Belive

ტორპედომ ახალ სეზონში პირველად იმარჯვა - დებიუტანტის სადებიუტო მარცხი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ქუთაისის "ტორპედომ" 2019 წლის ნოემბრის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო. ეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც ქუთაისურმა კლუბმა ელიტაში დებიუტანტ თბილისის "მერანს" სტუმრად, 2:0ნ აჯობა. მატჩის წინ იმერულ კლუბს ერთადერთი ქულა ჰქონდა, რომელიც წინა ტურში, შინ, საჩხერის "ჩიხურას" აართვა (2:2), დედაქალაქელებმა კი სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს და ფავორიტებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ შეხვედრაზე, სადაც ქუთათურებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს. ანგარიში 32-ე წუთზე, ივან ბობკომ გახსნა, უკრაინელმა ლეგიონერმა გამოცდილ რევაზ თევდორაძეს აჯობა და თავისი გუნდის შეტევა დააგვირგვინა. მთელი შეხვედრის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური გიორგი ფანცულაია იყო, რომელმაც თავისი გოლი. მე-60 წუთზე გაიტანა - "ჩიხურასთან" დუბლის შემსრულებელმა ფეხბურთელმა კონტრშეტევაზე ზაზა ციცქიშვილის კარგი გადაცემით ისარგებლა. საპასუხოდ, გოლის გატანის მცდელობას მასპინძლებსაც ჰქონდათ, თუმცა მათ აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია და მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა. ახალ სეზონში მოგებული პირველი მატჩით საქართველოს ერთ-ერთმა ტიტულოვანმა კლუბმა თავი 4 ქულას მოუყარა და მასზე ერთი საფეხურით მაღლა, მეშვიდე ადგილზე მყოფ "მერანს" ადგილი გაუცვალა. შემდეგ ტურში, "ტორპედო" ქართულ დერბიში "დინამოს" უმასპინძლებს (12 ივლისი), ხოლო "მერანი" "დილას" ესტუმრება (11 ივლისი). "მერანი": თევდორაძე - კახელიშვილი, ფოფხაძე, თევზაძე, გაფრინდაშვილი - დათუნაიშვილი - მახარობლიძე (გაბისკირია, 46), ვასაძე (ბოლქვაძე, 67), შარიქაძე, დეისაძე - ფიფია (გოგოლაშვილი, 46). (4-1-4-1). მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია. "ტორპედო": ბულისკერია - ტაბატაძე (გრიგალაშვილი, 61), ადამაძე, კასრაძე, ნადარაია - ივანიშვილი (მირცხულავა, 81), ჯანელიძე, ძარია, ბობკო (შარვაშიძე, 67) - ფანცულაია, ციცქიშვილი. (4-4-2). მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე. გოლები: ივან ბობკო 0:1 (32), გიორგი ფანცულაია 0:2 (60). გაფრთხილება: დათუნაიშვილი (40), თევზაძე (82), ძარია (75). ფოტო: ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური

სხვა სტატიები