მან მეხუთედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული, თუმცა პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი (15 გოლით). ჩემპიონთა ლიგის გარდა, ბენზემამ მოიგო ლა ლიგა. სეზონის განმავლობაში ფრანგმა ფორვარდმა 47 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასაკის ზრდასთან ერთად, ბენზემა გაუმჯობესებას აგრძელებს... საინტერესოა, რომ 20-ეულში ვერ მოხვდნენ: ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი და კრიშტიანუ რონალდუ.

 

სხვა სტატიები